ექსპერტებსა და ბანკირებს შორის დაპირისპირება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესების ფლობა-მართვა უკვე დაეტყო ბაზარს. კონკურენტული გარემო თანდათან უარესდება და ეს თავისებურად კომერციულ ბანკებს უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ ოთხმა ექსპერტმა – ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არასაფინანსო საქმიანობის აკრძალვის ინიციატივით მიმართეს.
ამაზე საბანკო ასოციაციამ განაცხადა, რომ აღნიშნული აკრძალვა კონკურენციას დააზარალებს და ჯამში, დაზარალებული აღმოჩნდება მომხმარებელი, რადგან მოხმარება ბევრად გადააჭარბებს მიწოდებას და ეს ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
ოთხეულიდან ერთ-ერთი - ლევან კალანდაძე - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ზურაბ გვასალიას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბანკების მიერ არაპროფილური კომპანიების ფლობა და მართვა კონკურენციას კი არ ზრდის, არამედ მაქსიმალურად ზღუდავს.
„ბატონი ზურაბისადმი პატივისცემის მიუხედავად, მის ამ მოსაზრებას ნამდვილად ვერ გავიზიარებ. ბანკების მიერ არაპროფილური კომპანიების ფლობა და მართვა კონკურენციას კი არ ზრდის, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ზღუდავს. როცა ბანკი ბიზნესის რომელიმე სექტორში საკუთარ კომპანიას აფუძნებს, ბუნებრივია, მას უპირატეს პირობებს უქმნის. იგი მაქსიმალურადაა დაინტერესებული, რომ სწორედ მისი კომპანია იყოს წარმატებული ბაზრის ამ სეგმენტზე და არა მისი კომპანიის კონკურენტი კომპანიები.
გარდა ამისა, ბანკი პირდაპირაა დაინტერესებული და მოტივირებული, შეზღუდოს მისი კომპანიის კონკურენტი კომპანიების შეღწევა ბაზარზე. ძალიან მარტივი ლოგიკაა. ამ ყველაფერს ბანკის შვილობილი კომპანიის მონოპოლისტად ჩამოყალიბებისკენ მივყავართ. რისკი ძალიან მაღალია. საბოლოო ჯამში კი, მონოპოლიურ გარემოში ფასები კი არ მცირდება, პირიქით, იზრდება“, – აცხადებს ლევან კალანდაძე.
მისივე თქმით, განვითარებული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, როგორც ამერიკის კონტინენტზე, ასევე ევროპულ სახელმწიფოებში, ბანკების მიერ არასაბანკო და არასაფინანსო საქმიანობა მკაცრად არის შეზღუდული და ლიმიტირებული.
შესაბამისად, ექსპერტთა ოთხეული ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართავენ.
არაპროფილური ბიზნესების ლიდერი და ექსპერტების მთავარი სამიზნე „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი თავგამოდებით იცავს პოზიციებს. ირაკლი გილაური, კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობას, კონკურენციის პირობების შეზღუდვად აფასებს, რაც მომხმარებელს დააზარალებს.
„ეს არის კონკურენციის შეზღუდვა ნებისმიერ სექტორში. ანუ, თუ მოთამაშეს ზღუდავ და რეგულაციებს აწესებ, მაშინ, ეს მომხმარებლებისთვის, საბოლოო ჯამში, იქნება ცუდი, უფრო უარესი პირობებით, ვიდრე ჰქონდა. „მ2“ რომ არ იყოს უძრავ ბაზარზე, უფრო კარგი წინადადებები ექნებოდა ჩვენს მომხმარებელს თუ არა? მე ვფიქრობ, რომ „მ2“-მა შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ უფრო დაბალი ფასები და მაღალი ხარისხი შესთავაზა მომხმარებელს. კომპანია უფრო სწრაფად ასრულებს პროექტის მშენებლობას, ვიდრე საკონტრაქტო პირობებია. ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საშუალო კომპანიას დაესრულებინოს პროექტი იმაზე ადრე, ვიდრე ვალდებულება აიღო. საბოლოო ჯამში, შეიზღუდება კონკურენციის პირობები და სურთ, რომ მოთამაშეებმა სასათბურე პირობები შეიქმნან და არ სურთ კონკურენცია გასწიონ სხვებთან.
ჩვენ საქმიანობა გაყოფილი გვაქვს და ცალკეა უძრავი ქონების ბიზნესი, ცალკეა უნივერსიტეტი და ცალკეა „საქართველოს ბანკი“. ეგრე გამოვა, რომ კარგ კლიენტურას დავკარგავთ, რაც პირიქით ჩვენითვის საზიანოა.
აკრძალვა ბიზნესში შესვლაზე, პირველ რიგში, მომხმარებელს დააზარალებს. არა მგონია, ვინმეს სურდეს, რომ მომხმარებელი დააზარალოს“, - განაცხადა გილაურმა.