"ბიზნესში სამართლიანობის აღდგენა ნელა და შეუმჩნევლად დაიწყო“

ბიზნესმენთა ნაწილისთვის ქონების დაბრუნების პროცესში მნიშვნელოვანი წინსვლაა, ნაწილი კი სამართლიანობის აღდგენას კვლავ უშედეგოდ ელოდება. „ალბატროსისა“ და „სენტას“ ირგვლივ ყველაფერი დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ანალოგიურ შემთხვევებზე.

ეკონომიკის სამინისტრო დავით ბეგიაშვილისთვის ქონების დაბრუნების პროცესი დაიწყო. სამინიტრომ მას ჭავჭავაძის 44–ში მდებარე, კომპანია „ალბატროსის“ შენობა თებერვლის დასაწყისში გადასცა და კომპანიამ 14 თებერვალს ვაკეში საკუთარი მაღაზიაც გახსნა, სადაც 30–მდე ბრენდია წარმოდგენილი.

„შეიძლება ითქვას, რომ დაბრუნების პროცესი დაწყებულია, ეკონომიკის სამინისტრომ შენობა თვის დასაწყისში გადმოგვცა და ჩვენ მომხმარებელს სიახლე შევთავაზეთ“, - აცხადებს ბეგიაშვილი.

ბიზნესმენის ქონებას, კერძოდ კი, ჭავჭავაძის 44-ში მდებარე „ალბატროსს“, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო, მაგრამ ბიზნესმენის რადგანაც მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წლის დეკემბერში შეწყდა, გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა და მის ქონებასაც ყადაღა მოეხსნა.

რიგში კი „სენტა პეტროლიუმია“, რომელიც ძალიან მალე „გალფისგან“ საკმაოდ დიდ ქონებას დაიბრუნებს. საუბარია 45-მდე ავოტოგასამართ სადგურზე, 8 უძრავ ნივთზე, რამდენიმე მიწის ნაკვეთზე. ამ ყველაფერს ახლა ყადაღა ადევს. კომპანიის ადვოკატის დავით ასათიანის განცხადებით, სამართლებრივი ბრძოლა „სენტა ჯგუფმა“ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიწყო და „გალფის“ მფლობელი კომპანიის - „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა.

„ამჟამად „გალფის“ 60-მდე ობიექტი არის სასამართლოს მიერ შეზღუდვის ქვეშ. მფლობელებს აეკრძალათ აღნიშნული ქონების გასხვისება ან რაიმე უფლებრივად დატვირთვა. ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია „გალფთან“ და რაიმე შეხება გააჩნია სადავო ქონებასთან, მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ ყველა გარიგებისგან“, - განაცხადა ასათიანმა.

ადვოკატის თქმით, 2010-2011 წლებში ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა „სენტაზე“ ზეწოლა განახორციელა და 80 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება 22 მილიონ დოლარად „სან პეტროლიუმ ჯორჯიაზე“ გაადააფორმებინა. საბოლოო ჯამში, „სენტას“ მფლობელებს მხოლოდ 6 მილიონი დოლარი დარჩათ, დანარჩენი თანხა კი მიმდინარე ვალდებულების დაფარვას მოხმარდა. „სენტას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის განცხადებით, დარჩენილი თანხიდან 4 მილიონი ციხიდან გამოშვებისთვის გირაოს სახით შეატანინეს და 2 მილიონად კი სამცხე-ჯავახეთში არაფრის მომცემი მიწის ნაკვეთი აყიდინეს.

ასე რომ, 22 მილიონიდან მათ საბოლოოდ არაფერი დაუტოვეს და ყველაფერი ბოლო თეთრამდე უკან მიატანინეს. ამიტომაც პროკურატურაში გამოძიება ბიზნესის შევიწროვების ფაქტზე მიმდინარეობს.

თუკი ამ ორი მიმართულებით საქმე წინ მიიწევს, სხვა შემთხვევაში წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენების ნაწილი ქონების დაბრუნებას ორი მთავარი პროკურორის შეცვლის შემდეგაც უშედეგოდ ელოდება.

როგორც ჭრელი აბანოების ყოფილი მფლობელი აცხადებს, პროკურატურაში შესულ მათ საქმეზე წინსვლა აქამდე არ ჩანს, ამიტომ გამორიცხული არ არის, აბანოების საქმეზე გამოძიება თავიდან დაიწყოს.

პროკურორების ცვლილებით წინ არ წასულა „მაგნატის“ ყოფილი მფლობელის საქმეც. ჯემალ ლეონიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ისინი ელოდებიან პროკურატურამ დაზარალებულად სცნოს, რადგან ფაქტები იმისა, რომ ქონების ჩამორთმევა უსამართლოდ მოხდა, გამოძიების დასრულების შემთხვევაში ცხადი გახდება. ლეონიძე დარწმუნებულია, რომ ქონების დაბრუნებას შეძლებს და გამოძიების დასრულების მოლოდინშია.

კუს ტბის ყოფილი მფლობელი კი არ გამორიცხავს, რომ ქონების დაბრუნება მის ამჟამინდელ მფლობელებთან მოლაპარაკების გზით შეძლოს. როგორც ბესიკ ხარძიანი აცხადებს, პანამის ოფშრულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანია „უოლმელ სერვისმა“, იძულების გზით ქონების 43%-იანი წილი დაათმობინა. ხარძიანს და კომპანიას შორის არსებულ დავას სასამართლო 12 მარტს განიხილავს, თუმცა ბიზნესმენის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია მასთან სასამართლო პროცესამდე მოლაპარაკებას აპირებს. ხარძიანის განცხადებით, თუ სასამართლომდე შეთანხმება შედგა, კომპანია „უოლმელ სერვისს“ კუს ტბის 43%-იანი წილის დათმობა სრულად მოუწევს. ბიზნესმენი კუს ტბის ამჟამინდელ მფლობელებთან მოლაპარაკებებს ქონების დაბრუნებაზე გასული წელსაც აწარმოებდა, თუმცა ქონების ახალი მფლობელები დახარჯული თანხის გადახდას ითხოვდნენ, რის გამოც მახრეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.