ირაკლი შიხიაშვილი კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის' გენერალურ დირექტორს შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილი კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის' გენერალურ დირექტორს შეხვდა

საკრებულოს თავმჯდომარე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორს  შეხვდა და თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია პირადად ალექსეი კუზნეცოვისგან მოისმინა.

შეხვედრა ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით გაიმართა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანო დაინტერესებულია, თუ რამდენად ეფექტურად და გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება მიმდინარე სამუშაოები.

მისივე თქმით, იმ პირობებშიც კი, როდესაც თბილისის ბიუჯეტის 1/12 ხარჯვა ხდება, დედაქალაქისა და შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად თანხები მაინც საკმარისია.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის განცხადებით კი სამუშაოები ყველა ობიექტზე შეუფერხებლად მიმდინარეობს და მათი დასრულება დაგეგმილ ვადებში იქნება შესაძლებელი.

მისივე ინფორმაციით, წლევანდელი ცივი ზამთრის პირობებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ამ ეტაპზე კომპანიის მიზანი წყლის მიწოდების შეფერხების მინიმუმამდე დაყვანაა.

"პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია დამატებით ახალი მილსადენების დამონტაჟება, რადგანაც სისტემის გაუმართაობა სწორედ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დამონტაჟებული მილების მწყობრიდან გამოსვლით არის განპირობებეული“, – განაცხადა ალექსეი კუზნეცოვმა.

დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხუთშაბათს, 20 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები წარმოებულ სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებენ.