გაძვირებული საპროცენტო განაკვეთი - ინფლაციის შემაკავებელი ბერკეტი

გაძვირებული საპროცენტო განაკვეთი - ინფლაციის შემაკავებელი ბერკეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ კომერციული ბანკების კრედიტორების ნაწილს აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით გაეზრდება.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შემდეგი არგუმენტით ახსნა:

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის გამოცოცხლება შეინიშნება და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია 2014 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება. იანვრის თვის წინასწარი ინდიკატორები აღნიშნული ტენდეციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მნიშვნელოვნად შერბილებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობს და გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი იმ დაშვებით, რომ ზემოთ აღნიშნული ტენდეციები შენარჩუნდება შემდეგ პერიოდში. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

ცნობილია, რომ კომერციული ბანკების ზოგიერთი პროდუქტი მიბმულია ე.წ. საჯარო ინდექსზე (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული საპროცენტო განაკვეთი). კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კონკრეტული სესხის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია ამ განაკვეთზე. იურისტების განმარტებით, ბანკს უფლება აქვს გაზარდოს 0.25%-ით სესხები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებული იყო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საჯარო ინდექსზე. ამავდროულად, ბანკს არა აქვს ვალდებულება შეატყობინოს კლიენტს, რომ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი.

რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რატომ გახდა აუცილებელი ასეთი ზომების მიღება, ამ თემაზე ექსპერტი ლევან კალანდაძე გვესაუბრება.

ბატონო ლევან, ცნობილია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ბიზნესისთვის ხელშეწყობა, ქვეყანაში იაფი ფულის გაჩენა, რასაც ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის უნდა შეეწყო ხელი. როგორ ფიქრობთ რატომ შიცვალა ეს პოლიტიკა?

- საპროცენტო განაკვეთის ზრდა 0.25%-ით დაახლოებით 4%-მდე აძვირებს სესხს. საპროცენტო განაკვეთის გაზრდა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მოსალოდნელი ინფლაციის წინააღმდეგ სახელმწიფო რეგულაციის გამკაცრების თვალსაზრისით.

ანუ, ეს არის ინფლაციის შემაფერხებელი ინსტრუმენტი?

- დიახ, ანუ ქვეყანაში ჩნდება ძვირი ფული და ძვირი ფული თავისთავად ნიშნავს, რომ ინფლაციის პროცესი უნდა შეფერხდეს. მეორე მხრივ, ძვირ ფულს აქვს ნეგატიური ეფექტი, რაც გამოიხატება საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების გაძვირებასათან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ბანკთან გაქვთ სასესხო ვალდებულება, მიბმული საპროცენტო განაკვეთზე და ასეთი საქართველოში ძალიან ბევრია, მაშინ ბუნებრივია, თქვენ გიძვირდებათ სესხის მომსახურება და შესაბამისად, ცხოვრებაც ამ თვალსაზრისით, მცირედით, მაგრამ მაინც გიძვირდებათ.

სახელმწიფო დგას ორი არჩევანის წინაშე - ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც იყო, მაგრამ ამავდროულად, ინფლაციური რისკები დაუცველი გახადოს - ინფლაციური, ანუ ფასების ზრდის ტენდენცია რისკის ქვეშ დატოვოს, ან მეორე - გააძვიროს ფული, ამითი დაგვიცვას ინფლაციისგან, მაგრამ მეორე მხრივ, დაამძიმოს ჩვენი საგადამხდელო ტვირთი, მათ შორის, ბანკებთან მიმართებაში.

ეს იძულებითი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან?

- ეს გარკვეულწილად იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის, ოპტიმალური პოზიციის მოძებნა ამ ორ პრობლემას შორის, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ინფლაციური პროცესების მართვას, მეორე მხრივ არ გააძვირებს ქვეყანაში ფულს.

ფულის გაძვირება არა მხოლოდ ჩვენს ჯიბეზე, ბიზნესსა და ბიზნესაქტივობაზე აისახება ნეგატიურად. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2014 წლის ბიუჯეტი შემცირებული მოცულობით არის დაგეგმილი (ანუ ხელისუფლებამ წლის დასაწყისშივე აღიარა, რომ ბიზნესაქტივობა იქნება შენელებული), შესაბამისად, ოპტიმალურ, ოქროს შუალედს დიდი მნიშვნელობა აქვს.

წინასწარვე ცნობილია, რომ ეკონომიკური აქტივობა იქნება ნაკლები, ვიდრე იყო 2013 წელს და საპროცენტო განაკვეთის გაზრდა კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ ნეგატიურ ტენდენციას. მაგრამ, ამავდროულად, არის სხვა რისკი - ძალიან მენიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ დღეს არის ინფლაციის დონე 2,9%, წლის განმავლობაში ზღვრული ინფლაციის მოცულობა კი 6%-ით არის განსაზღვრული.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ინფლაციის მაღალი განაკვეთია?

- 6%-იანი ინფლაცია უკვე სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა მომენტია - ის, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციური რისკის მოლოდინი აქვს სახელმწიფოს. ანუ, სრულიად შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების შემთხვევაში, ინფლაციის მაჩვენებელმა ზღვრულ 6%-საც კი გადააჭარბოს. ეს იქნება ძალიან მძიმე, რადგან ინფლაცია საერთო ფასების ზრდას გულისხმობს და ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ბიზნესზე. ანუ, ორი დილემის წინაშე ვდგავართ, რა გაგვიძვირებს ცხოვრებას, მაღალი საპროცენტო განაკვეთი თუ - ინფლაცია.

მეორე მხრივ, არიან კრედიტორები, რომლებმაც ისესხეს ფული და სესხის გაძვირება ხდება მათთან შეუთანხმებლად. თუმცა ხელშეკრულებაში, რომელსაც კრედიტორთა უმეტესობა არ კითხულობს, მითითებულია, რომ საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია საჯარო ინდექსის ზრდაზე... ეს არის პრობლემა თუ არა?

- ალბათ, მართლაც ძალიან მცირე პროცენტი კითხულობს ხელშეკრულებას, ისინი, რა თქმა უნდა, დაზარალდებიან. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ მეორე მხარეს არის მეორე მოსალოდნელი ზარალი. დავუშვათ, ძვირი ფულის პოლიტიკა არ შეეხოთ ამ ადამიანებს, სამაგიეროდ, ინფლაციის რისკია - ინფლაციის პროცესის გაღრმავება უკვე სხვანაირად, სხვა მხრივ აისახება ამ ადამიანებზე ნეგატიურად - ინფლაცია ყველა პროდუქტს გააძვირებს. ხელისუფლების გონიერება სწორედ იმაშია, ის შუალედი, რასაც აირჩევს, რამდენად სწორად იქნება დათვლილი - ეს ხელისუფლების გამოცდაა.

რა იყო ინფლაციის გამომწვევი რეალური მიზეზი? სახელდება სხვადასხვა არგუმენტები, მათ შორის ბრუნვაში გაშვებული ფულის მასის ზრდა...

- ინფლაცია კომპლექსური პრობლემაა და მას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ეროვნულმა ბანკმა მთელი წლის განმავლობაში ძალიან ლიბერალური მონეტარული პოლიტიკა გაატარა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ფინანსთა სამინისტრომ არათანმიმდევრულად განახორციელა ხარჯვითი პოლიტიკა.

თუ პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიურად ხარჯავდა ფულს, ბოლო კვარტალში ფულის ძალიან დიდი მასა გამოიტანა ბაზარზე - დააფინანსა სხვადასხვა საბიუჯეტო მუხლები - ძირითადად სოციალური. ამან გამოიწვია მიმოქცევაში ჭარბი ფულის არსებობა. ამან ლარის კურსის გაუფასურების სტიმულირება მოახდინა.

ამის გარდა, არის სხვა მნიშვნელოვანი პროცესები, რომელიც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარეობდა. თურქეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი - ბოლო პერიოდში თურქეთში ტენდენციური ხასიათი მიიღო ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურებამ. ეს აისახა კიდეც ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია უკრაინა და წლის დასაწყისში და გასული წლის ბოლოს, გრივნამაც სერიოზული გაუფასურება დაიწყო.

ანუ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნეგატიურად აისახება ჩვენზეც, რადგან ჩვენ ვართ არა ექსპორტზე, არამედ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა.

2014 წლისთვის ეს ტენდენციები ორივე მეზობელ ქვეყანაშია შენარჩუნებული და ამ თვალსაზრისით, ქართული ლარის კურსის ნეგატიური მოლოდინი ძალზე დიდია, რადგან ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია, რომ ინფლაციური პროცესები გაღრმავდეს საქართველოში. სასესხო პროცენტის გაზრდის მნიშვნელობა ამ კუთხითაც არის დასანახი.

სხვა ინსტრუმენტების გამოყენება არ იყო შესაძლებელი ინფლაციის შესაკავებლად?

- სხვა ინსტრუმენტებიც არის. ერთ-ერთია, მაგალითად, სავალუტო რეზერვების გაყიდვა, მაგრამ ეს იქნებოდა უდიდესი შეცდომა, დაანგრევდა ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას. ასეთ შემთხვევაში მონეტარული სტაბილურობის ხარისხი ნულამდე ჩამოვა - ამისი გაკეთება არ შეიძლება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების რესურსები გაგვაჩია?

- ასეთი რესურსები გვაქვს, მაგრამ მთავარია, რას გააკეთებს ხელისუფლება. 2014 წელს სახელმწიფოსა და მთავრობის მთავარი გამოწვევა უნდა იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. თუ ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გარღვევა ვერ მოახდინა, მერწმუნეთ ეს სერიოზული პრობლემა იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობის გაზრდაა - ერთი მხრივ, შიდა რესურსების ამოქმედება - ბიზნესისთვის კომფორტული გარემო, რომ ბიზნესი გახდეს წყარო საბიუჯეტო შემოსავლების და მეორე მნიშვნელოვანი თემაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დაახლოებით მილიარდნახევარი მაინც უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიციის სახით - ეს უნდა იყოს ის ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ამოცანად უნდა დაისახოს.