ავტოსადგურების სერტიფიცირება და ზოგადად ამ სფეროს რეფორმა დიდი ალბათობით გადავადდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება და ზოგადად ამ სფეროს რეფორმა დიდი ალბათობით გადავადდება

შესაძლოა ავტოსადგურების რეფორმა გადავადდეს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორის მთავარი ისაა, რომ დარჩენილ რამდენიმე თვეში სადგურების მოდერნიზება ვერ მოესწრება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართა თბილისისა და რეგიონების ავტოსადგურების ხელმძღვანელებთანაც.

მინისტრის მოადგილისა და სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბრის მთავარი თემა ავტოსადგურების სერტიფიცირების საკითხი იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეფორმის პროცესი ხელს შეუწყობს ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრას და სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნას. გურამიშვილის შეფასებით, შედეგად, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, ტურიზმის განვითარებას, სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელებას, ასევე გარემო პირობების ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებას.

თუმცა შეხვედრის მთავარი მესიჯი მაინც სხვა იყო. გაკეთდა მინიშნება, რომ ავტოსადგურების რეფორმა შესაძლოა, გადაიდოს. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

„მიმდინარე რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ავტოგადამზიდავების მიერ გარკვეული მოთხოვნების შესრულებას. გამოითქვა აზრი რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ძირითადად ეს ეხებოდა რეფორმის განხორციელების ვადებს. ჩვენ განვიხილავთ ამ მოსაზრებებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საუკეთესო როგორც რეფორმის მიზნებისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, ავტოსადგურებისა და ავტოგადამზიდავებისთვის“, - აღნიშნა გურამიშვილმა.

ჯერჯერობით კი ვითარება ასეთია: 2025 წლის 1-ლი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ეს ყველაფერი კი ავტოსადგურებს ხარჯს გაუზრდის და მათ ამ თანხის მოძიება მოუწევთ. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ამასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ საფასურის გადახედვისგან ჯერ თავს შეიკავებდნენ.

ამ ეტაპზე ჩვენ არ ვგეგმავთ საფასურის გაზრდას, თუმცა მინდა აღვნიშნო, საწვავის ფასის მკვეთრად ზრდის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ფასების გაძვირება. ჩვენ, ავტოსადგური მომსახურებას ვუწევთ მგზავრთგადაყვანას. ფასს ჩვენ არ ვაწესებთ. ფასს აწესებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც ასრულებს ყოველდღიურად რეისს ჩვენგან დასავლეთის მიმართულებით. მაგრამ ფასის დაწესება ხდება ჩვენთან შეთანხმებით. ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ არსებული მკაცრი კონკურენციის ფარგლებში არა გამართლებულად, თვითნებურად ფასების ზრდას, იმიტომ რომ არის კონკურენცია. ჩვენს გვერდით არის ავტოსადგური ოკრიბა, ასევე გლდანშია ავტოსადგური, არის სხვა ავტოსადგურებიც, რომლებიც კონკურენციის ფარგლებში მუშაობენ ჩვენთან ერთად.

ჩვენს ინტერესებში არ შედის მგზავრობის ღირებულების გაზრდა, რამე თუ ფაქტობრივად დასავლეთის მიმართულებაზე, საითაც ჩვენ მანქანებს ვუშვებთ, დაახლოებით ერთი და იგივე ფასია. ახლა ფასების მერყეობა არ იმოქმედებს დადებითად ავტოსადგურის არც იმიჯზე და არც მის მომავალ პერსპექტივაზე“, - აცხადებდა ნესტორ მიქატაძე.

აღსანიშნავია, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სერტიფიცირების პროცესს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კოორდინაციაში განახორციელებს. რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ასევე აქტიურად ჩაერთვება სააგენტო „აწარმოე საქართველოშიც“ - სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რომლის თანახმადაც ავტოსადგურის მფლობელს შესაძლებლობა ექნება შეამციროს ავტოსადგურის მშენებლობის ან რემონტის მიზნით აღებული სესხის/ლიზინგის პროცენტი და ასევე უზრუნველყოფს სესხის გარანტიას 80%-ის მოცულობით.

დოი ავტოსადგურები რომ მოსაწესრიგებელია ლაპარაკი არ უნდა,განუკითხაობა ხდება.ეს მყვირალა კაცები ხომ საერთოდ,დიდუბეში გავლა დაეხმარება ადამიანს.ინფრასტრუტურაზე სღარაფერს ვამბობ.მიხედეთ,ხალხის დაცინვაა ასეთი ავტოსადგურები!
1 თვის უკან