საერთაშორისო დონეზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მოწონებულია. ეკონომიკურ გუნდის ხედვას მსოფლიო ბანკმა მხარი დაუჭირა.
ბანკი „საქართველო 2020“-ის პროექტს დადებითად აფასებს. ბანკის მთავარი ეკონომისტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ჰანს თიმერის შეხვედას საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰენრი კერალი და სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური მართვის სექტორის ლიდერი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რაშნი შანქარიც დაესწრნენ.
„ფინანსთა მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ წლების განმავლობაში მიაღწია, ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობის სტრატეგია ასახავს იმ სამ მნიშვნელოვან სფეროს, რომლის განვითარებაც ჩვენც გვქონდა გუნებაში, ეს არის ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზრებზე, კონკურენციის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ჰანს თიმერმა.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სტრატეგიის პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის უფრო კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკის ზრდის შედეგი მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო ფენამ იგრძნოს საკუთარ თავზე.
„სტრატეგიაში ძირითადი მიმართულებები უკვე გაწერილია, მაგრამ ასევე იქმნება დარგობრივი დოკუმენტები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროცესია, რაც საქართველოს სწორი გზით განვითარებას ადასტურებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
პარალელურად, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ სტრატეგიულ დოკუმენტ „საქართველო-2020“-ში არარეალური ციფრები მოყვანილი არ არის და ექსპერტებს კი ურჩევს, „ჯერ წაიკითხონ ეს დოკუმენტი საერთოდ და გარდა ამისა, გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებას“. ეს განცხადება მინისტრმა ორიოდე დღის წინა გააკეთა, როდესაც ექსპერტებმა დოკუმენტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს.
„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ექსპერტებთან ერთად. ეს თავიდანვე ძალიან ღია დოკუმენტი იყო. შემოდგომაზე დოკუმენტის ძირითადი ნაწილი უკვე მზად იყო, მაგრამ ვიდრე არ მივედით გარკვეულ კონდიციამდე, არ გამოვაქვეყნეთ. მინდა, ვუთხრა იმ ექსპერტებს, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი, ჯერ წაიკითხონ ეს დოკუმენტი საერთოდ, მერე გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ძალიან კარგად გააანალიზონ, იქ რა წერია, რადგან არაფერი არარეალისტური იქ არ არის.
პირდაპირ გეტყვით, იმპორტს არ სჭირდება შეზღუდვა. ექსპორტის წახალისებისთვის ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ. მარტივად გეტყვით: მხოლოდ წელს, იანვარში, 2012 წლის იანვართან შედარებით, დაახლოებით 35%-ითაა ექსპორტი გაზრდილი, ანუ ზრდა არის, მათ შორის, იმის გამო, რომ ახალი საექსპორტო ბაზრები და პოტენციალი იქნება ათვისებული. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად რეალური სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ხადურმა.
როგორც აღვნიშნეთ, მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ზოგიერთ ეკონომიკის ექსპერტს. მაგალითად, გიორგი ღაღანიძე პრესასთან საუბრისას აცხადებს, რომ ეკონომიკური სტრატეგია უნდა ეხებოდეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ასეთივე პროდუქციის შექმნას.
„2020 წელს რა გვექნება, წინასწარ ვერავინ იტყვის. ამიტომ უფრო უპრიანი იქნებოდა, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ხელისშემშლელი ფაქტორები უნდა განისაზღვროს და დაისახოს მისი დაძლევის გზები. დარგობრივი მიდგომა არ მიმაჩნია სწორად. უკეთესი იქნება თუ კონკრეტული მიმართულებები გამოცხადდება პრიორიტეტად, მაგალითად, ექსპორტი. ქვეყანამ უნდა იცოდეს, სად დგას, საით წავიდეს და რა ღონისძიებებია გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ღაღანიძემ.