საქართველოში მოქმედ აეროპორტებს უკვე უჭირთ გაზრდილ მგზავრთნაკადთან გამკლავება. შესაბამისად, ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. ტურიზმის დინამიკა მუდმივად მზარდია, ამიტომ მას შესაბამისი ინფრასტრუქტურაც სჭირდება. დაგეგმილია, რომ ვაზიანში პირველი მგზავრები 2029 წელს გამოჩნდებიან.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აეროპორტი ძალიან კომპლექსური ეკოსისტემაა და მოიცავს სამგზავრო და სატვირთო ავიაციის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარებას და კომპლექსური ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობებს ვაზიანში. უკვე მიმდინარეობს სააეროსანავიგაციო კვლევები, რომელიც ავსტრიულმა კონტრაქტორმა შეასრულა.
„მთაგორიანი ქვეყანა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ვაზიანი აეროპორტის ასაშენებლად ყველაზე უპირატესი ადგილია აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც იყო გარკვეული კითხვები და გამოწვევები. კვლევის ანალიზი უკვე გავიარეთ სამინისტროში და ვიცით, როგორი იქნება აეროპორტის კონფიგურაცია. შემდეგი ეტაპია, დეტალური დიზაინის კონკურსი, რომელიც მიმდინარეობს,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ზოგადად ქვეყნის სივრცითი განვითარების კუთხითაც. ის განვითარების სტიმულს აძლევს ისეთ მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრს, როგორიცაა თბილისი, რომელსაც გარკვეული შეზღუდვები გააჩნია დღეს არსებული აეროპორტის ოპერირების გამო, განვითარების კუთხით, რადგან მშენებლობაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. აეროპორტის ვაზიანში გადატანა მნიშვნელოვანი იქნება რუსთავისთვისაც.
მინისტრის თქმით, თბილისის, რუსთავისა და ვაზიანის არეალის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია და ამ საკითხზე სივრცითი განვითარების სააგენტო მუშაობს, რათა განვითარება იყოს ჰარმონიული და ახალი წყარო ეკონომიკური ზრდისთვის.
რადგანაც ქვეყანაში ტურიზმის მზარდი დინამიკაა, ამას უნდა უპასუხოს ახალმა ინფრასტრუქტურამ. ქვეყნის პრემიერის ირაკლი კობახიძის შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა.
„დღევანდელი თბილისის აეროპორტის რესურსი არის 4 მილიონი მგზავრი წელიწადში. 4 მილიონ მგზავრზე მეტის მასპინძლობა არსებულ აეროპორტს არ შეუძლია. ამ დროს ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა ტურიზმის სფეროში, ამას უნდა უპასუხოს ახალმა ინფრასტრუქტურამ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა. სამუშაოები აქაც არის დაწყებული.
რაც შეეხება ლოკაციას, ვაზიანის ტერიტორიაზე განიხილება ახალი აეროპორტის მშენებლობა და აქტიური სამუშაოები წარიმართება, რათა პარტნიორებთან დაიდოს ხელშეკრულება ახალი აეროპორტის განსავითარებლად. ეს სამუშაოები ძალიან სწრაფ ტემპში წარიმართება. 2029 წლისთვის არის დაგეგმილი პროექტის პირველი ფაზის დასრულება, რის შემდეგაც უკვე განხორციელდება პროექტის მეორე ფაზა.
საბოლოო ჯამში, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით იმ დინამიკას, რაც არის პროგნოზირებული ვიზიტორების გაზრდის თვალსაზრისით. ახალი აეროპორტის მშენებლობის შემდეგ 18 მილიონამდე გაიზრდება აეროპორტის რესურსი. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც ემსახურება არა მარტო თბილისის, არამედ ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანაში არსებული აეროპორტებს უკვე მართლაც უჭირთ გაზრდილ მგზავრთნაკადთან გამკლავება. შესაბამისად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ცდილობს ინფრასტრუქტურის განვითარება განაგრძოს.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში საიმიგრაციო ზონა გაფართოვდა და დაემატა საპასპორტო კონტროლის ჯიხურები. გამგზავრების ტერმინალშიც გაფართოვდა საემიგრაციო ზონა და საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა 9-დან 13-მდე გაიზარდა. მოეწყო სასაზღვრო ჯიხურამდე მისასვლელი სწრაფი დერეფანი.
ამ ორივე პროექტში ტავ ჯორჯიამ ინვესტიციის სახით ჩადო 4 მილიონ ლარზე მეტი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წელს მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აეროპორტი წლის განმავლობაში 4 750 830 მგზავრს მოემსახურა. 2023 წელთან შედარებით, გასულ წელს მგზავრთნაკადის 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გაზრდილი სივრცე და დამატებითი ჯიხურები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს გაზარდოს საზღვრის გამტარუნარიანობა და გააუმჯობესოს მგზავრების მომსახურების ხარისხი“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.