პუტინის ევრაზიული კავშირის თურქული განსაცდელი (წერილი მეექვსე)

პუტინის ევრაზიული კავშირის თურქული განსაცდელი (წერილი მეექვსე)

2012 წლის დეკემბრის დასაწყისში, სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ შავი ზღვის სანაპიროზე საფუძველი ჩაუყარა ახალ გაზსადენ „სამხრეთის ნაკადს“. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი მასპინძლობდნენ. შავი ზღვის ფსკერზე 63 მლრდ წლიური წარმადობის გაზსადენის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში ბალკანეთის ქვეყნების ენერგოკომპანიების, ასევე, იტალიის „ენ-ი”-სა და საფრანგეთის „ე-დე-ეფ”-ის მენეჯერები მონაწილეობდნენ, თუმცა გაზსადენის მშენებლობა არ დაწყებულა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ცერემონიალი სიმბოლური იყო და მშენებლობა, რეალურად მომავალ წლამდე არ დაიწყება (პროექტის დაწყების თარიღზე „გაზპრომმა“ რამდენჯერმე საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება გააკეთა), თუმცა პროექტის ფაქტობრივი გახსნით მოსკოვმა დაამტკიცა, რომ მის განცხადებებს „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობაზე რეალური საფუძველი აქვს და 2015 წელს რუსული გაზის ბულგარეთში გაგზავნა დაიწყება, გაზსადენი კი სრული დატვირთვით 2019 წელს ამუშავდება.

ბაქოში აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ასე სწრაფ და ფართომასშტაბიან მიწოდებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით არ არის. აზერბაიჯანულ სახელმწიფო ენერგეოკომპანია „სოკარ”-ში იმედოვნებენ, რომ „შაჰ-დენიზი 2“-ის გაზის პირველი პარტიის მიწოდებას 2018 წელს, ანუ ამ საბადოს კომერციული ათვისების შემდეგ დაიწყებენ. საამისოდ აზერბაიჯანს რამდენიმე პრობლემის გადაჭრა მოუწევს.

პირველი: ბაქომ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, თუ რამდენი იქნება „ბი-პი”-ს ოპერირებით მოქმედი „შაჰ-დენიზის“ საბადოს მეორე ფაზის  ევროკავშირისთვის მისაწოდებელი გაზის რაოდენობა. აზერბაიჯან-თურქეთის „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ არსებული საპროექტო გაანგარიშებით, 16 მლრდ კუბმეტრი აზერბაიჯანული გაზიდან 6 მლრდ-ს ყოველწლიურად თურქეთი დაიტოვებს. ევროკავშირს კი, ბულგარეთის ან საბერძნეთ-იტალიის გავლით, 10 მლრდ კუბმეტრი აირი გადაეცემა, რაც მიწოდების კომერციული რისკების გათვალისწინებით, ძალიან ცოტაა.

მეორე: ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასარკვევია „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ საბოლოო დანიშნულების წერტილიც. ნაწილობრივ ამ შეკითხვას „ბი-პი”-ს ოპერირებით მოქმედმა „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმმა და აზერბაიჯანულმა მხარემ პასუხი უკვე გასცეს, როდესაც „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ მარშრუტად ქ. ერზერუმიდან თურქეთ-ევროკავშირის საზღვრამდე მიმართულება დაასახელეს. 2012 წლის დასაწყისში, „ტრანსანატოლიური გაზსადენის“ ოთხი საბოლოო წერტილიდან, „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მილსადენისა” და „ინტერკონექტორ თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის“ გამოთიშვის შემდეგ, დარჩა მხოლოდ ორი - „ტრანსადრიატიკული გაზსადენი“ და „ნაბუქო”-ს სამჯერ შემცირებული ახალი ვერსია „ნაბუქო-უესთი“.

ერთი შეხედვით, ორივე პროექტი კონკურენტუნარიანი „ქაღალდზე“ მაინცაა. მათი შანსები განსაკუთრებით მას შემდეგ გათანაბრდა, რაც „ნაბუქოს“ კონსორციუმმა „ნაბუქო-უესთის“ ვარიანტი წარმოადგინა. „ტრანსადრიატიკული გაზსადენი“ გარკვეულწილად მაინც წინაა, ვინაიდან 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში, „ნაბუქო”-ს კონსორციუმის ექვსიდან ერთ-ერთმა აქციონერმა - გერმანულმა „არ-ვე-ემ”-მმა, მრავალთვიანი განხილვების შემდეგ, გადაწყვიტა, კონსორციუმი დატოვოს. მისი 16.7%-იანი წილის შესყიდვის სურვილი უკვე გამოთქვა ავსტრიულმა „ო-ემ-ვე”-მ, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ აქციებს ავსტრიელებიც საჭირო დროს „ადვილად შეელევიან“. პოტენციურ მყიდველებად მოიაზრებიან „ბი-პი“, ფრანგული „ტოტალი“ და აზერბაიჯანული „სოკარი“, თუმცა ეს კომპანიები „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ კონსორციუმთანაც მართავენ ფარულ მოლაპარაკებებს მასში წილის შესყიდვის თაობაზე. ამიტომ, ამ ეტაპზე ძნელია, გაირკვეს, თუ რომელ პროექტს მიენიჭება საბოლოოდ უპირატესობა. ექსპერტულ წრეებში მიაჩნიათ, რომ „ნაბუქო-უესტი“, „ტრანსადრიატიკულ გაზსადენთან“ შედარებით, დასუსტებულია, რადგან გერმანული „არ-ვე-ე”-ს შესაძლო გასვლის შემდეგ, კონსორციუმს რეორგანიზაცია ელის.

ზემოაღნიშნული შეკითხვებისა და პრობლემების მიუხედავად, აზერბაიჯანი გაზის საექსპორტო დერეფნის ევროპაში გაყვანასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე  ერთი წლის წინ იყო.

ბაქოსთვის ეს გეოეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად კარგია, მაგრამ ამით აზერბაიჯანისა და თურქეთის კონკურენცია ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროგრამაშიც იზრდება, რომელიც მიზნად, თურქეთის გავლით, სატრანსპორტო მარშრუტის შექმნას კასპიისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის გაზის ევროპისაკენ ტრანსპორტირებას ისახავს. 2012 წლის განმავლობაში, ბრიუსელში მუშაობდნენ, რათა უზრუნველეყოთ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ კომერციული სიცოცხლისუნარიანობა. ევროკომისიის მოლაპარაკება აზერბაიჯანსა და თურქმენეთთან (მოგვიანებით კი, თურქეთთანაც) „ტრანსკასპიური გაზსადენის“ მშენებლობაზე, რომელმაც თურქმენული გაზი აზერბაიჯანში „შაჰ-დენიზი 2“-ის აირთან უნდა დააკავშიროს, ამის ნათელი დადასტურებაა. თუ ეს ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მაშინ აზერბაიჯანი ევროპის გაზის ბაზარზე, რუსეთის პოზიციების განმტკიცების მცდელობის მიუხედავად, ფეხს თავისუფლად მოიკიდებს.

რუსეთი, ცხადია, პოზიციების დაცვას შეეცდება. ამჟამად, ეს მცდელობა იმ უპირატესობების დაძლევაში ვლინდება, რაც „გაზპრომთან“ შედარებით, „ნაბუქოსა“ და „ტრანსადრიატიკულ გაზსადენს“, როგორც ევროპის გაზმომარაგების დივერსიფიცირების კომპანიებს აქვთ.

2012 წლის 14 დეკემბერს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, მოსკოვს ხელახლა შეაქვს განაცხადი, რომ ბრიუსელმა „სამხრეთის ნაკადი“ გაათავისუფლოს „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მოთხოვნებისგანო. („ჩრდილოეთის ნაკადსა“ და „ნაბუქოს“ ეს შეღავათები უკვე მიღებული აქვთ, „ტრანსადრიატიკულ გაზსადენს“ კი განაცხადი 2011 წელს აქვს შეტანილი).

მინისტრმა, ასევე, მიანიშნა, რომ „სამხრეთის ნაკადი“ ამ პრივილეგირებული სტატუსის მიღების თითქოს უკეთესი კანდიდატია, რადგან სხვა მილსადენებისაგან განსხვავებით, მთელ ევროკავშირს ემსახურება და არა - ევროკავშირის წევრ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიას გადაკვეთენ. რუსმა ჩინოვნიკმა მაგალითად მოიყვანა „ნაბუკო-უესტი”-სა და „ტრანსადრიატიკული“ გაზსადენები. ამათგან პირველი გაივლის ევროკავშირის ოთხ წევრ ქვეყანაზე - ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ავსტრია, მეორე კი, - საბერძნეთსა და იტალიაზე და წევრობის ერთ პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაზე, ალბანეთზე.

ბრიუსელი რუსი მინისტრის ამ არგუმენტს, სავარაუდოდ, არ მიიღებს, რადგან ის მხარს უჭერს ენერგომომარაგების წყაროების და არა - მათი მარშრუტების დივერსიფიკაციას. ამ ამოცანის შესრულება მხოლოდ „სამხრეთ გაზის დერეფნის” პროგრამით, როგორც უმაღლესი სტრატეგიული პრიორიტეტითაა შესაძლებელი, თუმცა ალექსანდრ ნოვაკის განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ აზერბაიჯანსა და სხვა კასპიისპირა გაზის მომწოდებელ ქვეყნებს, რომლებიც აზერბაიჯანული გაზსადენებით შეეცდებიან გაზის ევროპისკენ ექსპორტს, სერიოზული ბრძოლა მოუწევთ.

აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ექსპორტის მოახლოებასთან ერთად, ბრიუსელმა რუსულ „სამხრეთის ნაკადს“ სპეციალური, პრიორიტეტული პროექტის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. მეტიც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან “სამხრეთის ნაკადის” გატარებაზე რფ-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ევროკავშირის კანონმდებლობისადმი შეუსაბამოდ მიიჩნია. 

2013 წლის სექტემბრის ბოლოს, „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმმა, თავისი მეორე ფაზის საბადოს აირზე ევროკავშირის ცხრა გაზგამანაწილებელ კომპანიას 100 მლრდ დოლარის გაზმომარაგების კონტრაქტები გაუფორმა, ნოემბრის ბოლოს კი, „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმმა ამ ფაზის საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი „სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტებს მხარს იმ დროს უჭერს, როცა ანალოგიურ მხარდაჭერაზე რუსულ „სამხრეთის ნაკადს“ უარს ღიად უცხადებს. ამას მხოლოდ ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ბოლო დროს გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირება კი არა, არამედ, ეკონომიკური პროცესებიც განაპირობებს. ამასთან, “ტრანსადრიატიკული გაზსადენის” აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ტენდერში გამარჯვებამ, როგორც ჩანს, მხოლოდ “ნაბუქოს” პროექტი კი არ შეაფერხა, არამედ, სავარაუდოდ, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი თხევადი გაზის ტრანსპორტირების - “აგრის” პროექტიც გაურკვეველი ვადით გადასწია.

თურქმენეთისა და ყაზახეთის ფაქტორი

სამწუხაროდ, კასპიისპირეთის ზოგიერთმა ლიდერმა ბრძოლას, თავისი ნახშირწყალბადები ევროკავშირთან შედარებით ნაკლებადშემოსავლიან, მაგრამ არაკონკურენტული დანიშნულებით გატანა არჩია. საერთოდ, ბოლო წლებში ნახშირწყალბადებით მდიდარი ორი ცენტრალურაზიური ქვეყანა - თურქმენეთი და ყაზახეთი დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცილობს, რათა მსოფლიო ბაზარზე გაზი და ნავთობი რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანსა და საქართველოზე ტრანზიტით გაიტანოს. ზოგი სპეციალისტი დღესაც იმეორებს ორიწლისწინანდელ თეზისს თურქმენეთის გაზის რესურსების, ერთ-ერთი ბრიტანული აუდიტორული კომპანიის მიერ 2008 წელს წარდგენილი შეფასების უზუსტობის შესახებ. მაშინ მედიაში გამოთქმული ეჭვების გამო (რაშიც, გავრცელებული ხმით, რუსული სპეცსამსახურების ხელიც ერია), თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი და “თურქმენგაზის” უფროსი თანამდებობებიდან მოხსნა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ თურქმენეთს, პირიქით, “იაშლარის” ახალი საბადოს რეზერვების გათვალისწინებით, ბრიტანელების შეფასებაზე, ანუ 14 ტრლნ კუბმეტრზე მეტი - 22.55 ტრლნ კუბმეტრამდე გაზის რეზერვები აქვს. თურქმენ გეოლოგთა ცნობით, ქვეყანაში ნახშირწყალბადების საწყისი ჯამური გეოლოგიური რეზერვი 45.44 მლრდ ტონა პირობით საწვავს შეადგენს, საიდანაც არსებული ტექნოლოგიებით, 27.48 მლრდ ტონა პირობითი საწვავის მოპოვებაა შესაძლებელი. აღმოჩენილი 183 საბადოდან 34 ნავთობისაა, 67 - გაზის 82 კი, -  გაზკონდენსანტის. თხევადი ნახშირწყალბადების მიმდინარე რეზერვი 20.4 მლრდ ტონაა, საიდანაც 7.7 მლრდ ტონის მოპოვებაა შესაძლებელი. ბუნებრივი გაზის მიმდინარე გეოლოგიური რეზერვი 22.55 ტრლნ კუბმეტრს შეადგენს, საიდანაც 20.42 ტრლნ კუბმეტრის მოპოვებაა შესაძლებელი. 2030 წლისთვის, თურქმენეთი წლიურად 180 მლრდ კუბმეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს, საიდანაც ნახევარი, ანუ 90 მლრდ კუბმეტრი ევროპაში უნდა გაიგზავნოს.

რუსეთი დიდი ხანია, „ტრანსკასპიური გაზსადენის“ დაბლოკვას, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდით - წითელდროშოვანი კასპიის სამხედრო ფლოტილიის გაძლიერებით ცდილობს. მოსკოვი კასპიაზე სამხედრო ყოფნას კასპიის სტატუსის გაურკვევლობითა და ვითომ გამწვავებული ეკოლოგიური მდგომარეობით ამართლებს. ამის გამო თურქმენეთმა „ტრანსკასპიური გაზსადენის“ პროექტის განხილვა დროებით შეაჩერა და თხევადი გაზის ტანკერებით, თურქმენბაში-ბაქოს მარშრუტით, ექსპორტის პროექტის განხორციელებას შეუდგა. ყაზახეთმა კი, სპარსეთის ყურისკენ ჩრილოეთ-სამხრეთის რკინიგზის მშენებლობა დაიწყო.

ყაზახეთსა და თურქმენეთს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ყაზახეთი საბაჟო კავშირშია და ევრაზიული კავშირის ერთ-ერთ სულისჩამდგმელად ითვლება. თურქმენეთი კი, თავს ნეიტრალურ ქვეყნად წარმოაჩენს, რაც იმთავითვე რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობებს გულისხმობს. მოსკოვის მცდელობებმა, რომ ცენტრალურაზიური ნავთობი და გაზი დასავლეთისკენ ექსკლუზიურად თავისი ტერიტორიით გაეტარებინა, ეს ქვეყნები აიძულა, კასპიაზე სამხედრო-საზღვაო ფლოტები გააძლიერონ. ასევე, გამონახონ დასავლეთსა და ჩინეთთან თანამშრომლობის გზები.

2012 წლის მიწურულს, თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მთავრობის სხდომაზე  განაცხადა, რომ “მძიმე სამუშაო” იყო საჭირო, რათა შექმნილიყო თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის გაზსადენის პროექტის განხორციელების წინაპირობები.

ამავე სხდომაზე თურქმენეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალურ ეკონომიკურ და ფინანსურ მოთამაშეებს ესმით ამ პოექტის “რეალობა და მიზნობრიობა”, რაც თურქმენეთს საშუალებას მისცემს, გაზი საექსპორტოდ სამხრეთ აზიაში გაიტანოს. “...პროექტს მხარს უჭერენ პოლიტიკურ დონეზე”, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ამ პროექტის წარმატება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა “ენერგოდიპლომატია”. ბერდიმუჰამედოვმა ხაზი გაუსვა, რომ ენერგეტიკული დიპლომატიის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს დავალებული ჰქონდა ამ პროექტზე მუშაობის დაჩქარება. ექსპერტების აზრით, ბერდიმუჰამედოვის განცხადებები ემსახურება არსებული სირთულეების წარმოჩენას, მათ შორის, უმთავრესი უკავშირდება ავღანეთსა და პაკისტანში უსაფრთხოებისა და დაცვის ღონისძიებებს, რაც პოტენციურ ინვესტორებს პროექტისადმი ნდობას უკარგავს (დღემდე ოთხი სატრანზიტო ქვეყნის მიერ პროექტის პარტნიორების მოსაზიდად გაწეულ ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია).

მიუხედავად ამისა, პაკისტანის ნავთობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა აზიმ ჰუსაინმა განაცხადა, რომ 2017 წელს ამ გაზსადენის მშენებლობა წარმატებით დასრულდება. წერილობით განცხადებაში ჰუსაინმა ქვეყნის ეროვნულ ასამბლეას განუცხადა, რომ მშენებლობის დაფინანსების სქემა უკვე განხილვის პროცესშია. ასევე, მინისტრის თქმით, „აზიის განვითარების ბანკი“ მოახდენს დაკრედიტებას და მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების უზრუნველსაყოფი კაპიტალის მობილიზებას. მინისტრმა დაამატა, რომ პროექტის პრეზენტაცია 2012 წლის სექტემბერში ნიუ იორკში, ლონდონსა და სინგაპურში გაიმართა, რასაც პოტენციური ინვესტორების მხრივ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სხვა წყაროების მონაცემებით კი, პრეზენტაციებს შესაბამისი ყურადღება არ მოჰყოლია.

ეს პროექტი ითვალისწინებს 1700 კმ სიგრძის გაზსადენის აგებას სამხრეთ თურქმენეთიდან პაკისტან-ინდოეთის საზღვრამდე. მისი ღირებულება, დაახლოებით, 7.5 მილიარდი დოლარია. მილსადენი, რომლის დაგეგმილი ექსპლოატაციის ვადა 30 წელია, სამხრეთ აზიის ქვეყნებს წელიწადში თითქმის 33 მილიარდ კუბმეტრ თურქმენულ გაზს მიაწვდის, საიდანაც ინდოეთი და პაკისტანი 13,87-13,87 მლრდ კუბმეტრს მიიღებენ, დანარჩენი კი, ავღანეთს მიეწოდება. ქაბულში მიანიშნეს, რომ ავღანეთმა იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი საბადოები შეძლებენ ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, შეიძლება, ეს გაზი არ გამოიყენოს. თუ ავღანეთში ჩათვლიან, რომ არ გამოიყენონ პაკისტანსა და ინდოეთში გასაგზავნ გაზზე მეტი აირი, მაშინ ზემოხსენებული გაზსადენით შესაძლებელი იქნება ჭარბი გაზი ბანგლადეშს მიეწოდოს.

აშხაბადში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ თურქმენეთს, როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, არ აქვს სურვილი, მოსკოვს, თეირანს, ან რომელიმე სხვა მეზობელს დაუპირისპირდეს. მხოლოდ 2004 წლიდან, კასპიის სტატუსზე რუსეთისა და ირანის პოზიციების გამკაცრების, მათ მიერ სსრკ-ირანის 1921 და 1940 წლების ხელშეკრულებების შესრულების მოთხოვნის შემდეგ, როგორც ასტანამ, ასევე, აშხაბადმაც დასავლეთისკენ დაიწყო ყურება და კასპიაზე სამხედრო-საზღვაო ბაზების მშენებლობის გეგმები გაახმოვანა. 

თავისი ფლოტის გასაძლიერებლად თურქმენეთმა უკრაინასა და ირანში რამდენიმე სამხედრო ხომალდი შეიძინა. ამავდროულად, ქვეყანამ სამხრეთკორეულ კომპანიებთან გააფორმა კონტრაქტი გემთმშენებელი ქარხნებისათვის საჭირო მოწყობილობების ყიდვაზე. პარალელურად, გააქტიურდა თურქმენული დიპლომატია ნატო-სა და აშშ-ის მიმართულებითაც, რამაც საჭირო შედეგი გამოიღო. დასავლეთშიც მიაჩნიათ, რომ ცენტრალურაზიური ნახშირწყალბადების რუსეთის გვერდის ავლით იმპორტი, დასავლეთის ენერგობაზრებზე მოსკოვის მონოპოლიურ დიქტატს შეზღუდავს. ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში, დასავლეთი არაერთხელ შეჰპირდა თურქმენეთსა და ყაზახეთს გეოპოლიტიკურ მხარდაჭერას.

„შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ტენდერში „ნაბუქო”-ს „ტაპთან“ დამარცხების შემდეგ, თურქმენეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, კასპიის ფსკერზე დაპროექტებული „ტრანსკასპიური გაზსადენის“ აგების ალბათობა შემცირდა. ამ გაზსადენის აშენებისადმი მოსკოვის ანტაგონიზმი ბოლო დროს აშხაბადისადმი პირდაპირ სამხედრო მუქარაში გადაიზარდა და ღიად გაცხადა, რომ გაზსადენის გაყვანის შემთხვევაში, რუსეთი კასპიაზე ომს დაიწყებს.

მოსკოვში „ტრანსკასპიური გაზსადენის“ პროექტის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ თავდასხმებსაც აძლიერებენ. კერძოდ, კრემლისადმი ლოიალურად განწყობილმა საიტმა „რეგნუმმა“ განაცხადა, რომ თურქმენეთის ხელისუფლებას დასავლეთის სახელმწიფოები მართავენ. „რეგნუმმა“, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ „ნაბუქო”-ს წარუმატებლობის მიუხედავად, ამ პროექტის განხორციელების იდეა “კვლავ ცოცხალია და აზერბაიჯანზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მან გაზსადენის აგების შეთანხმება თურქმენეთთან გააფორმოს“. ამ განცხადებაში, სავარაუდოდ, ევროკომისიის პრიორიტეტული პროექტების სია იგულისხმება, სადაც „ტაპთან“ ტენდერში დამარცხების მიუხედავად, კვლავ მოიხსენიება “ნაბუქო-უესტი”-ს პროექტი.

რუსეთიდან მზარდი წნეხის მიუხედავად, თურქმენეთში აგრძელებენ დასავლეთისკენ გაზის ექსპორტის მარშრუტებზე მუშაობას. საუბარია კასპიამდე „აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის“ მიმდინარე მშენებლობასა და კასპიის ზღვის ნაპირზე, ქ. თურქმენბაშისთან, თურქული კომპანიების დახმარებით ახალი პორტის აგებაზე. ამ პორტის დანიშნულება, სხვადასხვა საქონლით ვაჭრობასთან ერთად, თხევადი გაზის ტრანსპორტირებაც იქნება.

გაზის ექსპორტის დასავლეთის მარშრუტი განსაკუთრებით აქტუალურია ენერგეტიკის ევროკომისრის, გიუნტერ ეტინგერის რუსული „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენის პროექტის საწინააღმდეგო ბოლოდროინდელი მკვეთრი განცხადებების ფონზე. ამ გაზსადენის ერთ-ერთ შემავსებლად მოსკოვში ცენტრალური აზიის საბადოები იყო მიჩნეული. ქალაქ ვენაში გამართულ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტერიალზე ევროკომისარმა ხაზგასმით მიუთითა, რომ „სამხრეთის ნაკადი“ ვერ უზრუნველყოფს კონკურენციას ენერგიის ახალი წყაროებისადმი ხელწვდომით და ამიტომ ვერ აკმაყოფილებს „საერთოევროპული ინტერესის პროექტის“ სტატუსის მისაღებ კრიტერიუმებს.   

თურქმენული პროექტების თურქეთის მხარდაჭერა განპირობებულია დიდი სურვილით, რომ აშხაბადი ანკარას მიერ ინიცირებულ „თურქულენოვანი ქვეყნების საბჭოს“ ორბიტაში მიიზიდოს, რაც რუსეთის ევრაზიული კავშირის საპირწონედაა ჩაფიქრებული.

ყაზახეთი, რომელიც ზემოაღნიშნული “თურქულენოვანი საბჭოს” წევრია, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ქ. თურქმენბაშიში საზღვაო ტერმინალის მშენებლობას იმ მარტივი მიზეზით, რომ მომავალში, რუსეთის გვერდის ავლით, დასავლეთისკენ, ყაზახური ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთსა და ყაზახეთს მსგავსი ინტერესები და პრობლემები აქვთ, მათი ურთიერთდაახლოება მაინც დაიწყო. კერძოდ, 2013 წლის მაისში, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი ყაზახეთში იმყოფებოდა. ამ შეხვედრის ფორმალური მიზეზი ჩრდილოეთ-სამხრეთის რკინიგზის ყაზახეთ-თურმენეთის მონაკვეთის გახსნა იყო. რეალურად კი, ექსპერტებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაიწყეს საუბარი.

ამ თანამშრომლობის საფუძველი ახალი რკინიგზაა, მისი უმთავრესი ფასეულობა კი ის, რომ ეს ხაზი ირანის სამხრეთამდე და სპარსეთის ყურემდე გადაჭიმული კომუნიკაციაა. ასტანაში უკვე აღნიშნეს, რომ რკინიგზის უმთავრესი დანიშნულება, მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან ერთად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტია. სავარაუდოდ, ყაზახეთი ახალ რკინიგზას განიხილავს, როგორც თავისი ნახშირწყალბადების მსოფლიო ბაზარზე გატანის რუსეთის გვერდის ამქცევ მარშრუტს. სწორედ ამიტომ ასტანამ ამ სარკინიგზო პროექტის ინვესტიციების თითქმის 80% გამოყო. ამდენად, ის თურქმენეთს განიხილავს არა, როგორც მხოლოდ სტრატეგიულ მოკავშირეს, არამედ, როგორც თავისი ნახშირწყალბადების სატრანზიტო მარშრუტსაც. მართალია, ზემოაღნიშნულ გეოპოლიტიკურ მანევრებს, ჯერჯერობით, გამოკვეთილი, პრაგმატული ტენდენციების სახე არ მიუღიათ, მაგრამ მზარდი ძალისხმევა უკვე ადასტურებს ექსპერტების დასკვნას, რომ ყაზახეთი და თურქმენეთი ნახშირწყალბადების ექსპორტში რუსული ზეგავლენისაგან „თავის დაღწევას“ ლამობენ. რუსეთისგან თავის დაღწევის სანაცვლოდ კი, შესაძლოა, მეორე გიგანტის - ჩინეთის კაბალის ქვეშ მოექცნენ.