უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურებას იწყებს - ვითარებას ალღო, პირველ რიგში, ადგილობრივებმა აუღეს

უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურებას იწყებს - ვითარებას ალღო, პირველ რიგში, ადგილობრივებმა აუღეს

უძრავი ქონების ბაზარზე ჯერაც რთული ვითარებაა, მაგრამ გააქტიურება უკვე შეინიშნება. ახალი წლის შემდეგ პოტენციური კლიენტები უკვე აქტიურობენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქართველები არიან. ეს კი სამშენებლო სექტორისთვის შესაძლოა, დადებითი სიგნალი აღმოჩნდეს.

ნოემბერ-დეკემბრის დაძაბულობამ მეტ-ნაკლებად ჩაიარა, მაგრამ სტაბილურობა, რომელიც ასე აუცილებელია უძრავი ქონების სექტორისთვის, ჯერ მიღწეული არ არის. ამიტომ ერისთავი ისთეითის დამფუძნებელ ზურაბ ერისთავის აზრით, ბაზრის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, უძრავი ქონების რეალიზაციაში შეფერხებებია მოსალოდნელი.

ასეთ ტურბულენტურ გარემოში ადამიანებს მსხვილი შენაძენის ყიდვის მიმართ შიში უჩნდებათ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან, გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება ან ლარის კურსი რამდენად გაუფასურდება, არამედ ჩნდება კითხვა - ასეთ გარემოში საერთოდ ღირს თუ არა ცხოვრება. ამდენად, რეალიზაციის მხრივ შეფერხებები მოსალოდნელია“, - განაცხადა ერისთავმა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული, ბუნებრივია, აისახება ახალი დეველოპერული პროექტების განხორციელებაზეც.

არავის ინტერესში არ შედის, მაგრამ თუ გაუარესდა პოლიტიკური გარემო, თუ გაუარესდა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, თუ გაუარესდა ფულთან წვდომა და .. მაშინ პასუხიც ცხადია - ეს ყველაფერი გააძვირებს და გაართულებს უძრავი ქონების შეძენას და ბაზარზე გარკვეული რყევები დაიწყება.

ხშირად ვამბობთ, ხოლმე, რომ უძრავი ქონების ბაზარი დამოკიდებულია მოლოდინზე. თუ ქვეყანაში დადებითი მოლოდინია, აქტიურად მიდის ინვესტირება უძრავი ქონების სექტორში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო მიმართულებაა ქვეყანაში. შეიძლება, სხვა სექტორები უფრო დიდ მოგებას ტოვებდნენ, მაგრამ ადამიანი მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც ინვესტირებას აკეთებს უძრავ ქონებაში, რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვებს“, - განაცხადა გადაცემა წერტილში ზურაბ ერისთავმა.

რაც შეეხება მოლოდინს, ამ მხრის ახალი წლის დღეების დასრულების შემდეგ, ვითარება შედარებით გამოსწორებულია. აღსანიშნავია, რომ გააქტიურდა ადგილობრივი მომხმარებელი.

ჯეო რეალთის დამფუძნებლის მაია გამზარდიას ინფორმაციით, იჯარაზე და ქირაზე მოთხოვნა შემცირებულია, მაგრამ რაც შეეხება გაყიდვას, ამ მხრივ ბაზარზე ქართველების მხრიდან აქტიურობა შეინიშნება.

დეკემბრის ბოლოსთვის შემცირებული იყო საგრძნობად არა მხოლოდ მოთხოვნა, არამედ მომხმარებლების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყო გახანგრძლივებული. ყიდვის სურვილი ჰქონდა ყველას, მაგრამ რატომღაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ უძრავ ქონებაზე ფასი შესაძლოა, შემცირებულიყო და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ. გამოცდილებამ აჩვენა, ამ მხრივ მოლოდინი უძრავი ქონების გაიაფებასთან დაკავშირებით არ გამართლდა.

ფასები ისეთი შემცირებული არ არის, როგორი მოლოდინიც ჰქონდათ ადამიანებს, ამიტომ მოთხოვნაც შედარებით გაიზარდა და პროცესიც გააქტიურდა. ახალი წლის პერიოდის გადავლის შემდეგ გაცილებით გამოცოცხლდა ბაზარი.

საქართველოში ყოფილა ლარის დევალვაციაც, მაღალ ინფლაციაც, მაგრამ უძრავი ქონება ყოველთვის იყიდებოდა და შენდებოდა. რაც ახლა ხდება მიმდინარე პროცესების გამოძახილია. ყველა ბიზნესს აქვს გარკვეული ჩავარდნა და კრიზისული პერიოდი. მოთხოვნა ჯერაც დაბალია, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და სიტუაციაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

კომპანიების უმეტესობას მყარი კაპიტალური რესურსები გააჩნია იმისთვის, რომ დარტყმას გაუძლოს. ეს რომ არა, სამშენებლო ბაზარი გაცილებით დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა“, - აღნიშნა მაია გამზარდიამ.