ეს ინიციატივა არის გაგრძელება იმ ორკესტრირებული მოქმედებებისა, რომელიც დაწყებულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არჩევნების ოპოზიციისთვის და იმ ძალების წარუმატებლად დასრულების შემდგომ, ვისზეც ისინი დებდნენ ფსონს და მათი მოლოდინები არ გამართლდა. ოპოზიციამ ვერ შეძლო უმრავლესობაში მოსვლა. სწორედ ამის შემდგომ გაძლიერდა საქართველოზე წნეხი გარკვეული ძალების მიერ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტი დეპუტატის მიერ შეტანილ ინიციატივასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს ინიციატივა ერთი დიდი სცენარის ნაწილია, რომლის უკანაც დგანან ძალები, რომელთაც პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითს“ უწოდებს.
„ძალიან უნისონში ხდება ბრიტანეთის თემთა პალატის წარმომადგენელთა მცდელობა, რომ მოახდინონ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის ინტერვიუ, სადაც ძალიან საინტერესო აქცენტები იყო გაკეთებული. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმაზე, რომ ზედმეტად ძლიერი ბიუროკრატის გავლენა ძალიან დიდი არის, როგორც შეერთებულ შტატებში, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს „დიფ სთეითს“. ანალოგიურად ეს კიდევ უფრო ძლიერი არის დიდ ბრიტანეთში და მას ჰქონდა შემთხვევები, როდესაც გარკვეული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა არ ეძლეოდა მაშინ როდესაც იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გარკვეული ძალები ცდილობდნენ და ხშირ შემთხვევაში წარმატებას აღწევდნენ, რომ მას ვერ გაეტარებინა გარკვეული პოლიტიკა ბრიტანეთის სახელმწიფოში. ის ასეთ გამოთქმასაც იყენებს, რომ მეტაფორული იარაღი იყო მის თავთან მიბჯენილი და ისინი არ აძლევდნენ შესაძლებლობას მიეღო ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ის თვლიდა საჭიროდ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი დაგეგმილი მოქმედების ნაწილია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იმის გამო, რომ დღეს, გარკვეულ ძალებს არ ჰყავთ საქართველოში ის დასაყრდენი ხელისუფლების სახით, რომელიც ნებისმიერ მათ მოთხოვნას შეასრულებს. საქართველო დღეს არის სუვერენული სახელმწიფო ისე, როგორც არ არასდროს დამოუკიდებლობის მოპოვების მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს გაღიზიანებას იწვევს ამ ძალებში. ეს ძალები არიან დღეს მილევად რეჟიმში. მოგეხსენებათ 20 იანვარს გაიმართება აშშ-ში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელსაც გაცხადებული აქვს თავისი პოლიტიკა „დიფ სთეითის“ მიმართ და რომელსაც გაცხადებული აქვს თავისი დამოკიდებულება იმ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების მიმართ, რომელიც მსოფლიოს ელოდება უახლოეს პერიოდში და ეს არის პირველ რიგში რუსეთ- უკრაინის ომის დასრულება, რომლის შემდეგაც ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოზე წნეხი, რადგან არ იქნება აუცილებლობა მეორე ფრონტის გახსნის“, - განაცხადა პაატა სალიამ.