„ნაცმოძრაობა“ თავის მმართველობის პერიოდში რეალურად იყო რეჟიმი, იყო ანტიდემოკრატიული რეჟიმი და დაკავებულ იყო ადამიანების დევნით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ „დღის ქრონიკაში“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებების გამოძიების მიზნით პარლამენტში შეიქმნება.
„წინასწარ ძალიან რთულია ვისაუბროთ კონკრეტულ დეტალებზე, რა შეიძლება ახალი გაიგოს საზოგადოებამ. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ახალ დეტალებს იმ სასტიკი რეჟიმისა, რომელიც მართავდა საქართველოს 2003-2012 წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია იმ წლების დანაშაულებრივი ქმედებების გამოაშკარავება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ადამიანები შესაბამისად შემდგომ უკვე სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგნენ, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დაისვას და ერთხელ და სამუდამოდ ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მმართველობის პერიოდში რეალურად იყო რეჟიმი, ანტიდემოკრატიული რეჟიმი და დაკავებული იყო ადამიანების დევნით და სწორედ მათ პირობებში ხდებოდა დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და არავითარ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დროს“, - განაცხადა სალიამ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის დასკვნა, რომელიც დაიდება საგამოძიებო კომისიის მიერ.
„ნახოს იმ ახალგაზრდობამ, რომელიც დღეს თვლის, რომ მათი უფლებები ილახება, რომელიც დღეს თვლის, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს და რომელიც თვლის, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია აღარ გვაქვს. აუცილებელია ეს ამ ადამიანებმა ნახონ. აუცილებელია ეს იმ ადამიანებმა ნახონ, ვის მეხსიერებაშიც შეიძლება მინელდა იმ სისასტიკის სურათები, რასაც ჩვენ ვხედავდით იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც სჩადიოდა წინა ხელისუფლება. ჩვენ დღეს საქართველოში გვყავს მშვიდობიანი 12 წლის განმავლობაში აღზრდილი ახალგაზრდობა, რომელსაც არ ახსოვს ის სისასტიკე, რასაც სჩადიოდა წინა ხელისუფლება და ნებსით თუ უნებლიედ ეს ადამიანები დღეს არიან იგივე ძალების გავლენის ქვეშ მოქცეული, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ იმ პერიოდში, რომელიც უნდა შეისწავლოს საგამოძიებო კომისიამ. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ კომისიის მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ გაიხსენოს და ვინც არ იცის გაიგოს დემოკრატიის სახელით რა ძალები ფიქრობენ მოახდინონ ხელახლა საქართველოში გადატრიალება, ვინაიდან უკვე 12 წელია ისინი ვერცერთი არჩევნების გზით ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში“ - აღნიშნა სალიამ.
სალიას აზრით, ამ კომისიას ძალიან დიდი დატვირთვა ექნება. მან გამოთქვა იმედი, რომ კომისიის დასკვნის მიმართ არ იქნება არანაირი უარყოფითი შეფასებები სხვადასხვა აქტორების მიმართ, ვინაიდან კომისია ობიექტურად გამოიძიებს ყველა დანაშაულებრივ ქმედებას.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.