ოქროს ციებ-ცხელება კაზრეთში

ოქროს ციებ-ცხელება კაზრეთში

კაზრეთში ისეთი დაძაბულობაა, რომ ძნელი წარმოსადგენია, იქ რაიმე იოლად დალაგდეს. საყდრისის თემა ჯერ კიდევ პიკზეა და ამ დროს ოქროს საბადოს თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ყველაფერში საწარმოს ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, კომპანიის წარმომადგენლები კი ხელს პროფკავშირებისკენ იშვერენ.

ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში ოქროს საბადოს თანამშრომლები გაიფიცნენ. RMG GOLD-ისა და RMG COPPER 200-ზე მეტი თანამშრომელი 30 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლებული180-ზე მეტი ადამიანის უპირობო აღდგენას, ხელფასების მინიმუმ, 40%-იან მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მუშაობისას მათი უსაფრთხოება დაცული არ არის და პარალელურად მათ შეურაცხყოფას აყენებენ. რაც შეეხება ხელფასს, გაფიცულების თქმით, ანაზღაურება მინიმალურია და მათ მიერ გაწეულ შრომას არ შეესაბამება.

აქციის მონაწილეებს პარასკევს დილით, 7 საათზე სხვა თანამშრომლები უნდა შეეცვალათ, თუმცა ოქროს საბადოს ნაცვლად, კაზრეთში, კულტურის სახლის წინ შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოს არ დაუბრუნდებიან. თანამშრომელთა ის ნაწილი კი, რომელსაც საწარმოში მუშაობა არ შეუწყვეტია, ქარხნის გაჩერებას დაუშვებლად მიიჩნევს.

გაფიცვა განხორციელდა დასაქმებულთა წარმომადგენლობა - „დასაქმებულთა ჯგუფის“ და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით.

როგორც კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 13 თებერვალს შედგა სამმხრივი შეხვედრა პროფკავშირის წარმომადგენელს, კომპანიის ადმინისტრაციულ დირექტორსა და შრომის სამინისტროს წარმომადგენელს შორის, მაგრამ ამ პროცესმა თავიდანვე გამოიწვია დასაქმებულთა უნდობლობა, რადგან შეხვედრის პარალელურად დასაქმებულ ადამიანებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, მუქარა და დაშინება, გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში.

კომპანია RMG მიიჩნევს, რომ გაფიცული თანამშრომლები საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების და მისი პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის გავლენის ქვეშ არიან მოქცეული.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც დღეს ჩვეულ რეჟიმში გამოცხადდნენ სამსახურში, გაფიცულებს მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ, რის გამოც იძულებულნი გახდნენ დღის 4 საათზე დაეტოვებინათ სამუშაო ადგილები.

კომპანია თამაზ დოლაბერიძეს სპილენძის კონცენტრატის ექსპორტთან დაკავშირებით შეგნებულად არასწორი ციფრებისა და განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ყოველივე ზემოხსენებული გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ შეგნებულ დესტრუქციულ ქმედებასთან, რომლის შესანიღბად ჩვენს თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება იქნა ბოროტად გამოყენებული. ამაზე მეტყველებს თუნდაც ხელფასის 100%-ით გაზრდის მოთხოვნის უპირობოდ დაყენება, რაც ნებისმიერ, ეკონომიკაში, ასე თუ ისე, ჩახედული ადამიანისათვის აბსურდულია“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია RMG აცხადებს, რომ შესაბამის ინსტანციებს მიმართავს, რათა იმ თანამშრომელთა უფლებები და ინტერესები დაიცვას, რომლებიც არ უერთდებიან გაფიცვას და მოითხოვოს გაფიცვის უკანონოდ ცნობაზე მოხსენებული საკანონმდებლო და ეთიკური დარღვევების გამო.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე კი ამბობს, რომ კომპანიაში თანამშრომელთა შემცირების მიზეზი მათ მიერ გამოხატული პროტესტია. დოლაბერიძე ამტკიცებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები არ აქვს, ვინაიდან 2013 წელს 162 მილიონი დოლარის სპილენძი გაიყიდა, რომელიც 2012 წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.