ეგრე არა, არა, ზემოთ აიხედეთ, ზევით, მაღლა-მეთქი, ცოტათი კიდევ, ოო, მარცხნივ მიაბრუნეთ თავი, ოდნავ, ოდნავ, ნუ იძაბებით, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით ადრე, ოოო, ეგრე, იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე, ჩქარა კასეტა, კლიმ, მხრებზე ხომ არ გცივათ? ბარეღამ შენ ჩადგი, კლიმ, გაიწაფე ხელი, ოო, ჩვენი აურელიანოც მოსულა, გაგიმარჯოს, არა, თქვენ არა, ქალბატონო, რატომ დააქნიეთ თავი, სულ გაიფუჭეთ პოზა, ასწიეთ თავი, ასწიეთ, თვალები ცოტა გაიფართოვეთ, დაძაბეთ ქუთუთოები, არა, არა, ეგრე ძალიან ნუ დააჭყეტთ, ოო, ეგრე, ნუ ღელავთ... აი, თქვენ ახლა ზედმეტად დამშვიდდით და ისევ დაგავიწყდათ სვებედნიერი ბავშვობა, გაიხსენეთ, გაიხსენეთ, მერე რა დიდი ხნის უკან რომ... ხომ არ გცივათ, არა, ხო? ძალიან კარგი...
(გურამ დოჩანაშვილი, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”)
ერთი ვერ გავიგე – თუ ისინი ლიდერი ქალები იყვნენ და ესენი – ლიდერი კაცები, მაშ ისინი ვიღა იყვნენ, ტრაპთან რომ დახვდნენ და მერე ავლაბარში რომ შეხვდნენ – ლიდერი ჰერმაფროდიტები თუ ლიდერი ტრანვესტიტები? რა გითხრათ – დიდი პოლიტიკაა და ვერ ვერკვევი. ანაც, რატომ უნდა ვერკვეოდე, ცოტა მაქვს საფიქრალი, თუ როგორ?
აღარც მახსოვს, ბოლოს როდის შევავსე კროსვორდი, როდის ვითამაშე ბოლოს პრეფერანსი და ჭადრაკი... ვიცი, ვჩლუნგდები, მაგრამ ამ ლიდერებს რომ ვუყურებ, ერთ რამეს ვხედავ – რაც დრო გადის, უფრო ჭკვიანდებიან, მაგრამ უფრო ბოროტდებიან კიდეც. ჰოდა, არ მინდა დაჭკვიანება. რაც დრო გადის, ვჩლუნგდები ამ დომინოთი და “პიონერის” ძველი ნომრების საყვარლად გულუბრყვილო შარადებით.
ეჰ, რა დრო გასულა, როგორ დაბერებულა ჰილარი... ისინიც, ლიდერი ქალები ვართო, რომ ამბობენ.
ძვირფასო ლიდერო ქალბატონებო, ვასიკო კეჟერაძისა არ იყოს, “დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით ადრე...”
კიდევ ერთხელ ვწირავ უფალს მადლობას იმის გამო, რომ ქალად არ გამაჩინა. თუ ლიდერი ვიქნებოდი, ჩამაცმევდნენ რაღაც ჯღან მასურს, დამსვამდნენ რაღაც ჩახუთულ, რესპექტაბელურ ოთახში და მკაცრად მეტყოდნენ: “შენი ხმა არ გავიგონო. კითხვას დასვამს შორენა შავერდაშვილი”. ეს – თუ ლიდერი ვიქნებოდი, მაგრამ თუ ვიქნებოდი ქალი-აუტსაიდერი? ვიქნებოდი ნაცმოძრაობის კოორდინატორი, მეცმებოდა ჯღანი მაისური, ვიჯდებოდი ჩახუთულ, ჯღან ოთახში და ტელევიზორში დავინახავდი, როგორ სვამს კითხვას შორენა შავერდაშვილი. ოცნებებში თვითონაც შორენა შავერდაშვილი ვიქნებოდი, წამყვანი გადაცემისა “ღამე შორენასთან ერთად”.
ისეც ხომ არ არის, რომ ან ლიდერი უნდა იყო და ან აუტსაიდერი? არიან საშუალოებიც. ვენაცვალე მთელ ოლიმპიურ სისტემას და ყველა საშუალო არითმეტიკულს. ისინი სხვა არხზე რთავენ, როცა ავადმყოფი ბავშვის გვერდით შორენა ბეგაშვილი თავისი ავლადიდებით მარიაჟობს და ტელევიზორს თიშავენ, როცა შორენა შავერდაშვილი ეკრანს იკავებს.
ქალები ჰილარის შეხვდნენ... კაცი დაილია ამ ქვეყანაში?! ჰილარისგამოსახულებიანი ჯღანები ეცვათ... კაბა დაილია?! ცხელოდა და “საქართველოს რესპუბლიკას” ინიავებდნენ. რას იზამ, მეტი გამოყენება აღარც საქართველოს აქვს და აღარც რესპუბლიკას. ვაშაძემ ამერიკის სახელმწიფო მდივანს თეთრი ვარდების თაიგული მიართვა – ყველა წითელი ვარდი რევოლუციამ შეიწირა. ყველა რევოლუცია საკუთარი შვილებით და, ასევე, საკუთარი სიმბოლოებით იკვებება.
გრიგოლი და ჰილარი ტკბილად ჭუკჭუკებდნენ. გრიგოლი თავს იწონებდა: “აღარ ვარ რუსეთის მოქალაქე”. ტკბილად იჭუკჭუკეს მიშამ და ჰილარიმ. მიშა ამაყობდა: “გრიგოლი აღარ არის რუსეთის მოქალაქე”. კლინტონი შეხვდა ალასანიას და თარგამაძეს. ორივეს ეღიმებოდა: “ამდენ ხანს რუსეთის მოქალაქე იყო”. ჰილარიმ თქვა: “ვა!” და წავიდა.
ჰილარი კლინტონმა, ასევე, ახსენა სიტყვა “ოკუპაცია” და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საახალწლოდ, როცა წლის მოვლენების რეიტინგი შედგება, პირველ ადგილზე გავა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ახსენა სიტყვა “ოკუპაცია”.
ეჰ, ბატონებო... რამდენისთვის შემიგინებია, მაგრამ მოქმედებაზე არასოდეს გადავსულვარ. რავი... თუ სიტყვა “ოკუპაციის” ხსენება დეოკუპაციის დაწყებას ნიშნავს, მაშინ სხვა საქმეა და ეტყობა ჩეიზის დეტექტივების კითხვამ იმაზე მეტად გამომატვინა, ვიდრე აქამდე მეგონა.
ჰილარი კლინტონის ვიზიტზე მეტად გიორგი დემეტრაძის დაკავებამ დამაინტერესა. უფრო სწორად – აღმაშფოთა. ამ გაგანია მუნდიალის დროს პროფესიონალი ფეხბურთელის დაკავება იგივეა, მიხეილ სააკაშვილს რიოს კარნავალის დროს საქართველოდან გასვლა რომ აუკრძალო.
თუ ბიჭი ხარ, მიდი და აუკრძალე. აი, ნიუსი: “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. სააკაშვილმა უკრაინელ კოლეგას 60 წლის იუბილე მიულოცა. უკრაინაში საქართველოს ელჩის გრიგოლ ქათამაძის განცხადებით, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სხვა არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი“.
ახალი წელი რომ მოახლოვდება და ნიუსების რეიტინგების შედგენას დაიწყებენ, ამ ნიუსს მე უპირობო ლიდერობას მივანიჭებ – სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც მხოლოდ ის არის დაგეგმილი, რომ ვიღაცას დაბადების დღე მიულოცო. სხვა არაფერია დაგეგმილიო... მიშა ის კაცი არ არის, რამე რომ დაგეგმოს.
ნეტა, იუშჩენკო თუ ნახა? ალბათ – არა, რადგან იანუკოვიჩისთვის ეგ რაღა მილოცვა იქნებოდა. ისიც არ გამიკვირდება, თუ ნათლიმამა სააკაშვილი ნათლია იუშჩენკოს მირონის უკან დაბრუნებას მოსთხოვს, კაპასმა დედაკაცებმა იციან ხოლმე, რაჭაში მინახავს.
ამასთან დაკავშირებით, მახსენდება, რომ გასულ კვირაში, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრში სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ პეტიციის ტექსტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. პეტიციებით და ქარტიებით საქმე რომ კეთდებოდეს... იმისი არ იყოს, მავანი მავანს რომ უჩივლებს, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შემილახაო და, როგორც წესი, არც ღირსება გააჩნია და არც საქმიანი რეპუტაცია.
ლადო ვარძელაშვილმა თავისი საქმიანი რეპუტაცია დაამტკიცა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საქვეუწყებო დეპარტამენტი დაიწყებს მუშაობას. ამ დროისთვის სამინისტროში 30 ადამიანი მუშაობს, თუმცა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ეს ციფრი გაორმაგდება.
როგორც ვიცი, ვარძელაშვილი არასოდეს ყოფილა სპორტსმენი, ჯერ ბავშვია და ახალგაზრდული ასაკისთვის არ მიუღწევია. პირდაპირ მინისტრად დანიშნეს და მერე რატომ წყინთ ვიღაცეებს, რა დროს მარადონას ნაკრების მთავარი მწვრთნელობა იყოო. ხათუნა კალმახელიძეზეც ამბობდნენ, რა დროს მაგის მინისტრობააო, მაგრამ...
“მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სასჯელაღსრულების რუსთავის №1 დაწესებულებაში თონე გაიხსნა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, პურის საცხობში 9 მსჯავრდებული დასაქმდება”.
იმ საცხობში, ალბათ, ხანდახან გიგი უგულავაც შეირბენს ხოლმე... რაც არ უნდა იყოს, ცნობილი მცხობელია და მადლიანი ხელი აქვს.
იქით ვარძელაშვილი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, აქეთ – ხათუნა კალმახელიძე... ეს კი იმას ნიშნავს, რომ “მოაბიჯებენ გლდანის რაიონის მშენებლები”, “ქვეყანაში პროგრესი სახეზეა” და “ამის არდანახვა შეუძლებელია”.
სამოქალაქო რეესტრის უფროსი გიორგი ვაშაძე სტატისტიკას დაეყრდნო და განაცხადა, რომ საქართველოში შობადობა და ქორწინება კვლავ იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. მისი თქმით, საქართველო გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან და ბოლო წლების განმავლობაში მეტი წყვილი ქმნის ოჯახს.
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას და ვაშა ვაშაძეს. ისე, ერთი ტიპი ვიცი, წელიწადში რამდენიმე ოჯახს ქმნის. ეგეთი ტიპები ვაშაძეს უფრო მეტი ეცოდინება. ჩვენ კი ვიცით, რომ სკანდინავიისა და ბენელუქსის ქვეყნებში კატასტროფულად იკლო შობადობამდა იმატა განქორწინებებმა. ეგ უბედურები...
ზურაბ ნოღაიდელი ბედნიერია – მეორედ ნახა ახლოდან პუტინი. ახლა, ადგება ნათელაშვილი და ნოღაიდელს ბედნიერ ვირს დაარქმევს. მაგრამ, ნოღაიდელი, როგორც გასულ კვირაში თვითონ თქვა, რუსეთთან აქტიური ურთიერთობებით ამაყობს... ვირი მუშაობს და იღლება, თივას დაუყრიან და – ბედნიერია. რით შეიძლება იამაყოს ვირმა? ალბათ, ვირი ამაყობს პატრონით.
ეს ყველაფერი არის შალვა ნათელაშვილის კარგი იუმორის გრძნობის დემონსტრირება. ნუგზარ წიკლაურს რომ კითხო, ჰილარი კლინტონის ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
გეკითხებით – რისი დემონსტრირებაა თავად ნუგზარ წიკლაური? ჩემი აზრით, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ექსჰიბიციონიზმით არის დაავადებული და მაგათ, თუ ვინმე უმკურნალებს, ეს მხოლოდ ირაკლი ლომაია იქნება.
“კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა, ხათუნა პაიჭაძემ ლომაიას რაღაცეები ამოუქექა. ლომაია, გარდა იმისა, რომ ლომაიაა, კიდევ ამავე დროს ყოფილა ისკანდერ მამედოვი, გულნარა ალიევა თუ რაღაც ამდაგვარი. ყოფილა უკანონოდ. რა დანაშაულზე არ წახვალ კაცი, ოღონდ ადამიანებს უმკურნალო...
მეტსაც გეტყვით. ჩემი აზრით ირაკლი ლომაია არის ის გერმანელი რვაფეხა, რომელიც ფეხბურთის მატჩების შედეგებს იცნობს. ალბათ, გეცოდინებათ, რომ გერმანელ რვაფეხას მიმდევრები გამოუჩნდნენ, ავსტრალიაში – ნიანგი, ხოლო რუსეთში – მაიმუნი. ჰოდა, მე მგონი, ქართველი ლომაია, აზერბაიჯანელი მამედოვი, გერმანელი რვაფეხა, ავსტრალიელი ნიანგი და რუსი მაიმუნი – ეს, ყველა, არის ირაკლი ლომაია, რომელიც პარაფსიქოლოგიის ნიჭთან ერთად ტელეპორტაციის უნარითაც არის დაჯილდოვებული.
აქედან გამომდინარე, ვანო ჩხარტიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ ირაკლი ლომაიას ეცოდინება. დარწმუნებული ვარ, თვით ჩხარტიშვილმაც კი არ იცის, სად იმყოფება. ამბობენ, ვანო ჩხარტიშვილი გეოგრაფიაში საკმაოდ სუსტიაო, მაგრამ რაში გვჭირდება გეოგრაფია, როდესაც არსებობს ტელეპორტაცია და პარაფსიქოლოგია!
“დატოვა-არ დატოვა საქართველო, არ ვიცი, თქვენ რა კვალიფიკაციას აძლევთ; მე ვარ მისი მეგობარი, ვიცი, რომ თბილისში არ იმყოფება, უახლოეს დღეებში რა გეგმები აქვს, არ ვიცი” - ამბობს ზაზა სიორიძე.
ხომ გეუბნებით – ჩხარტიშვილის ადგილსამყოფელი მხოლოდ ირაკლი ლომაიამ იცის. ისე, მეც ვიცი ერთი რამ – სადაც არ უნდა იყოს, ვანო ჩხარტიშვილი ყველგან თან დაატარებს ქართულ მიწას, რომელიც ფეხსაცმელებში აქვს ჩაყრილი. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ პამელა ანდერსონი ყველგან თან დაატარებს კანადურ მიწას, ოღონდ ფეხსაცმელებში კი არ იყრის, არამედ სხვა ადგილას. სად – არ ვიცი.
სადაც არ უნდა წავიდეს, სკოლის დირექტორს შვებულებაში გასვლისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობაც დასჭირდება. თუ დირექტორს ტუალეტში მოუნდება გასვლა, ალბათ, საქმის, უფრო სწორად - მოსაქმების კურსში, ადგილობრივი რესურს ცენტრი უნდა ჩააყენოს. ეს, რაც შეეხება განათლებას.
“ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი უწყებები, ნარჩენების მართვის ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები” - ეს არის ნაწყვეტი ნიუსიდან რომელიც მოგვითხრობს, რომ ნარჩენების მართვის საკითხზე ბათუმში ღონისძიება გაიმართა. როგორც ხედავთ, სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი უწყებები უკვე ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ. როგორც ვიცი, მეორადი ქაღალდისგან ამხადებენ ტუალეტის ქაღალდს, ცელოფნებისგან – შლანგებს... რას დაამზადებენ დღევანდელი ჩინოვნიკებისგან?
მაგალითად, საინტერესოა, რას დაამხადებენ ზაალ აბაზაძისგან, რომელმაც გასულ კვირაში განცხადება დაწერა და საქართველოში შემოსული ყველა ტურისტი უპატრონოდ დარჩა. ადრე მიშამ საბაჟო დეპარტამენტის უფროსი წიხლქვეშ რომ გაიგდო და რომ აფურთხა, იმისგან, როგორც ვიცი, დაამზადეს ბუნებრივი სასუქი. აბაზაძისგან, ალბათ, ხელოვნურ სასუქს დაამზადებენ, რომელიც კილო 20 თეთრი ეღირება.
ჰო, მართლა - “თეთრებმა” განოკითხვა ჩაატარეს და თუ დავუჯერებთ, გამოკითხული 1401 რესპოდენტიდან 82% სააკაშვილის იმპიჩმენტს უჭერს მხარს. შაშიაშვილმა, ეტყობა, ეს გამოკითხვა საკუთარ ნაცნობ-მეგობრებში ჩაატარა, თორემ ეროვნულ (მარნეული, ახალქალაქი) და სექსუალურ (მთავრობა, არასამთავრობოები) უმცირესობებში რომ ჩაეტარებინა, შედეგი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა.
“თეთრების” ადგილას რომ ვიყო, ეკონომიკის შესახებ მარტ ლაარს დავეკითხებოდი. თუმცა, გასული კვირიდან მოყოლებული შაშიაშვილს უკვე ასარჩევად აქვს საქმე - ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ზურაბ ალავიძემ განაცხადა, ახალი მინისტრი ახალი გუნდით მოდისო, გულში ახალ მინისტრს შეაგინა და წავიდა.
ალავიძე გლიჯავს – ის ვერაა თუ ვერონიკა სულ რამდენიმე თვის ჩამოსულია საქართველოში, გუნდი არა მსხალი! ჯერ ხეირიანად გუნდისა და ჯოგის მნიშვნელობაც არ იცის და ალავიძე ამბობს, გუნდით მოდისო. რა თქმა უნდა, იტყუება. რომ შეაგინა (აბა, რას იზამდა!), სწორედ მაშინ იყო მართალი. პატარა გოგო ხარ, რა გემდგრადგეკონომიკება? წადი, რა, იბიცაზე!
დაკავებული თანამდებობა დატოვა ასევე ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ გრიგოლ გობეჯიშვილმა. რაჭველი!!! რაჭველი ეძახე და, ქობალიას ჯერ მისალმება არ ჰქონდა დამთავრებული, გობეჯიშვილი კი უკვე სერთიფიკატებს ყუთში ალაგებდა.
ჩაალაგეთ ფორთოხალი კასრებში!
ეკონომიკური განვითარების მინისტრს სულ 5 მოადგილე ჰყავდა და რადგან ქართული ეკონომიკა ზღაპარია, მოადგილეებიც ზღაპრის პერსონაჟებად უნდა განვიხილოთ. 5 მოადგილიდან ოთხი იყო ზარმაცი, ბოროტი და სულელი – თანამდებობისთვის შეუფერებელი. მხოლოდ უმცროსი იყო ჭკვიანი. მაგრამ ერთი ჭკვიანი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. გაზაფხული ვერც იმ შემთხვევაში მოვა, თუ მხოლოდ ყოველი მეასე იქნება ჭკვიანი. ამ მხრივ, ჯერჯერობით, ვერ არის საქმე მთლად კარგად. ამიტომაც არის, რომ სანამ ნასიცხების მკურნალობას ვამთავრებთ, უკვე ფეხები გვეყინება, გული მიგვდის, მუხლი გვეკვეთება და მთელ ხმაზე ვბღავით: “ამ ბიჭს უნდა ჩავეხუტოთ”!
“ეს ბიჭი” - ზვიადა, ეძიკა და მიშა.
კ.ი. (კარგად იყავი) - კარგად იყავით
- აგრე იყოს, - თქვა ქიმწმენდელმა. უზრდელი...
- თქვენ ნამდვილი ქართველები არ იყოთ, მეტი არაა ჩემი მტერი, - თქვა შალვამ, ქუჩაში რომ გამოვედით.
(გურამ დოჩანაშვილი, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“)