„ყაზტრანსგაზი“ ვერც დაჯარიმებას გადაურჩა და აბონენტებისთვის ერთბაშად დარიცხული გადასახადისაგან მისაღები ერთიანი სარგებელიც ვერ მიიღო. სემეკმა კომპანია 5000 ლარით დააჯარმა, ხოლო თბილისელ მომხმარებელს კი დავალიანების დასაფარად დრო გაუხანგრძლივა. ყაზახური კომპანია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
მომხმარებლებს, რომლებმაც გაზის ორი თვის გადასახადი ერთად მიიღეს, თანხის გადახდა პირველ მარტამდე შეეძლებათ. პარალელურად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სალეცენზიო პირობების დარღვევის გამო, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დააჯარიმა.
გადაწყვეტილება სემეკმა გუშინდელ სხდომაზე მიიღო, რომელსაც კომისიის სამი წევრი ესწრებოდა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დაჯარიმებას სამივე წევრმა დაუჭირა მხარი.
საქმე ეხებოდა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში მოქალაქეთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესის დარღვევას, რის გამოც მოქალაქეებს მიმდინარე წლის იანვარში გაზრდილი გადასახადები მიუვიდათ.
გარდა დაჯარიმებისა, კომისიის გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბუნებრივ გაზის ჩვენების ერთ ქვითარში ასახვითა და გაერთიანებული გადასახადის წარდგენით გაუუარესდათ მდგომარეობა, დარიცხული თანხის გადახდა შეეძლებათ მიმდინარე წლის პირველ მარტამდე.
როგორც სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ სხდომაზე განაცხადა, 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთ ქვითარში ასახვით „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაარღვია სემეკის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა დამოხმარების წესების“ პირველი, მეორე და მეათე მუხლების მოთხოვნები, რაც ამავდროულად წარმოადგენს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევას.
სხდომას ესწრებოდა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი ირაკლი გაბუნიაც, რომელმაც განაცხადა, რომ არ ეთანხმება სემეკის გადაწყვეტილებას ჯარიმის ნაწილში და არ გამორიცხავს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გასაჩივრებას.
„ყაზტრანსგაზში“ აღნიშნავე, რომ საახალწლო დღეებში კომპანია ტრადიციულად თავს იკავებს მოსახლეობის შეწუხებისგან და ბუნებრივი გაზის მრიცხველებიდან ანათვალების აღებისგან. შესაბამისად, მრიცხველის მონაცემების წაკითხვა რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ზოგი აბონენტის მრიცხველის შემოწმება კი საერთოდაც ვერ მოხერხდა და ინკასატორმა ანათვალი მხოლოდ იანვარში აიღო, შესაბამისად, ასეთი აბონენტების ქვითარში თვენახევრის ან 2 თვის ხარჯი აღინიშნა.
სემეკისთვის ეს დასაბუთებელი არგუმენტი არ აღმოჩნდა. მათი აზრით, კომპანიამ წესები უნდა დაიცვას და გაზის ჩვენება ზუსტად თვეში ერთხელ უნდა ამოწეროს.
მარეგულირებელი კომისიის სხდომას ესწრებოდა მომხმარებელთა ინტერსების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ სემეკის გადაწყვეტილება კანონიერია.