რუსეთ-აზერბაიჯანის ენერგოკინკლაობა (წერილი მეხუთე)

რუსეთ-აზერბაიჯანის ენერგოკინკლაობა (წერილი მეხუთე)

ირანის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამ ქვეყნის პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ გაერო-ს ასამბლეის 68-ე სესიაზე ირანი ისე წარმოაჩინა, როგორც მშვიდობისმოყვარე ქვეყანა. ამავე დროს, “ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მეთაურმა, გენერალმა მოჰამად ალი ჯაფარიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ბარაკ ობამასთან ტელეფონით არ უნდა ესაუბრა. ამის გამო, პრეზიდენტ რუჰანის ორმა ახალგაზრდა ირანელმა კონსერვატორმა ფეხსაცმელიც კი ესროლა.

კონსერვატორული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ 35 წლის წინ, ირანსა და აშშ-ს შორის შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის განახლებისთვის ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა შეხვედრა აუცილებელია, რის შემდეგაც, შესაძლოა, დასავლური ანტიირანული ენერგეტიკული სანქციების ჯერ შერბილების, მერე კი, გაუქმების პროცესი დაიწყოს, რასაც საქართველოს ენერგეტიკა მომზადებული უნდა შეხვდეს.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში ირანის ელჩმა მოჰამად რეისიმ განაცხადა, ირანს, ისევე როგორც გასული საუკუნის 70-იან წლებში, თავისუფლად შეეძლო, სომხეთის ქსელით საქართველოსთვის გაზის მიმწოდებელი გამხდარიყოო.

გაზის ქსელების ზემოაღნიშნული კონფიგურაცია შესაძლოა, კვლავ აღორძინდეს, თუ ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჰასან რუჰანი დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გააგრძელებს. ეს მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ ირანული ნახშირწყალბადების ისეთი სატრანზიტო ქვეყნები, როგორებიცაა სირია და თურქეთი ორ წელზე მეტია, ერთმანეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში იმყოფებიან. 

ახლა, ქვეყნის პრეზიდენტად რეფორმატორის არჩევის შემდეგ, საქართველოს ირანიდან გაზმომარაგება შეიძლება, კვლავ რეალური განხილვის საგნად გადაიქცეს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ რუჰანის არჩევით ირანისა და დასავლეთის ურთიერთობებში, შესაძლოა, დათბობა დაიწყოს და სანქციები შესუსტდეს. ამ შემთხვევაში, ირანი, რომლის დადასტურებული გაზის მარაგები, ბოლო შეფასებებით, რუსულსაც კი აღემატება, შეიძლება, კვლავ გამოჩნდეს მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე საწვავის ერთ-ერთი უმთავრესი მომწოდებლის სახით.

ექსპერტების აზრით, ენერგობაზრებზე სიტუაციის ამ სცენარით განვითარება ევროპისთვის “სამხრეთის გაზის დერეფნის” - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშრუტის მნიშვნელობას კარდინალურად შეამცირებს. ბაქო შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ობიექტადაც იქცეს იმ პრობლემების გამო, რაზეც დღეს ევროპას “თვალის დახუჭვა” ურჩევნია. საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე და ა.შ. საქართველოსაც, ყაზახურ და ირანულ გაზზე იოლი ხელწვდომის მიღების შემთხვევაში, ეძლევა შანსი, რომ აზერბაიჯანისთვის, “დამყოლი” ტრანზიტორის ნაცვლად, მომთხოვნ გადამყიდველად, ანუ ისეთ რეექსპორტიორად იქცეს, როგორიც ბაქოსთვის თურქეთია.

საინტერესოა, რომ ირანის გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე დაბრუნება შეიძლება, რუსეთისთვისაც პოზიტიური იყოს. ევროპისთვის მისაწოდებელი საექსპორტო გაზის საბადოების ამოწურვისა და უკრაინაზე გართულებული ტრანზიტის ფონზე, ძნელი გამოსარიცხია, რომ მოსკოვმა საბჭოთა კავშირის დროინდელი მექანიზმი არ აამოქმედოს. კერძოდ, მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში თავის სტრატეგიულ მოკავშირეს, სომხეთს (“გაზპრომის” საკუთრებაში მყოფ “არმროსგაზპრომს”) შეიძლება, ევროპის მიერ შესყიდული ირანული გაზის თავრიზი-მეგრის გაზსადენით იმპორტის და შესაბამისი ოდენობის რუსული და, ასევე, ირანული გაზის ევროპაში ექსპორტის (“სვოპი”) სქემით მუშაობა დაავალოს.

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, რუსეთის, ან ირანის მხრივ შეიძლება, კვლავ წამოიჭრას რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი საქართველოს “ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის” პრივატიზების საკითხი. ჰასან რუჰანის მთავრობასთან მოლაპარაკება სწორედ ამ გაზსადენის სტრატეგიული ადგილისა და როლის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს. გასათვალისწინებელია, რომ რვა წლის წინ, ამ გაზსადენის ხელში ჩაგდებას რუსული მონოპოლისტი “გაზპრომი” ცდილობდა.

რუსული ენერგოკომპანიების სტრატეგიას, უწინარეს ყოვლისა, მათზე სახელმწიფოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლი განაპირობებს, რომელიც აღნიშნულ სამეწარმეო სუბიექტებს რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების აქტიურ გამტარებლებად აქცევს. აქედან გამომდინარე, ანტიირანული სანქციების გაუქმების შემდეგ, “გაზპრომს”, სავარაუდოდ, დაევალება, სომხეთ-საქართველოს გაზის ქსელი რევერსით, ანუ გაზის ნაკადის საპირისპირო მიმართულებით - სამხრეთიდან ჩრდილოეთით გასატარებლად გამოიყენოს, როგორც ირანული გაზის ევროპაში ტრანზიტის გზა.

სწორედ ამით იყო გამოწვეული 2005 წელს “გაზპრომის” ინტერესი ჩვენი მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებისადმი. სხვაგვარად ვერ აიხსნება “გაზპრომის” სურვილი მაღალი სიმძლავრის, მაგრამ დაუტვირთავი გაზსადენით, რომლითაც სომხეთი რუსული გაზით მარაგდება. ამიტომაც იყო, რომ 2007 წელს “გაზპრომმა” მხარი დაუჭირა ირანიდან სომხეთში გაზსადენის მშენებლობას. მეტიც, მან მონაწილეობა მიიღო გაზსადენის დაფინანსებაში - “გაზპრომიდან” 140 მლნ. დოლარის კრედიტით გაზსადენის სომხური, 120-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიყვანეს. გაზსადენი 2007 წლის 20 მარტიდან ფუნქციონირებს.

ამავე დროს, “გაზპრომი” აქტიურადაა ჩართული ირანის “სამხრეთ ფარსის” გაზის საბადოს ათვისებაში. “გაზპრომი” ამ ირანულ სტრუქტურაში 30-პროცენტიან წილს ფლობს და ჩრდილოეთ ირანის მიმართულებით 56-დუიმიანი გაზსადენის მშენებლობას გეგმავს. მაშასადამე, საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში, “გაზპრომს” ექნება საკუთარი, ირანში მოპოვებული გაზი და მილი (ჩვენი “მაგისტრალური გაზსადენი”) ევროპაში გაზის გადასაგზავნად. ამასთან, ვინაიდან 1998 წლის შემდეგ, “არასასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების” შესახებ კანონის მოთხოვნით, ყველა სახელმწიფო ობიექტი მიწიანად უნდა გაიყიდოს, “გაზპრომს”, ამ გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში, ექნება მილი თავის მიმდებარე მიწიანად, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, გაზსადენის უსაფრთხოების დაცვის მოტივით, გარკვეული სამხედრო კონტიგენტის გამოყენება მოითხოვოს.

შეუძლებელია, დაეთანხმო მოსაზრებას, რომ “გაზპრომს” ჩვენი გაზსადენი თითქოს თურქეთში გაზის ტრანზიტისთვის სჭირდება. აღმოსავლეთ თურქეთის ბაზარი რუსეთსა და ირანს ისედაც ათვისებული აქვთ. “მაგისტრალური გაზსადენის” პრივატიზებითა და გაზის ნაკადის მიმართულების შეცვლით კი, რუსეთი ევროპაში გაზის მონოპოლისტის როლს განიმტკიცებს - ბალტიის ფსკერზე “ჩრდილოეთ ნაკადის” გაყვანის შემდეგ, ე.წ. ძველი გაზსადენებითა და ირანული გაზით გარანტირებული ექნება ევროპაზე ხანგრძლივი გეოპოლიტიკური ზემოქმედება, თან კიდევ უფრო “მიიბავს” სტრატეგიულ პარტნიორებს - სომხეთსა და ირანს.

აღნიშნული მოსაზრება დაადასტრა “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარის, ალ. მილერისა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის, ა. მოვსისიანის მოლაპარაკებებმა. არსებული მონაცემებით, მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხო “არმროსგაზპრომში”, რომელიც, პრაქტიკულად, სომხეთის გაზის ქსელის მფლობელია, მთავრობის დარჩენილი 20%-ის გაყიდვას. ამ ქსელით ევროპისკენ ირანული გაზის ტრანზიტისთვის რუსეთს, სავარაუდოდ, საქართველოს “ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის” დასაკუთრება დასჭირდება.

პრესის ინფორმაციით, დსთ-ს ელექტროენერგეტიკული საბჭოს 44-ე სხდომაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემები ორი გადამცემი ხაზით - „დერბენტი“ (330 კვტ) და „იალამა“ (110 კვტ) უკვე დაკავშირებულია. თავის მხრივ, ენერგოგაცვლა აზერბაიჯანსა და ირანს შორის ხორციელდება ხაზებით - „ფარსაბად-1“ (230 კვტ), „ფარსაბად-2“ (330 კვტ), „ასტარა“ (110 კვტ) და „ჯულფა-არაზი“ (132 კვტ). აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ენერგოსისტემების სინქრონიზაცია ამ ქვეყნებს ელექტროენერგიის სამმხრივი გაცვლის საშუალებას მისცემს. ამასთან, ეს სისტემა რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის საშუალებასაც იძლევა.

ამავდროულად, რეგიონში ხორციელდება სინქრონიზაციის სხვა ელექტროენერგეტიკული პროექტებიც. კერძოდ, საქართველო მესამე წელია, ახორციელებს ელექტროენერგიის ექსპორტს ოთხივე მეზობელ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთსა და თურქეთში. საქართველოს ენერგეტიკული უწყება განსაკუთრებით ძვირი თურქული ბაზრის მიმართულებით აქტიურობს. ევროკავშირის სამეზობლო ფონდისა და მსხვილი ევროპული საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება „შავი ზღვის რეგიონული გადამცემის” პროექტი - ეს 500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს ზესტაფონს, ახალციხესა და გარდაბანს. პარალელურად, ახალციხეში ახალი ქვესადგური აშენდა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თურქეთის ართვინის პროვინციაში მდებარე ქალაქ ბორჩხას ქვესადგურს.

ამ ქსელის შესაქმნელად აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის შენდება 400 და 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები და მონტაჟდება 700 მეგავატი მუდმივი დენის ჩანართი (ახალციხე). ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ინფრასტრუქტურას. ქართულმა მხარემ თავისი წილი სამუშაოები უკვე დაასრულა, რაც ქვეყნის ენერგოსექტორს მალე მისცემს ხელშესახებ შედეგს. აქვე, აღსანიშნავია, რომ თურქეთში საბითუმო ტარიფი - 10-11 ამერიკული ცენტი კვტ/სთ-ზე საქართველოს ტარიფზე ორჯერ მაღალია და, შესაბამისად, სწორედ თურქეთის მიმართულებითაა საჭირო ელექტრო ინფრასტრუქტურის განვითარება. მას შემდეგ, რაც თურქეთისკენ ორივე - 400 და 500-კილოვოლტიანი ხაზი აშენდება, საქართველოსა და თურქეთს შორის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 2000 მეგავატი იქნება. თურქეთის გავლით, ელექტროენერგიის გაყიდვა შესაძლებელი გახდება სირიასა და ერაყშიც.

ამასთან, თურქეთი 2011 წლის ბოლოდან შეუერთდა ერთიან ევროპულ ენერგოსისტემას და მას შემდეგ, რაც საქართველო-თურქეთს შორის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ახალი ხაზი იარსებებს, შესაძლებელი იქნება ჩვენი და აზერბაიჯანული ელექტროენერგიის გაყიდვა ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომაა მომგებიანი საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის თურქეთში გატანა, თუმცა მხოლოდ საქართველოს ენერგოსისტემაში ევრორეგულაციების დანერგვა (მესამე მხარის დაშვება, საწარმოთა განცალკევება მფლობელობის დონეზე), თურქეთში იგივე რეგულაციების დანერგვის გარეშე, ეფექტიანი არ იქნება. საქმე ისაა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მომხდარი პრივატიზებით ისეთი კერძო კომპანიები აღმოჩნდნენ, რომლებიც ერთდროულად ფლობენ გენერაციის, გადაცემის და დისტრიბუციის ობიექტებს. მათთან გაფორმებულია მრავალწლიანი ხელშეკრულებები და მათი მფლობელობის დონეზე განცალკევება გულისხმობს არსებული საინვესტიციო ხელშეკრულების გადასინჯვას და ზოგჯერ მათთვის ქონების ჩამორთმევასაც, რაც უარყოფითად აისახება ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობასა და საინვესტიციო გარემოზე...

აზერბაიჯანის რუსეთ-ირანის ერთიან ქსელში ჩართვა საქართველო-თურქეთის „შავი ზღვის რეგიონული გადამცემის” პროექტის თავდაპირველი სიმძლავრით განხორციელებას, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის. “ბი-სი-ტი-ენ”-ი დაკავშირებულია გარდაბანის ქვესადგურთან - აზერბაიჯანის დამაკავშირებელ ხაზთან, რომლის აგების მიზანი იმთავითვე, საზღვრებზე ელექტროენერგიის თავისუფალი გაცვლის გზით, რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის შექმნა იყო. 

2013 წელს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სპეციალურ თავზე ენერგეტიკისა და ტრანზიტის შესახებ. მისი პარაფირება მოხდა 2013 წლის ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსში, “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტზე. 2014 წელს ამ ხელშეკრულების წარმატებით გაფორმებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ექნება, თუ რამდენად აარიდებს თავს ქართული მხარე იმ ვალდებულებების აღებას, რომლებიც შეიძლება, ზემოაღნიშნულ რისკებს შეიცავდეს. სწორედ ასეთ რისკებს მიეკუთვნება აზერბაიჯანიდან საჭირო რაოდენობით ელექტროენერგიის შესაძლო მიუღებლობა გარდაბანში, რაც შეიძლება, რუსეთ-ირანის ზემოაღნიშნულ ერთიან ქსელში აზერბაიჯანის ჩართვამ გამოიწვიოს.

საქართველოს ჰიდროგენერაციის სექტორში საინვესტიციო პროექტებს, ქართული კომპანიების გარდა, რამდენიმე უცხოური კომპანიაც ახორციელებს. მათ შორისაა “აჯარ ენერჯი”, “ჯორჯიან ურბან ენერჯი” (“ანადოლუ-გრუპის” პარტნიორი), “იურალ ინსაათ ტიჯარეტ ა.ს.”, “ოპტიმუმ ენერჯი”, “კოლინ კონსტრაქშენ”, “ბახვი ჰაიდრო” (ესტონეთი), “ტრანს ელექტრიკ” (ინდოეთი), “ზოტი ჰაიდრო”, “უინდ ენერჯი ინვესტმენტ” (ჩეხეთი), “დარიალი ენერჯი” (აშშ), “ქლეან ენერჯი” (ნორვეგია), “სინო ჰაიდრო-ნესკრაჰესი” (ჩინეთი). ამასთან, თურქი და კორეელი ინვესტორების ნამახვანის პროექტიდან გასვლის შემდეგ, ჩვენი ინფორმაციით, ამ პროექტში შემოსვლას ოფშორული კომპანია აპირებს.

ექსპერტები ზოგი კომპანიის უკან სპეცსამსახურების ინტერესებსა და პროექტების ჩასაშლელად ძირგამომთხრელ საქმიანობას არ გამორიცხავენ. ეს საქართველოში სტრატეგიული ენერგოპროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და ხელს შეუშლის ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

აზერბაიჯანის ფაქტორი

„შაჰ-დენიზის“ საერთაშორისო კონსორციუმის მიერ 2013 წლის 28 ივნისს ჩატარებულ ტენდერში „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ („ტაპ“) გამარჯვების შემდეგ, ბევრი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ კასპიისპირეთის გაზი ევროპის ბაზარზე მალე შევიდოდა, რაც ამ ბაზარზე „გაზპრომის“ 35-წლიანი მონოპოლიისათვის სერიოზული საფრთხე იქნებოდა. მოვლენები ნავარაუდევზე სწრაფად ვითარდება...

2013 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმმა, რომელსაც ბრიტანული ენერგოგიგანტი „ბი-პი“ უდგას სათავეში, ევროპის გაზგამანაწილებელ კომპანიებთან 100 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების 25-წლიანი მიწოდების კონტრაქტები გააფორმა. „ბი-პიდან“ მიღებული ინფორმაციით, 2019 წლიდან, ცხრა ევროპულ კომპანიას, ყოველწლიურად 10 მლრდ კუბმეტრი აზერბაიჯანული გაზი გაეგზავნება. კონტრაქტების თანახმად, დაახლოებით, ორი მლრდ კუბმეტრი გაზი ყოველწლიურად უნდა მიეწოდოს ბულგარეთსა და საბერძნეთს, რვა მლრდ კუბმეტრი აირი იტალიაში და მის ჩრდილოეთით მდებარე ევროპულ გაზის „ჰაბებში“ გაიგზავნება. აზერბაიჯანის ამგვარი წარმატება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც კარგი სტიმულია.

მართალია, მოსკოვმა, 2012–2013 წლებში საკმაო პროგრესს მიაღწია ნახშირწყალბადების ახალი საექსპორტო მარშრუტების გახსნაში, მაგრამ ბაქომ ტოლი არ დაუდო და დასავლეთისკენ თავისი ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისთვის არანაკლებ სერიოზული ნაბიჯები გადადგა. სავარაუდოდ, მოსკოვის ყოველ კონკრეტულ ნაბიჯს მოჰყვება ბაქოს საპასუხო სვლა და პირიქით... ამიტომ, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკაც შესაბამის მოქნილობას უნდა ავლენდეს... 

ბაქო მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2011 წლის 8 ოქტომბერს, მოსკოვმა ბალტიკის ფსკერზე „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის მეორე რიგის მშენებლობა დაასრულა და 7 დეკემბერს შავ ზღვაზე, „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის დაწყება გამოაცხადა. ამავე დროს, აზერბაიჯანმა „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირების ტენდერში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ორამდე შეამცირა. ე.ი. თუ რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს (ან გააფართოვოს) ევროპის გაზის ბაზარზე თავისი წილი, აზერბაიჯანი მიზნად ისახავს, გახდეს ევროკავშირის გაზმომარაგების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი წყარო.

ამ ფრონტზე მოსკოვის უდიდესი მიღწევა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის მეორე მილის მწყობრში ჩადგომაა. 2011 წლის ოქტომბერში დასრულებული ამ გრანდიოზული მშენებლობით, რომელიც 30 თვე გაგრძელდა, „გაზპრომი“ ცდილობს, გააორმაგოს სისტემის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 27.5 მილიარდი კუბმეტრიდან  55-მდე.

1224 კმ სიგრძის ეს მარშრუტი, ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის გავლით, ბალტიის ზღვის ფსკერზე „პორტოვაიას ყურედან” გერმანიის პორტ გრეიფსვალდამდეა გადაჭიმული. ის სრული დატვირთვით ჯერ არ ფუნქციონირებს, თუმცა ამ გაზსადენის მეორე მილის გახსნის შედეგია რუსეთის საექსპორტო გაზის მნიშვნელოვანი მოცულობების უკრაინის მილსადენების ტრადიციული  მარშრუტების გვერდის ავლა, რითიც რუსეთის ხელისუფლება შეძლებს, კიევს წარმატებით წაუყენოს პოლიტიკური მოთხოვნები. ამ მოთხოვნებს შორისაა: რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება, ევროკავშირსა და ნატო-სთან თანამშრომლობაზე, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მოსკოვისადმი კონკურენტულ ბლოკებში (მაგალითად, „სუამი“) მანაწილეობაზე უარის თქმა და ა.შ.  2012 წლის ცხრა თვეში, უკრაინის სატრანზიტო ქსელით ევროპაში 62.8 მლრდ კუბმეტრი გაზი გადაიგზავნა, რაც 15.4 მლრდ კუბმეტრით, ანუ თითქმის 20%-ით ნაკლებია 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „გაზპრომმა“გაზის ეს მოცულობა, სავარაუდოდ, „ჩრდილოეთის ნაკადით“ გადააგზავნა, თუმცა ამ გაზის ნაწილი სახმელეთო გზით - ბელორუსიის „ბელტრანსგაზის“ (რომელიც „გაზპრომის“ საკუთრებაა) მილსადენებითაც გაგზავნა.

შედეგად, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, საჯაროდ გამოეცხადებინა, რომ სწავლობს საბაჟო კავშირში უკრაინის შესვლის შესაძლებლობას. ამას რფ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირი მითითებაც მოჰყვა: „გინდათ გაზის პრობლემის მოხსნა? გაწევრიანდით საბაჟო კავშირში!“ ამასობაში, რუსული „გაზპრომის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლიურად 100 მლრდ კუბმეტრი ბუნებრივი აირის მოცულობა, რომელიც, როგორც წესი, მიედინება უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის მეშვეობით, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად არ შემცირდება. სავარაუდოდ, ტრანზიტის დაღმავალი ტენდენცია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გაღრმავდება, თუკი კიევში შეეცდებიან, რომ შეამცირონ რუსული გაზის იმპორტი და გააგრძელონ გაზსატრანსპორტო ქსელის დაუფლებაში მოსკოვისადმი წინააღმდეგობა.

2012 წელს მოსკოვის მიერ მიღწეული უფრო აბსტრაქტული წარმატებაა ის, რომ „გაზპრომმა“ ბრიტანელებთან შემხვედრი ნაბიჯი გადადგა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაფართოებისაკენ. რუსულმა გაზის მონოპოლისტმა განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი, გაიმართოს მოლაპარაკებები ბრიტანულ „ბი-პი-სთან“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მესამე მილის მშენებლობაზე. ორმა კომპანიამ გადაწყვიტა, შეიმუშავოს ბალტიის ზღვისქვეშა გაზსადენის ჩრდილოეთის ზღვაში გაგრძელების გეგმები. საამისოდ, დიდ ბრიტანეთამდე 600 კმ სიგრძის წყალქვეშა გაზსადენის გაყვანა იქნება საჭირო. ამასთან, „გაზპრომმა“ მიანიშნა, რომ მზადაა, ბრიტანეთის ბაზარზე ყოველწლიურად 18-19 მლრდ კუბმეტრი გაზი გაგზავნოს, რაც ჩრდილოეთის ზღვაში ამოწურვის პირას მყოფ ბრიტანული გაზის მარაგებს დააბალანსებს.

მართალია ამ ახალი რუსულ-ბრიტანული პროექტის ირგვლივ ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია და გასარკვევია, თუ რამდენად გასცდება ეს განხილვები თეორიულ მსჯელობას, მაგრამ ზემოაღნიშნული მოლაპარაკებიდან აშკარაა, რომ მოსკოვის ევროპულ ამბიციებს საზღვარი არ აქვს. მეტიც, კრემლი ცდილობს, კიევს აჩვენოს, რომ უკრაინის გვერდის ასაქცევად ახალ-ახალ საექსპორტო დერეფნებს გამოიყენებს.