ლარის კურსი ყოველდღიურად მყარდება და უკვე 1.72-ის ფარგლებშია, 1 კვირის წინ კი, დოლართან მიმართებაში, 1,78-ის ნიშნულზე იყო. გაცილებით მეტად პოზიციები ეროვნულმა ვალუტამ ევროსთან მიმართებაში გაიმყარა. ლამის, ყოველ დღე ლარი ევროპულ ვალუტასთან მიმართებაში 100 პუნქტით იუმჯობესებს პოზიციებს და ახლა 2,35-ის დიაპაზონშია. ასეთი ტენდენცია, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
4-თვიანი დევალვაციის შემდეგ, ბოლო ერთი კვირაა, ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო. თუ აქამდე ეროვნული ბანკი დოლარს ყიდდა, ახლა საპირისპირო ტენდენციაა. უკვე მესამედ რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის მთავარმა საფინანსო ინსტიტუტმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა, რამაც საერთო ჯამში, 60 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრიდან დღემდე, ეროვნული ვალუტის მხარდასაჭერად ეროვნული ბანკმა 440 მილიონი დოლარი გაყიდა.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლარი გამყარებას მომავლაშიც გააგრძელებს და შეიძლება 1,7-საც კი ჩამოცდეს. ამის მანიშნებელია ისიც, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 12 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 4% შეადგინა. ბანკი თავის გადაწყვეტილებას ბოლო პერიოდში ეკონომიკის გამოცოცხლებით ხსნის.
ეს ნიშნავს, რომ შერბილებული მონეტარული პოლიტიკის დრო, რომელიც ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა. ახლა სებ-ში სეზონაურ ინფლაციას უფრთხიან. ამიტომ, ბრუნვაში ზედმეტი ფულის მასის გაშვებისგან არათუ თავს შეიკავებენ, არამედ, შესაძლოა, შეამცირონ კიდეც. ამას თავისთავად მოჰყვება კურსის გამყარება, რომლის შედეგებიც დღეს უკვე სახეზეა.
როგორც ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში აცხადებენ, ინფლაცია მიზნობრივ დონეს (6%-ს), სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება (იანვარში მთლიანმა ინფლაციამ 2.9% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა).
წინასწარი შეფასებით, ნოემბერ-დეკემბერში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 8%-ს გადააჭარბა. „აქედან გამომდინარე, მეოთხე კვარტალის საპროგნოზო ზრდა 6.9%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანად 2013 წლის მშპ-ს ზრდა 3.1%-ს მიაღწევს. მეოთხე კვარტალში ეკონომიკურ ზრდას საგარეო მოთხოვნასთან ერთად (რაც წინა პერიოდებშიც აქტიური იყო), შიდა მოთხოვნის გააქტიურებამაც შეუწყო ხელი. მის გააქტიურებაზე მიუთითებს იმპორტის მაღალი წლიური ზრდის ტემპები, განსაკუთრებით აღსანიშნავია საინვესტიციო იმპორტის ზრდა, რამაც მომდევნო პერიოდებში ეკონომიკური ზრდის აღდგენა უნდა წაახალისოს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„2013 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.8%-ით გაუფასურდა. აღნიშნული გაუფასურების გავლენა სამომხმარებლო ფასებზე, დაახლოებით, 1 პროცენტულ პუნქტს შეადგენს, რაც უკვე გათვალისწინებულია ინფლაციის მიმდინარე პროგნოზში“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
აღნიშნული პარამეტრებისა და ტენდენციის გათვალისწინებით, საფინანსო ინსტიტუტში ფიქრობენ, რომ იაფი ფულის აუცილებლობა აღარ არსებობს.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მნიშვნელოვნად შერბილებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობს და გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი იმ დაშვებით, რომ ზემოთაღნიშნული ტენდენციები შენარჩუნდება შემდეგ პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „ბიპიენი“ ავრცელებს.
რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი გადახედვა 26 მარტისთვის არის დაგეგმილი. თუკი იქამდე ეკონომიკა ცოტათთი მაინც გამოცოცხლდა (როგორც მთავრობაში ამტკიცებენ) და სეზონური ინფლაციაც გაიზარდა (რაც წლის ამ პერიოდისთვის ჩვეული მოვლენაა), გამორიცხული არ არის მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს.