2 თვეში ანტიმონოპოლიური სამსახური ამოქმედდება

2 თვეში ანტიმონოპოლიური სამსახური ამოქმედდება

სულ რაღაც 2 თვეში კონკურენციის საააგენტო, ანუ ანტომონოპოლიური სამსახური უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტი უკვე მზად არის და თვის ბოლომდე პარლამენტი მის განხილვას დაიწყებს. მთავრობა კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე უკვე ერთი წელია მუშაობს და კონსულტაციები ყველა ბიზნეს ასოციაციასა და დაინტერესებულ პირთან გაიარა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპრილისთვის სააგენტო უკვე შექმნილი უნდა იყოს. ეს დრო მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სააგენტომ რაც შეიძლება მალე და დროულად დაიწყოს საქმიანობა“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.

კანონპროექტის მიხედვით, ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სსიპ-ი, „კონკურენციის სააგენტო“, რომლის საქმიანობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად, ხელისუფლებაში მყოფი პირები ვერ ჩაერევიან.

„სააგენტო დამოუკიდებლად შეისწავლის ქვეყანაში არსებულ გარემოს, ანალიზისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების გათვალისწინებით. აქამდე თუ არ არსებობდა მომჩივანის ან განმცხადებლის საჩივარი, არ ხდებოდა არანაირი ქმედების განხორციელება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში იქნება დამოუკიდებელი ერთეული, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის წინაშე და მის ხელმძღვანელს 5 წლის ვადით დანიშნავს პრემიერ–მინისტრი საქართველოს პარლამენტთან შეთანხმებით. დამოუკიდებლობის გარანტიები მაქსიმალურად გაწერილია, რომ მისი ასახვა კანონში მოხდეს და რომ არ მოხდეს შეზღუდვა ფუნქციონალურად.

არსებული კანონით, დამოუკიდებლად სააგენტო ვერ უზრუნველყოფს, რომ მოკვლევა ჩაატაროს და ესა თუ ის ბაზარი შეისწავლოს. „მოქმედ კანონში წერია, რომ მისი საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს და მიმართულებებს. იმის იქით ის ვერ წავა. დღესაც ასეა, რომ უნდა იყოს მომჩივნის ან განმცხადებლის განცხადება. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია განვითარდეს, ძალიან მნიშნელოვანია, რომ სააგენტო მუდმივად უზრუნველყოფდეს ბაზრის კვლევებს, ანალიზებს და რეალურ სურათს დებდეს კონკურენციის გარემოზე, რათა შეიქმნას რეალური სურათი თუ რა მიმართულებით არის ქვეყანაში პრობლემა, რათა ის პრობლემა აღმოიფხვრას“, - ამბობს მიქელაძე.

ერთია კანონის მიღება და მეორე სააგენტოს ჩამოყალიბება. ასევე მნიშვნელოვანია სააგენტოში დასაქმებული კვალიფიციური კადრები. ამასთან დაკავშირებით მთავრობას დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერა უკვე აქვს. დაიწყება კადრების შერჩევა, გადამზადება, ტრენინგები და ა.შ.

რაც შეეხება სანქციას, კანონპროექტში საჯარიმო სახით ჩადებულია წინა წლის ბრუნვის არაუმეტეს 10 პროცენტისა, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება დარღვევის ხასიათზე და შინაარსზე. სააგენტოს გადაწყვეტილება არ იქნება საბოლოო, რადგან სასამართლოს გზით ამა თუ იმ პირს შეუძლია სააგენტოს გადაწყვეტილება სადავო გახადოს.

სპეციალისტები უკვე ასახელებენ იმ მიმართულებებს, სადაც აშკარა და თვალსაჩინოა მონოპოლიური სქემები. ეკონომიკის ექპერტს დემურ გიორხელიძეს ასეთად ნავთობპროდუქტებისა და კვების პროდუქტების ბიზნესი, წამლის იმპორტიორები მიაჩნია.

„ისინი წარმოადგენენ მონოპოლიურ ჯგუფებს, რომელსაც მხარს უჭერდა არა მარტო ძველი ხელისუფლება, არამედ ახალი ხელისუფლებაც. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში არ არსებობს საბაზრო ეკონომიკა. აქ არის რაღაც ბოლშევიკური ეკონომიკისა და ტერმინ საბაზრო ეკონომიკაზე აგებული მუტანტური სისტემა, რომელიც სულს ღაფავს.

თუ სერიოზული კანონი იქნება, მაშინ მან უნდა დაანგრიოს ეს მონოპოლიური სუბიექტები და ყველამ კონკურენტულ გარემოში გააგრძელოს მუშაობა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე მათგანს ქონების ექსპროპრიაცია ან რაღაც ჩაუტარდეს. მე თუ ვაკრიტიკებ მათ, ერთადერთ რამეს მოვითხოვ, ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი თამაშის წესებით ითამაშონ, იგივე წესებით, რა წესებითაც ითამაშებს ნებისმიერი სხვა სუბიექტი. სანამ ამას არ გააკეთებს მთავრობა, არაფერი ეშველება ამ მონოპოლიას“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.