საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი დაიწუნა და მეორედაც არ დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 17-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 22 დეპუტატი. საკითხის მიღებისათვის ქვორუმი შეადგენდა 24-ს. სულ კენჭისყრაში საკრებულოს 39 დეპუტატი მონაწილეობდა.
როგორც საკრებულოს სხდომის დასასრულს ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, თბილისის 2014 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი აბსურდია და მისი მიღება გაუმართლებელია. მისივე თქმით, დისკრედიტირებული მთავრობა უნდა წავიდეს.
შიხიაშვილის შეფასებით, რეალურად ეს არის უტოპიური ბიუჯეტი, რისი შესრულებაც მოუწევს დედაქალაქის ახალ მთავრობას, რომელიც მაისის შემდეგ უნდა მოვიდეს არჩევნებით ხელისუფლებაში. მეტიც, ეს იქნება თბილისის ახალი მთავრობისთვის დიდი ტვირთი. იგი ვერ შეასრულებს ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ ამოცანებს და მოსახლეობას დიდი პრობლემები შეექმნება.
მანამდე კი თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარებდა. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ილია ათანასოვმა საკრებულოს წევრებს 65 მლნ ლარით გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
როგორც ათანასოვმა სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტი 850 მილიონ ლარს შეადგენს და იგი 65 მილიონი ლარით, ძირითადად, არაფინანსური აქტივობის კლების ხარჯზე, ანუ პრივატიზაციიდან შესული თანხებით გაიზრდება.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, დაახლოებით 50 მილიონი ლარის გარღვევაა მოსალოდნელი.
მისივე ინფორმაციით, არაფინანსურმა აქტივობებმა წლის დასაწყისში დაგეგმილი 10 მილიონის ნაცვლად, 35 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს მერიის მიერ საკრებულოში პირველად შეტანილი ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი იყო 15 მლნ ლარი, 10 დეკემბერს წარდგენილი ბიუჯეტით - 35 მლნ ლარი, დღეს კი ეს ციფრი 100 მლნ ლარს შეადგენს.
შიხიაშვილის განმარტებით, არაფინანსური აქტივობები ნიშნავს, რომ მერიამ აღნიშნული თანხა გარკვეული შენობების გაყიდვით უნდა მიიღოს. „თუ ეს ვერ მოხდა, არჩევნების წელს ბიუჯეტი ჩავარდება და „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისკენ“ გაიშვერს ხელს, რომ იგი უუნაროა“, - განაცხადა შიხიაშვილმა.
მანვე ილია ათანასოვს მადლობა გადაუხადა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენისთვის და დასძინა, რომ ამ ბიუჯეტმა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე ამხილა. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერს სურს ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე არსებობდეს და პროგრამების შესრულება მხოლოდ დაპირებებად დარჩეს.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტს ხელისუფლების მიმართ დაგეგმილი საბოტაჟი უწოდა და აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის ავტორები არიან გიგი უგულავა, სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე, რომლებსაც მოსახლეობის სახელით საუბრის უფლება არ აქვთ.
„ამ მარაზმს წერტილი უნდა დაესვას. ან გადადგებიან, ან იმის ხარჯზე, რომ ეგენი წავიდნენ, ჩვენც გადავდგებით, მაგრამ ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.
მას არც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ჩამორჩა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ბიუჯეტის შევსება პრივატიზაციის გზით 2%-ს არ სცდება. თუმცა მერიის მიერ განახლებული ბიუჯეტის პროექტში ეს რიცხვი 12%-ს აღწევს. ამას მოჰყვა სიტყვიერი შეკამათება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის“ თავმჯდომარეს - თამაზ შოშიაშვილსა და ჯაბა სამუშიას შორის, რის შემდეგაც სამუშიამ კოლეგებს მოუწოდა, აღნიშნული ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირონ.
სხდომის პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საკრებულოს გარეთ. აქციის მონაწილენი საკრებულოს სთხოვდნენ, ნაციონალების მიერ შეთავაზებული ბიუჯეტისთვის მხარი არ დაეჭირა. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ქალაქში დროებითი მთავრობის დანიშვნა, რასაც უკვე ახალი მერის არჩევნების ჩატარება მოჰყვება. „ნაციონალების დემონტაჟი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. პასუხისგებაში მიეცნენ გიგი უგულავა, სევდია უგრეხელიძე და სხვები“, - ასეთი იყო აქციის მონაწილეების პოზიცია.
თავის მხრივ, საკრებულოს უმრავლესობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ბიუჯეტის 65 მილიონით გაზრდას ავანტიურისტული უწოდა. მათი აზრით, თბილისის მერია თბილისელებთან შეუთანხმებლად, თბილისელების ქონების, მიწებისა და შენობების გაყიდვას აპირებს და გასაყიდ ობიექტთა რიცხვშია ჭადრაკის სასახლე, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის ტერიტორიები და სხვა. ამ მეთოდით კი ნაციონალებს სურთ, გააჩინონ განცდა, თითქოს, ფული არსებობს, მაგრამ, თუ ეს ობიექტები არ გაიყიდება, ცხადია, ბიუჯეტი არ შედგება და იგი გაირღვევა.
დღის ბოლოს განცხადება გაავრცელეს თბილისის მერიაში. ისინი მზად არიან, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, გადადგნენ, თუმცა პოსტი საკრებულოს თავმჯდომარემაც უნდა დატოვოს.
ჩვენ შევეცადეთ სევდია უგრეხელიძესთან დაკავშირებას, თუმცა მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სევდია უგრეხელიძე და სხვანი დამატებით კომენტარს აღარ გააკეთებდნენ, რადგან მერიამ ერთხელ უკვე გააკეთა განცხადება და ხელმეორედ პოზიციის დაფიქსირებას აღარ აპირებდა.
რაც შეეხება სევდია უგრეხელიძის მიერ ერთხელ და სამუდამოდ გაკეთებულ განცხადებას, იგი ასე ჟღერდა: „თუ ხარჯვითი ნაწილის გაკონტროლება სურთ, ან საერთოდ, თუ ლაპარაკია თბილისის მთავრობის წარმომადგენლების უნდობლობასა და გადადგომაზე, იქვე დგება ჩვენი მოთხოვნაც - ასევე, გადადგეს ირაკლი შიხიაშვილი და „ნაცმოძრაობიდან“ გადაბარგებული წევრები, რომლებიც თურმე მხოლოდ თანამდებობისა და სკამების გამო იყვნენ „ნაცმოძრობაში“.
მოგვიანებით ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს მიღებული და არც ერთი ჭკუათმყოფელი ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. მანვე განმარტა, რომ მერიიდან მიიღო ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ 10-10%-ით შემცირდეს პროგრამები და ამით დაკმაყოფილდეს საკრებულოს მოთხოვნები. თუმცა, მისი აზრით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება უკვე ვაჭრობას დაემსგავსა.
„იმის მაგივრად, რომ სერიოზულად ემსჯელათ ამ ყველაფერზე, მთლიანად ფარსის ბურუსში შეფუთეს ეს ყველაფერი. თუ 10-10%-ით შესაძლებელი იყო ამის დაკლება, რატომ არ დააკლეს, როცა შემოჰქონდათ ბიუჯეტი და რატომ გაზარდეს საპნის ბუშტივით, მთლიანად თბილისის ბიუჯეტი. თუ ეს შესაძლებელი იყო ვინ უშლიდათ ხელს? უბრალოდ, ყველაფერზე მიდიან ერთი მარტივი მიზეზის გამო, თბილისელების მიერ შექმნილ ბიუჯეტში უნდათ ხელი აფათურონ. მე სხვა მოსაზრება უკვე აღარ დამრჩენია“, - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისი თქმით, მცდარია ზოგიერთების ნათქვამი, რომ თურმე მძინარე თბილისს მოპარეს ქალაქის მერი. ეს მაშინ, როცა მერი თვითონ იყო ბიუჯეტის ქურდი და ასეთი ბრალდება აქვს მას წაყენებული. სწორედ ასეთი ბრალდების მქონე პირის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას შეეძლო, წლობით ხელი ეფათურებინა ბიუჯეტში და დაეფინანსებინა საკუთარი პარტია,
For.ge-სთან საუბარში „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ადასტურებს, რომ საკრებულოში სიტუაცია დაძაბულია, რაც განპირობებულია იმით, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას გადამწყვეტი უმრავლესობა არ აქვს საკრებულოში. ამის ფონზე კი ორივე მხარეს ჩვეულ სტილში სურს, საკუთარი პოზიცია ბოლომდე გაიტანოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ბიუჯეტი ისევ მისი განკარგვის ობიექტად დარჩეს, ხოლო „ქართული ოცნება“ ცდილობს, თვითონ გახდეს დედაქალაქისა და მისი ფინანსური დოკუმენტის შემქნელიც და შემდგომი მმართველიც.
მამუკა კაციტაძის აზრით, ბუნებრივია, ასეთ პირობებში არაფერი გამოვა და ვერცერთ მხარეს ვერ დარჩება მართვის სადავეები, თუ ისინი არ შეთანხმდნენ კომპრომისულ ინტერპარტიულ ვერსიაზე. არა მხოლოდ ბიუჯეტის მიღების ნაწილში, არამედ შემდგომ ამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლის თვალსაზრისითაც.
„ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ერთთვიანი ვადა აქვთ თბილისის ბიუჯეტის დასამტკიცებლად. გამოსავალს სწორედ ამაში ვხედავ, რომ, როგორც ბიუჯეტის დამტკიცების, ისე ხარჯვით ნაწილში საკრებულოში არსებულ ყველა ჯგუფს შორის კომპრომისული სვლა უნდა მოიძებნოს. დღეს უცებ გამოჩნდა 850-მილიონიანი ბიუჯეტი. არც ეს არ არის ნორმალური, რომ 20 იანვარს შემოტანილ ბიუჯეტს, უცებ, დაახლოებით სამ კვირაში 65 მილიონით ზრდი გასაყიდი ობიექტების ხარჯზე. ჯერ ერთი, გაყიდვა მერიის ერთპიროვნული უფლება არ არის, ამ გაყიდვებზე უფლება უნდა მიიღოს მერიამ, მათ შორის, საკრებულოს მხრიდანაც და, მეორე, გაყიდვადი უნდა იყოს ეს ობიექტები არა ფინანსური აქტივების კლების ხარჯზე. 65 მილიონით ბიუჯეტის ზრდა სხვა არაფერია, თუ არა ჰაერზე ლაპარაკი და ჰაერით დანაპირებების გაცემა. ეს საბოტაჟი კი არა, უფრო უარესია. არაკვალიფიციურობასთან ერთად, მერიის მხრიდან ეს ისეთი ქმედებაა, რომელიც უნდა ისჯებოდეს, რადგან, თუ მერიას რეზერვში გადანახული ჰქონდა 65 მილიონი, მაშინ რატომ არ გამოაჩინა თავიდანვე, როდესაც მან პირველად შემოიტანა ბიუჯეტის პროექტი?! ერთი თვის წინ სად იყო ეს 65 მილიონი? ეს სერიოზულ შესწავლას საჭიროებს“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
რაც შეეხება ირაკლი შიხიაშვილის წინადადებას, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, იგი გადადგება, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ, თუ 11 მარტამდე ბიუჯეტი ვერ მიიღო საკრებულომ, პოსტზე დარჩენას არავინ არ ჰკითხავს არც შიხიაშვილს, არც საკრებულოს რომელიმე წევრს. თბილისის საკრებულოს დათხოვნას კანონი ითხოვს. შესაბამისად, დედაქალაქის თვითმმართველობაში შემოტანილი იქნება ცენტრალური სახელმწიფო მმართველობა.
„ამიტომ დიდსულოვნებას ნურავინ დაიჩემებს და ნუ დაგვამადლის, თანამდებობას დავთმობო, - კანონი დაათმობინებს საკრებულოს თითოეულ წევრს საკუთარ თანამდებობას, თუკი ერთობლივად, კომპრომისების გზით ვერ შევძელით თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მერიის სქემა ჩვეულებრივი საბოტაჟია, რადგან მათ სურთ, 65 მილიონი მოიპოვონ რაღაც ობიექტების გაყიდვით, მაშინ, როცა არავინ იცის, გაიყიდება თუ არა ეს ობიექტები.
„თუ არ გაიყიდება, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ვერ შედგება და გაირღვევა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ეს ნაღმი აქვს ნაგულისხმევი ამ სქემაში, რომ შემდეგ იქილიკონ, აი, ბიუჯეტი გაირღვაო. მათი ეს ზრახვა ჩვენ გამოვიცანით და ჩვენი რეაგირებაც ადეკვატური იყო. როგორც ვხედავ, მერიას ბიუჯეტის ჩავარდნა სურს. სხვა შემთხვევაში, ასეთ არაადეკვატურ, ადვილად გასაშიფრ სქემებს არ გამოიყენებდნენ მიზნის მისაღწევად. როცა ადვილია შენი მზაკვრული ამოცანის დანახვა, ამას არ უნდა აკეთებდე. თუმცა მათ სურთ, საკრებულოს ნდობა არ ჰქონდეს და ბიუჯეტიც ჩავარდეს. ეს ადამიანები ჩვენს ნდობას არ იმსახურებენ. ამიტომ მათ ასეთი რამ შევთავაზეთ, არ ვამბობთ, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, არამედ ჩვენ ვამბობთ, თუკი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომპრომისული წინანადებებისთვის არ ხართ მზად, მაშინ გავაკეთოთ ისე, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ხარჯვით პროცესზე მონიტორინგით ისე დავაბალანსოთ თბილისის მთავრობა, რომ კითხვები არ არსებობდეს და მოქალაქეებიც მშვიდად იყვნენ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც სახლში არ წაიღებენ საბიუჯეტო რესურსებს“, - გვითხრა ზაზა გაბუნიამ.
იგი ადასტურებს, რომ გადადგომის მოთხოვნა კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობაა, თუმცა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ, რომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, რომელიც არაფორმალურად ისევ ასრულებს თავის ფუნქციას, არ მისცენ საშუალება, ისევ გამოიყენონ თბილისის ბიუჯეტი. ზაზა გაბუნიას მიაჩნია, რომ ნაციონალების მთავარი ფინანსური წყარო არის თბილისის ბიუჯეტი, თუ არ ჩავთვლით კეზერაშვილსა და სხვა წყაროებს.