მთავრობას სთხოვენ ბანკების მადა აკონტროლოს

მთავრობას სთხოვენ ბანკების მადა აკონტროლოს

ეკონომიკის ექსპერტები ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართავენ. როგორც ჩანს, ბანკების მადის დაოკება ხელისუფლების ჩარევის გარეშე არ მოხდება. ამიტომ საკითხის შესწავლა და გამოძიება დროულად უნდა მოხდეს.

ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან ალაფიშვილი და გიორგი აბაშიშვილი, მზარდ საბანკო ინტერესებში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კომერციული ბანკებისა და მათთან კავშირში მყოფი კომპანიების მხრიდან მრავალი ბიზნესის გაკონტროლების ტენდენცია შეინიშნება.

„ბოლო დროს, აშკარად ფიქსირდება ტენდენცია - კომერციული ბანკების და მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობებს, რიგი ბიზნეს მიმართულებები ექსკლუზიურად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. შესაბამისად, პირდაპირ ან ირიბად თავად შექმნან და თავადვე მართონ არაპროფილური კომპანიები და ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მოიპოვონ დომინანტური საბაზრო ძალაუფლება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობის, მსხვილი საცალო ვაჭრობის, ჰოსპიტალური სექტორის, ჯანდაცვის, ფარმაციისა და დაზღვევის სფეროებში, რაც მომავალში მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებს გამოიწვევს - კერძოდ, საბანკო სტრუქტურების ხელში მაღალი საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციას და დომინანტური მდგომარეობის მოპოვებას“, - აცხადებენ ექსპერტები.

მათი შეფასებით, ეს, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ზოგადად საბაზრო ურთიერთობებზე და გამოიწვევს როგორც კონკურენტული გარემოს მნიშვნელოვან შეზღუდვას ბიზნესის რიგ სფეროებში, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ფინანსებზე წვდომას.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ექსპერტები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელზე საგანგებო მიმართვასაც გაავრცელებენ.

ბანკების მიერ უამრავი არაპროფილური საქმიანობის შესახებ უკვე პერმანტულად ვრცელდება ინფორმაცია. ბოლო დროს მკვეთრად იმატა პროტესტმა ამგვარი საშიში ტენდენციის შესახებ. სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მუდმივად მიმართავენ მთავრობას როგორმე შეზღუდოს ბანკები, რადგან მათი მადის დაოკება წარმოუდგენელი ხდება. ისინი შევიდნენ, პრაქტიკულად, ყველა მომგებიან ბიზნესში და თავისი პირობების კარნახს იწყებენ.

ერთ-ერთი პირვლი ვინც ბანკების არაპროფილურ საქმიანობას დაუპირისპირდა, სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძეა. მისი აზრით, სწორედ მშენებლობის მიმართულებით ბანკებმა ბასრი ბრჭყალები გამოაჩინეს.

„ბანკს გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი გააჩნია, ვიდრე რომელიმე სამშენებლო კომპანიას. შესაბამისად, თუ ბიზნესი მომგებიანია და თუ ამას კანონი არ კრძალავს, რატომ არ უნდა გადმოიჭრას ბანკი თქვენს ბიზნესში?! ინტერესთა კონფლიქტი სწორედ აქ წარმოიშობა.

როდესაც ბანკს არაპროფილური ბიზნესი გააჩნია, ის თქვენ სფეროში კონკურენტია, შესაბამისად, ცდილობს ჩაგძიროს. ბანკს შეუძლია სხვაგვარადაც მოიქცეს, მაგალითად, თავის კომპანიას სესხი მისცეს გაცილებით ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე კონკურენტს და საკუთარი კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს. რატომ არ აქვს ქალაქის მთავარ არქიტექტორს იმისი უფლება, რომ ჰქონდეს არქიტექტორული კომპანია?! იმიტომ, რომ ყველა მშენებლობის ნებართვა მასზე გაივლის და ის ამაში ფულს გააკეთებს. ზუსტად იგივე მიმართებაა ბანკის შემთხვევაშიც“, - აცხადებს აბულაძე.

ეროვნული ბანკის რეგულაციები ბანკების არაპროფილური აქტივების მიმართ ძალიან რბილია, რადგან ზოგადი ნორმების გარდა, სპეციალური კანონი არ არსებობს. ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს ეროვნული ბანკისგან ნებართვა და არაპროფილური ბიზნესის წილი გაზარდოს.

„შევიდეთ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე და ვნახოთ ვის ეკუთვნოდა ის მიწები, რომელსაც დღეს ამ ბანკების კომპანიები განაგებენ. გარწმუნებთ, რომ 90% იქნება ისეთი მიწები, რომელიც ბანკმა სხვა დეველოპერს ან ბიზნესმენს უფასოდ ან ძალიან იაფად წაართვა. ძალიან კარგად გამოჩნდება, აქვთ თუ არა მათ არაპროფილური აქტივების ფლობის უფლება“, - აცხადებს აბულაძე.