ყაზახები ენერგეტიკის სამინისტროსა და სსიპ-ის წინააღმდეგ

ყაზახები ენერგეტიკის სამინისტროსა და სსიპ-ის წინააღმდეგ

სახელმწიფოსა და ყაზახურ კომპანია „აკსაი ბიემსის” შორის დავა სასამართლოს გარეშე არ დასრულდება. კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროსთან ნავთობისა და გაზის სააგენტოს სახელზე სახელმწიფოს მიერ ლიცენზიის ცალმხრივად უკან გამოთხოვის გამო სარჩელი 2013 წლის 9 ოქტომბერს შეიტანა. „აკსაი ბიემსი“ ლიცენზია ნახშირწყალბადის ძიებასა და მოპოვებაზე 2007 წელს მიიღო და სამუშაოს ორი ეტაპი შეასრულა, მესამე ეტაპზე კი სახელმწიფომ მას ლიცენზია შეუჩერა. სასამართლო 11 თებერვალს უნდა გაიმართოს.

კახა კალაძის უწყება სასამართლო პროცესის დასრულებამდე კომენტარისგან თავს იკავებს. „ლიცენზიის ჩამორთმევის შემდეგ ენერგეტიკის სამინისტრო ამზადებს იმავე ლიცენზიას ტენდერებთან დაკავშირებით და მოლაპარაკებებს ახორციელებს კომპანიებთან. ეს წარმოუდგენელია, ვინაიდან აღრმავებს ეჭვს, რომ აქ მხოლოდ ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზი არ ყოფილა. შესაძლოა, აქ უფრო სხვა გარემოებასთან გვქონდეს საქმე“, - განაცხადა „აკსაი ბიემსი“ იურისტმა დავით ერისთავმა.

ენერგეტიკის სამინისტრომ სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ „აქსაი ბიემსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნევს სასამართლო პროცესის წინ რაიმე სახის კომენტარის გაკეთებას, რათა ეს სახელმწიფო უწყების მხრიდან სასამართლოსთვის წინასწარი განწყობის შექმნის მცდელობად არ ჩაითვალოს.

პროცესის დასრულების შემდეგ, სააგენტო მზადაა საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კომპანიასთან დაკავშირებული საქმის მასალები სასამართლოს უკვე გადასცა. პროცესში, რომელიც 11 თებერვალსაა ჩანიშნული, „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ მოპასუხე მხარედ არის წარმოდგენილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „აკსაი-ბიემსიმ“ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა და დაასაქმა დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანიამ სამუშაო პროგრამის პირველი და მეორე ეტაპები წარმატებით შეასრულა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წელს კომპანიამ მიიღო ლიცენზია ნახშირწყალბადის ძიებასა და მოპოვებაზე.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ყაზახები დაინტერესებული არიან სამუშაოების გაგრძელებით და საქართველოში 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებით. „კომპანიას სურს დავის მშვიდობიანი დარეგულირება, მაგრამ მოპასუხე - ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ნავთობისა და გაზის სააგენტო არ დათანხმდა მშვიდობიან დარეგულირებას. ამ შემთხვევაში, კომპანია იძულებული იქნება მიმართოს ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟს, რომელიც მითითებულია კომპანიის და სახელმწიფოს შორის დადებულ პროდუქციის გაყოფის ხელშეკრულებაში. ეს ყოველივე ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე, რაშიც კომპანია არ არის დაინტერესებული“, - აცხადებენ „აკსაი-ბიემსიში“.