ბოლო დღეებში ბიზნესს გაფიცვისკენ აქტიურად მოუწოდებენ. მართალია, პროცესს განვითარება და არც პერსპეტივა არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი ასეთი მიდგომა ვითარებას ძალიან ძაბავს. ჯერჯერობით კერძო სექტორი შედარებით რაციონალურად იქცევა და მხოლოდ სიტყვიერი პოზიციის გამოხატვით კმაყოფილდება.
სულ ახლახან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ მოუწოდა ბიზნესს გაფიცვისკენ. მისი აზრით, ეს იქნება გამაფრთხილებელი და ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის.
„2000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომ კრიზისი განიმუხტოს... ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა - თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის თავის სიტყვას!
პირდაპირ მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ.
ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით - გავიფიცეთ!
ეს იქნება გამაფრთხილებელი, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი, ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს.
მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართული. მეგობრებო, მე არავის არაფერს ვაძალებ, მაგრამ მერე ძალიან გვიან არ იყოს, იმიტომ რომ აქ საუბარი არ არის თქვენი კომპანიის კეთილდღეობაზე, აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
რამდენიმე დღის წინ კი ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც სოციალურ ქსელში საბანკო სფეროში დასაქმებულებს მიმართა და გაფიცვისკენ მოუწოდა.
„საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო, დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ქვეყნის ბედი: გაიფიცეთ – ეს თქვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. გაიფიცეთ – ამით ეხმარებით აქცებზე უკანონოდ დაკავებულებს, ნაცემებს, გაგუდულებს. გაიფიცეთ – გადაარჩინეთ ქვეყანა იზოლაციისგან, რომელიც გააკოტრებს და ჩამოშლის საბანკო სისტემას“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესმენები და მაღალჩინოსნები კერძო სტრუქტურებს ვა-ბანკზე წასვლისკენ უბიძგებენ, თუმცა ამას ჯერჯერობით დუმილით ხვდებიან თავად ბიზნესის წარმომადგენლები. ისინი გრძნობენ, რომ წითელი ხაზების გადაკვეთა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. მათ სწორ აღქმაზე ამახვილებს ყურადღებას ანალიტიკოსი
გიორგი აბაშიშვილი. მისი შეფასებით, ქართული ბიზნესის აბსოლუტურად დიდმა ნაწილმა დაადასტურა, რომ არანაირ ბულინგს არ ექვემდებარებიან.
„ბოლო პერიოდში არა მხოლოდ ადამიანები აღმოჩნდნენ ბულინგის მსხვერპლნი, არამედ კომპანიებიც, ბიზნესსექტორი აღმოჩნდა სერიოზული წნეხის ქვეშ. ბოლო პერიოდის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს იყო ყველაზე უბადრუკი მცდელობა ბიზნესის ბულინგისა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ბიზნესის აბსოლუტურად დიდმა ნაწილმა დაადასტურა, რომ არანაირ ბულინგს არ ექვემდებარებიან. საქართველოში არიან სოლიდური კომპანიები, რომლებსაც აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ სიტუაციაში ბიზნესი ყოველთვის დგას მოსახლეობის გვერდით ისე, როგორც მას შეუძლია. ასე რომ, ქართულ ბიზნესს არავის მოწოდება არ სჭირდება.
ბულინგის ყველაზე უბადრუკი მცდელობა იყო გაფიცვისკენ მოწოდება. გამოდიოდნენ და დღესაც ვნახეთ, რომ გამოდიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ან იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ბიზნესზე სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვაგვარად, ან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში როდესაც სახელმწიფო ძალადობდა ბიზნესზე, ამ ძალადობრივ ქმედებებში მაქსიმალურად უწყობდა ხელს, ვგულისხმობ 2003-2012 წლების პერიოდში. ვიცით, რომ ბიზნესი დღეს აბსოლუტურად თავისუფალია და მათ შორის გამოთქვამს თავისუფლად აზრს. წარმოვიდგინოთ, ახლა რომ იყოს 12 წლის წინანდელი პერიოდი, რა დაემართებოდათ იმ ადამიანებს, ვინც ბიზნესს გაფიცვისკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
როგორც არ უნდა იყოს, ბიზნესის გაფიცვას ეწინააღმდეგება აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი, რომლის შეფასებითაც, მხარეებმა ყველა ღონე უნდა გამოიყენონ დიალოგისთვის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკისთვის საზიანოა.
„მიმდინარე პროცესების გამო ეკონომიკა ისედაც ზარალდება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ბიზნესი მოწოდებებს აჰყვეს და გაიფიცოს. ეს ეკონომიკისთვის კოლაფსის ტოლფასია, წარმოუდგენელ დარტყმას მიიღებს ქვეყანა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბიზნესი არის ეს ძალა, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს და რაზეც დაშენებულია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. აქედან გამომდინარე, ბიზნესის გაფიცვას კარგი შედეგი არ მოყვება. რაც არ უნდა იყოს, შეუძლებელია ბიზნესი სრულად გაიმიჯნოს პოლიტიკისგან. ამიტომ რაც მალე შეჩერდება ეს პროცესები, ყველასთვის ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა ბაირახტარმა.
ამ ჩოილარ ხაზარაძეს გაფიცვა თუ უნდა, "ტბს"-ს და სხვა მისი ბიზნესების თანამშრომლებს ხელფასი მისცეს და საქმე არ აკეთებონოს!