ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2014 წელს ქვეყნის მარკეტინგზე 8.9 მილიონ ლარს დახარჯავს.
ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ მიმდინარე წელს გაცილებით მეტი აქტივობა განხორციელდება ქვეყნის რეკლამირებისთვის, ვიდრე გასულ წელს. კერძოდ, ქვეყნის მარკეტინგის სხვადასხვა პროგრამაზე 8.9 მილიონი ლარის გაღება თითქმის სამჯერ აღემატება გასულ წელს გაწეულ ხარჯს. შესაბამისად, მეტი რეკლამა განთავსდება უცხოურ მედიასაშუალებებში, მოეწყობა ბევრად მეტი პრესტურები, გამოფენები საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად.
გასულ წელს ქვეყნის რეკლამირებისთვის 3 248 133 ლარი დაიხარჯა, ამ თანხიდან 1 469 173 ლარი მოხმარდა პირდაპირი სარეკლამო კამპანიის ხარჯებს უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს სწორედ ის ქვეყნებია, საიდანაც, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ.
ცნობილია ისიც, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 425 917 ლარი დახარჯა 23 ქვეყნიდან 100-მდე ჟურნალისტისა და 160 ტუროპერატორის მოწვევაზე, მათთვის პრეს და საინფორმაციო ტურების მოწყობაზე. 955 833 ლარი კი 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას მოხმარდა.
შედეგად, ჯამში უცხოურ პრესაში საქართველოს შესახებ 50-ზე მეტი სტატია და სატელევიზიო სიუჟეტი მომზადდა, რომელთა საერთო ნახვამ ათეულობით მილიონი შეადგინა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ აქ უმთავრესია, ვინ უნდა გასცეს აღნიშნული ხაჯები - უშუალოდ ქვეყნის ბიუჯეტმა თუ კერძო კომპანიებმა, რომელთაც ტურიზმის განვითარების საქმეში თავადვე აქვთ ინტერესი?! ექსპერტის აზრით, ამ სახის ნებისმიერი ხარჯის გაღება ზედმეტია, თუკი ეს ტვირთად დააწვება ბიუჯეტს, გინდ 9 მილიონი იყოს ეს ხარჯი, გინდ - 29 მილიონი.
„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ასეთი რამეები ვაკეთოთ. არანაირად არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს რეკლამირებისთვის 9 მილიონამდე თანხის დახარჯვა ხეირს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ბევრად უკეთესია, ეს საქმე კერძო სექტორმა თავად მოაგვაროს, თვითონ შეუკვეთოს, რაც სურს. მაგალითად, აზერბაიჯანს აქვს ამის ფუფუნება, მათ შეუძლიათ რეკლამირებისთვის თანხები გაიღონ, მაისურებზე „აზერბაიჯანი“ დააწერონ და სხვა, მაგრამ საქართველოს აქვს ამის ფუფუნება, ან სჭირდება კი? ან კიდევ, აზერბაიჯანს ჰქონდა ამით რაიმე შედეგი? ფაქტობრივად, - არანაირი, რადგან აზერბაიჯანში ტურიზმის მიზნით არავინ მიდის. მარტო ვიზებთან დაკავშირებით ისეთი პრობლემები აქვთ, ვინ უნდა ჩავიდეს? ჩემი მიდგომა ასეთია, ეს არაპროდუქტიულია. ეს არ არის საქმე, რასაც უნდა აკეთდებდეს მთავრობა. კონკრეტულმა კომპანიებმა უნდა გააკეთონ ეს რეკლამა, ბიუჯეტი ან რიგითი მოქალაქეების თანხები აქ რა შუაშია? ვინც ხედავს პოტენციალს, იმან გააკეთოს ეს რეკლამა, ვინმე ხელს უშლის?“ - ინტერესდება პაატა შეშელიძე For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, განმარტავს, რომ უმჯობესი იყო, ეს თანხები იმ ადამიანების ხელში დარჩენილიყო, ვინც დაბეგრეს და ვისაც ეს თანხები წაართვეს.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობაში „საქმიანობდა“, შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა, ვითომ წამებული დაბრუნდა და ახლა ეს პატარა ბიჭი განაგებს ამ დეპარტამენტს.
„საიდან მოიტანა ამხელა 9 მილიონ ლარამდე? საკმარისი იყო თუნდაც 3 მილიონი, ან კიდევ, დაემატებინათ ერთი მილიონიც. ტურიზმის ინდუსტრია რომ შევქმნათ, უპირველესად, მისი ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწყოთ, ტურისტულ ზონებში ტუალეტის კულტურაც არ გაგვაჩნია, არ გვაქვს შესაბამისი სასტუმროები. ამიტომ ამხელა თანხების გაღება წყალში გადაყრად მიმაჩნია. ტურიზმსა და საკურორტო მეურნეობას სჭირდება ეროვნულ-გასტრონომიული უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით თუ რაიმე ნაბიჯები გადაიდგმება, კარგი იქნება, მაგრამ ეროვნულ გასტრონომიას სჭირდება, ასევე, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება. 3 მილიონი საკმარისია და უპირველესად, სტრატეგია, კონცეფციაა ჩამოსაყალიბებელი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის, ასევე, უნდა შევთანხმდეთ ტურიზმის ადგილსა და როლზე. ეს არ არის მაინცდამაინც ის ფაქტორი, რომელიც ამ ქვეყანას ააღორძინებს. უპირველესად, წარმოება გვჭირდება და ტურიზმი მხოლოდ შემავსებელი იქნება. თანაც, გააჩნია, რა სახის ტურიზმის განვითარება გვინდა“, - აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა For.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ, საბედნიეროდ, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ცალკეული ღონისძიებების გატარება სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება იქნება.