60-მდე ქისტი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ

60-მდე ქისტი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ

იდეოლოგიური დატვირთვა თუ ფინანსური ინტერესი? ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებას, პანკისის ხეობის მკვირდი საქართველოს 10 მოქალაქე შეეწირა. სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას კიდევ ერთი პანკისელი, რუსლან მაჩალიკაშვილი, იგივე საიფულა შიშანი დაიღუპა. ის პოზიციის უძლიერესი დაჯგუფების ერთ-ერთი თვალსაჩინო საველე მეთაური იყო. ინფორმაცია ამის შესახებ ისლამისტებმა „ტვიტერით“ გაავრცელეს. ისლამისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „დიადი ჩეჩენი მებრძოლი ჯიბჰატ ან-ნუსრას“ სამხედრო მეთაური ალეპოს ციხისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ „ჯიბჰატ ან-ნურსა“ სირიაში „ალ-ქაიდას“ ოფიაციალურ ფრთას წარმოადგენს.

როგორც ირკვევა, სეიფულა მანამდე კიდევ ერთი პანკისელი სამხედრო მეთაურის, აბუ ომარ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის რაზმთან ერთად იბრძოდა, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა შემდეგ უთანხმოების გამო, რამდენიმე ათეულ თანამებრძოლთან ერთად, გამოეყო მას და სხვა რადიკალური დაჯგუფების, „ან-ნუსრას“ რიგებში გაწევრიანდა.

ცენტრალური ციხე ქალაქ ალეპოს სამხრეთით მდებარეობს და მის აღებას მეამბოხეები, თითქმის, ერთი წელია, უშედეგოდ ცდილობდნენ. მასზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა, თუმცა ამ დრომდე ყველა მათგანი წარუმატებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში 4-დან 6 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ასადის ჯარის მიერ დატყვევებული მრავალი მეამბოხე. სწორედ მათი განთავისუფლება სურს ოპოზიციის შეიარაღებულ ძალებს. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ციხეში არიან არა მხოლოდ პატიმრები, არამედ ოპოზიციის რიგებში მებრძოლ პირთა ოჯახის წევრებიც, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებიც მმართველ რეჟიმს მძევლად ჰყავს აყვანილი.

რუსლან მაჩალიკაშვილი 2012 წელს თურქეთში სამუშაოდ წავიდა. შემდეგ კი სირიაში ჩავიდა სხვა მოჯაჰედებთან ერთად, სადაც აქტიურად იბრძოდა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში პანკისის ხეობიდან დაახლოებით 60 პირი ღებულობს მონაწილებას. რუსლან მაჩალიკაშვილი კი ამ ხეობის მეათე მკვიდრია, რომელიც სირიაში დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში სულ 500-ზე მეტი ჩრდილოკავკასიური წარმოშობის მებრძოლია დაღუპული, ძირითადად ჩეჩნები და დაღესტნელები. კავკასიელმა მებრძოლებმა, რომლებიც სირიაში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ჯგუფის მეთაური პანკისელი ქისტია, რომელიც წელიწადზე მეტია, რაც სირიაში თავისუფალი არმიის მხარეზე იბრძვის. მიმართვაში მებრძოლთა ჯგუფის მეთაური აცხადებს, რომ ისინი აღარ აპირებენ თანამშრომლობას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ერაყიდან ან სხვა ქვეყნებიდან იმართებიან.

ექსპრეტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში პოსტსაბჭოთა სივრციდან დაახლოებთ 3 ათასამდე მეომარია ჩასული. მათ შორის არიან ყირიმელი და ყაზანელი თათრები, აზერბაიჯანელები, ჩრდილოეთ კავკასიელები. როგორც არეშიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი ძალიან დიდია, საქართველოს სამმა მოქალაქემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი.

For.ge. მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას კიდევ ერთი პანკისელი, რუსლან მაჩალიკაშვილი, იგივე საიფულა შიშანი დაიღუპა. ბატონო მამუკა, თქვენი ინფორმაციით, დაახლოებით რამდენი ქისტი ღებულობს მონაწილეობას ამ კონფლიქტში?

- ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 60 კაცი უნდა იყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს ამ ციფრის სიზუზსტეს, მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება. ზოგი ჩადის და რჩება, ზოგო მიდის. ამ 60 კაცში ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეს. ჩეჩნების რაოდენობა ბევრად მეტია. მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან დაახლოებთ 3 ათასამდე მეომარია, მათ შორის არიან ყირიმელი და კაზანელი თათრები, აზერბაიჯანელები, ჩრდილოეთ კავკასიელები. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ძალიან დიდია, საქართველოს სამმა მოქალაქემ გამოიჩინა განსაკუთრებით თავი.

ვინ არიან ესენი?

- ემირ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ის არის ამბოხებულების ჩრდილოეთ სექტორის მთავარსარდალი, ე.წ. ერაყისა და ლევანტის არმიის სარდალი. გარდა ამისა, იყო ორი საველე მეთაური, მუსლიმ მარგოშვილი და რუსლან მაჩალიკაშვილი. საკამოდ სერიოზული დაჯდუფებების ხელმძღვანელი იყვნენ იგივე არმიაში.

პანკისის ხეობის მკვირდი საქართველოს მოქალაქე დაახლოებით რამდენია დაღუპული?

- დაახლოებით, 10 კაცამდე უნდა იყოს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი დაიღუპა ცნობილი საველე მეთაურის რუსლან გილაევის შვილი. ლაფანყურის მოვლენებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ჩამოასვენეს პანკისში. ის იყო საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობაში გაიზარდა, რომელსაც ასევე რუსლნ გილაევი ერქვა.

რა გზით ხვდებიან ისინი სირიაში, რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ღებულობენ ამ კონფლიქტში მონაწილეობას?

- სხვადასხვა მიზეზია. იგივე თარხან ბათირაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. ის მონაწილებოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. სხვადასხვა ინფორმაციებით, ჯერ კიდევ 14 წლის იყო როდესაც რუსლან გილაევთან ერთად იმყოფებოდა აფხაზეთში და იმ აქციებში მონაწილეობდა. თანამშრომლები და თანამებრძოლები ახასიათებენ საკმაოდ კარგად, სულით ხორცამდე მებრძოლს. შემდეგში, როგორც ხდებოდა ხოლმე, ჩვენს თავდაცვის სისტემაში, შარი მოსდეს და ციხეში გამოამწყვდიეს. იარაღის მოპარვა დააბრალეს, რაც აბსოლუტურად სიცრუე იყო.

ციხიდან გამოსული ბათირაშვილი 2012 წლის დასაწყისში სამუშაოდ წავიდა თურქეთში. შემდგომში კი აღმოჩნდა სირიაში. თურქეთიდან სირიაში გადასვლა ძალიან მარტივია. ქისტების დიდი ნაწილი იბრძვის სწორედ თურქეთის საზღვართან. ჩრდილოეთ საზღვართან ქალაქ ალეპოში, რომელიც თურქეთის საზღვრიდან არც ისე შორს მდებარეოს. ალეპოში ბრძოლებით გამოჩინა თავი ბათირაშვილის არმიამ და ამ ქისტებმა.

ქისტების მონაწილებას საომარ მოქმედებაში, ალბათ, თავისი მიზეზიც აქვს. ეს არის ფინასური მხარე, თუ იდეოლოგიური დატვირთვა აქვს?

- ფინანსური დაინტერესება მეორე პლანზეა. არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქისტები გასაკუთრებულ ფულს შოულობენ. რასაკვირველია, დიდი ფული იხარჯება იმაში, რომ ამ მებრძოლებმა თავისი ფუნქცია შეასრულონ. ვიცი, რომ ამ ბიჭებს ფული არ აქვთ. ერთ-ერთის დედამ, ქისტმა ქალბატონმა გარისკა და ჩავიდა ჩრდილო სირიაში. თავისი შვილები ნახა. იმის ფულიც კი არ ჰქონდათ, რომ დედა უკან გამოეშვათ. ორივე შვილი დაეღუპა.

იდეოლოგიური დატვირთვა უფრო მეტია, ჯიხადის თემა უფრო მინიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქისტები ძალიან კარგი მებრძოლები არიან, ძალიან დისციპლინირებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თემა, რასაც ჰქვია პოლიტიკური ისლამი, რეალობას თვალში უნდა შევხედოთ და ეს ხალხი გამოსაყენებელია საქართველოსთვის. პრინციპში, ჩვენ ვკარგავთ კარგ მებრძოლებს. რამდენიმე ქისტი მსახურობს საქართველოს თავდაცვის სისტემაში და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმეზე უარესები არიან, თუ არა უკეთესები.

პანკისის ხეობაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა პოლიტიკურ ისლამთან დაკავშირებით. ბატონო მამუკა, დაახლოებით რა რაოდენობაა ამ ჯამაათის წევრი?

- საკმაოდ არაჯანსაღი მდგომარეობაა. მათი 90 პროცენტი არის ამ ჯამაათების წევრი. სახვადასხვა ტიპის ემისრები იოლად ახერხებენ მათ წაყვანას ფართომასშტაბიან ომში მონაწილების მისაღებად და მიჰყავთ კიდევაც. ასე ხვდებიან ისინი სირიაში.

ხელისუფლებისთვის რამდენად პრობლემურია ეს საკითხი, როდესაც მისი ქვეყნის მოქალაქე მონაწილებოს ამ საომარ მოქმედებაში?

- ამის თაობაზე დიდი ხანია ინფორმაცია მაქვს. მაინცდამიანც თავი არ გამომიდვია, რომ საგაზეთო ფურცლით გამომეტანა ეს ამბავი. ზუსტად იმიტომ, რომ ვცდილობდი ხელისუფლების მეშვეობით გვემოქმედა, რომ რაღაცნაირად შეცვლილიყო ეს მდგომარეობა. წინა ხელისუფლების პირობებში კახეთის უშიშროება ზუსტად ვაჰაბიტებს ეყრდნობოდა. ამიტომ ისინი უაღრესად გაძლიერდნენ რეგიონში.

დღევანდილი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა ცოტათი შეიცვალა, მაგრამ გააზრებულ სტრატეგიას ვერ ვხედავ. პანკისის ხეობის მიმართ შემუშავებული უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკა, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები და ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები. იქ არაფერი არ ხდება, რითაც შეიძლება ახალგაზრდამ ისაზრდოოს, იმუშაოს. ისინი მიტოვებულნი არიან იმ ემისრების ანაბარა, რომელბიც არაბეთიდან ჩამოდიან.