პარალიზებული რუსთავი - მძღოლები უკან დახევას არ აპირებენ

პარალიზებული რუსთავი - მძღოლები უკან დახევას არ აპირებენ

რუსთავში სამარშრუტო ტაქსის მძღოლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ვითარება ძალიან დაიძაბა. მძღოლები პროტესის უკიდურეს ფორმაზე გადავიდნენ. უშუალოდ ქალაქში და თბილისი-რუსთავის ხაზზე მგზავთრა გადაყვანა თითქმის შეუძლებელი იყო. მგზავრებს მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსებითა და ტაქსებით უწევდათ გადაადგილება.

გაფიცული მძღოლები საკრებულოს მიერ საკონკურსო წესის დამტკიცებას აპროტესტებდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან შიდა საქალაქო და თბილისი-რუსთავის ხაზებზე კონკურსის ჩატარების 3-5 წლით გადაწევას მოითხოვდნენ.

რუსთავის მერიამ ქალაქში შექმნილი მდგომარეობის დარეგულირების მიზნით, დახმარება გარდაბნის, მარნეულისა და თბილისის ხაზებზე მომუშავე გადამზიდავებს სთხოვა, მაგრამ გაფიცულმა მძღოლებმა თბილისიდან ჩამოსულ მიკროავტობუსს, რომელსაც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა, გზა გადაუღობეს და მის შეჩერებას ძალით შეეცდნენ.

აქციის მონაწილეები მგზავრობის საფასურის გაზრდასაც აპროტესტებდნენ, რაც მათი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია. „თბილისი-რუსთავი 1,30 ლარიდან - 2 ლარი, ქალაქში მგზავრობა კი 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრი ხდება“, - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

რუსთავის მერია კი მგზავრობის საფასურის მომატებას არ ადასტურებს. „რუსთავის საკრებულოში, სატრანსპორტო კონკურსის ჩატარების წესის განხილვა მიმდინარეობს. ამ წესს ან მიიღებს საკრებულო, ან არ მიიღებს. ამ წესზე სატრანსპორტო კომისია, 2012 წლის თებერვლიდან მუშაობს, მას შემდეგ, რაც წინა ნებართვების ვადა ამოიწურა. წესში არის პირდაპირ ჩადებული, რომ ტრასპორტის ფასის ზრდა არ უნდა მოხდეს არც ერთ შემთხვევაში, რომელმა სატრანსპორტო კომპანიამაც არ უნდა გაიმარჯვოს.

კონკურსი გამოცხადდება თუ არა, ამაზე ჯერ საუბარი არ არის. მძღოლებს აქვთ არასწორი ინფორმაცია. კონკურსის წესში ჩადებულია ისიც, რომ მძღოლები, რომლებიც დღეს არიან დასაქმებულნი, უნდა დასაქმდნენ. ვერც ერთი კომპანია სხვა მძღოლს ვერ დაასაქმებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონკურსი ჯერ არ ცხადდება“, - აცხადებს მერიის პრესსამსახურის უფროსი თამუნა აქუბარდია.

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსების შეცვლის საკითხს, აქუბარდიას თქმით, ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. „კონკურსში გამარჯვებული კომპანია თავად გადაწყვეტს შეცვლის თუ არა ტრანსპორტს, თუმცა ყველა ის მძღოლი, ვინც დღეს მუშაობს ამ ხაზებზე, აუცილებლად დასაქმდება“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

რუსთავის მერი დავით ჯიქია სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვას საკონკურსო კომისიის მიერ შექმნილ ახალ რეგულაციებს უკავშირებს. „მძღოლები გარკვეულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. პირდაპირ ამბობენ, წესები ნორმალურია, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით იმიტომ, რომ მიუღებელიაო. ითხოვენ, ეს წესი არ დამტკიცებულიყო და 5-6 წლის განმავლობაში არსებული ხელშეკრულებით გაგრძელებოდათ უფლებამოსილებები და ვალდებულებები.

როგორც ვიცი, 6 წელია ასე გრძელდება. ასე ხდება, როგორც კი ხელშეკრულებას ვადა ეწურება. საერთოდ, მათ ხელშეკრულებას ვადა ერთი წელია უკვე ამოეწურა, მაგრამ საკრებულომ ცვლილება განახორციელა და ახალი რეგულაციების შემუშავებამდე გაუგრძელდათ ხელშეკრულება“, - განაცხადა მერმა.

დავით ჯიქია აცხადებს, რომ მძღოლებმა საბოტაჟი მოაწყვეს და დაარღვიეს კანონმდებლობა.

„მათ დაარღვიეს ყველა არსებული კანონმდებლობა, რეგულაცია. როგორც კი ქალაქში ცხადდება ტრანსპორტის გაჩერება, აუცილებლად, მინიმუმ ხუთი დღით ადრე უნდა შეგვატყობინონ, რომ ისინი მიმოსვლას აჩერებენ. მათ საბოჟატი განხორციელეს ქალაქში. წერილი მოიწერეს 2 დღის წინ, რომ ხუთ დღეში ექნებოდათ საპროტესტო აქცია და არა პარალიზება. ორშაბათს, გააჩერეს მთელი ქალაქი“, - ამბობს ჯიქია.

დღის ბოლოს მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეები რუსთავის მერს შეხვედნენ.

„ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება და ამ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად ერთი დღე გვთხოვა. ერთ დღეში მივიღებთ პასუხს. ვფიქრობთ, პასუხი დადებითი იქნება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვეულებრივ გავიდეთ სამუშაოზე. იმ შემთხვევაში თუ ერთ დღეში უარყოფით პასუხს მივიღებთ, ხვალ დილიდან აქციებს ისევ განვაახლებთ“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზაზა ჩიხლაძემ.