კულტურის სამინისტროში სკანდალი მომწიფდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ 5 თებერვალს მიმართა. საკითხი განხილვის პროცესშია და ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ოფიციალურ წერილში გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და მითითებების შეუსრულებლობა სახელდება. თუმცა მიზანდარი მინისტრის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად გურამ ოდიშარიასთან რამდენიმე საკითხზე უთანხმოებას, განსაკუთრებით კი, საყდრისის თემას, ასევე საკადრო პოლიტიკას ასახელებს.
უფრო მეტიც, მისთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ მინისტრი მისი თანამდებობიდან გადაყენებას აპირებდა, რადგან ოდიშარიას მხრიდან ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული, რომ მიდგომას თუ არ შეცვლიდა, უკიდურეს ზომებს მიმართავდა.
დაძაბულობის მიუხედავად, მარინე მიზანდარი არსად წასვლას არ აპირებს და კულტურის სამინისტროში მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობს. მას მიაჩნია, რომ მისი გადადგომა საქმის ღალატი იქნება. თუ პრემიერმა გურამ ოდიშარიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაშინ მარინე მიზანდარი კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე დარჩენას აპირებს. ხოლო, თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ევროკავშირის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას, ასევე, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ხაზით საქმიანობას გეგმავს.
რაც შეეხება მიზანდარის დაუმორჩილებლობას, მინისტრ ოდიშარიას განმარტებით, განსაკუთრებით უკანასკნელ დროს იყო დაუმორჩილებლობის, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების მომენტები, რაც მთავარია, არსებობდა არაგუნდური მოქმედებები, რომელიც ხელს უშლიდა და დღესაც ხელს უშლის კულტურის სამინისტროს. იგი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება კონკრეტულად 27 იანვარს, საყდრისის თემაზე მიზანდარის ორგანიზებით გამართულ სხდომას არ უკავშირდება, რომლის შესახებაც იგი ინფორმირებული არ ყოფილა.
„დღესაც, 11 საათზე გვქონდა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები. მარინე მიზანდარი ადგა, თქვა, რომ რომელიღაც ტელევიზიას უნდა მივცე კომენტარიო, გავიდა და ტელეეკრანიდან ვიგებთ, რომ მას არ მოსწონს სამინისტროში საკადრო პოლიტიკა, რომ მენეჯმენტი არ ვარგა და შეურაცხმყოფელი ფრაზები გამოიყენა მთელი სამინისტროს მისამართით. ამას მე, როგორც მინისტრი, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ“, - განაცხადა ოდიშარიამ და განმარტა, რომ ერთ-ერთი პრობლემა პრემიებთან დაკავშირებით მიზანდარის ხედვა იყო, რომელიც თვლიდა, რომ ვიღაცისთვის არ უნდა მიეცათ პრემია.
თავის მხრივ, მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ გუნდური მოთამაშის თვისებებს ნამდვილად ფლობს, უბრალოდ, სამწუხაროა, რომ თავად მინისტრმა ვერ შეძლო გუნდის შეკვრა.
მისი აზრით, მთავარი პრობლემა ხედვის უქონლობა ან სამინისტროს არასწორი ხედვაა, რომელიც ძირეულად უნდა შეიცვალოს და ორიენტირებული იყოს სწორედ კულტურის სფეროს წინ წამოწევაზე, კულტურის მუშაკთა ინტერესების გათვალისწინებაზე. მიზანდარი კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებითაც არ ეთანხმება ოდიშარიას ხედვას.
ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მარინე მიზანდართან დაკავშირებას, თუმცა მან რატომღაც ვერ მოიცალა. მისი დანაბარებიც გადმოგვცეს, რომ ცოტა ხანში თავად შეგვეხმიანებოდა. ასეთი დანაბარები სხვა დროსაც გადმოუციათ ჩვენთვის, მაგრამ ამაოდ. მოგვიანებით მიზანდარს უშუალოდ დავურეკეთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობდა.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იგი პიროვნულად არ ეხება არც გურამ ოდიშარიას, არც მარინე მიზანდარს, რომელთა შესახებაც, ზოგადად, ამბობენ, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. თუმცა გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტრო არათუ ნორმალურად, საერთოდ, არ ფუნქციონირებდა. მისი თქმით, არ ყოფილა გამოქვეყნებული კულტურული პოლიტიკის განმსაზღვრელი რაიმე პროგრამული დოკუმენტი.
„უკვე რამდენი ხანი გავიდა და, როცა მოდიხარ მინისტრად, ეს არ უნდა გააკეთო? საყდრისის საბადოს სტატუსი მოუხსნეს, მინისტრს როცა ვუსმინე, საერთოდ ვერ გავიგე, რისი თქმა უნდოდა. რამდენიმე ათასი წელია, საქართველოში არსებობს სულიერი კულტურის, შემოქმედების მაგალითები, აღარაფერს ვამბობს მატერიალურ კულტურაზე. ერთ-ერთი უძველესი კულტურული ერი ვართ. ამიტომ, აქ განსაკუთრებული მონაცემების მინისტრია საჭირო. თუ ოდიშარია კარგი კაცია, მილიარდი დოლარის ოდენობის პრემია დაუნიშნოს ბიძინა ივანიშვილმა და მორჩება ეს საკითხი. საერთოდ, პირველ რიგში, პასუხს სამინისტროს პირველი პირი აგებს და შემდეგ მოადგილე. არ ვიცი, რა ვერ გაიყვეს მინისტრმა ოდიშარიამ და მისმა მოადგილემ. უბრალოდ, ოდიშარია არ არის იმ მასშტაბის კაცი, რომელიც ქართულ კულტურას გაუძღვება. როგორც უნდათ, ჩემი ნათქვამი ისე გაიგონ. მიზანდარმა უარესი გააკეთა, თუ ოდიშარიამ სულაც არ მაღელვებს. არავითარი უფლება არ მაქვს, ამაზე ვიმსჯელო, მაგრამ რატომ აგებს ნაკლებად პასუხს ოდიშარია, ვიდრე მიზანდარი, ჩემთვის გაუგებარია“, - გვითხრა გოგი ხოშტარიამ და სამინისტროს უნიათო მუშაობის მაგალითად მუზეუმების გაერთიანების შესამოწმებელი კომისიის შექმნა მოჰყავს.
„მოვიდნენ თუ არა, თითქოს, სხვა საქმე არ იყო, დანიშნეს კომისია, შეგვყარეს 15 კაცი, მათ შორის, მეც. იმიტომ დავთანხმდი, რომ იქ უსამართლობა არ მომხდარიყო. უმრავლესობა იქ წესიერი ადამიანი იყო, მაგრამ რა საჭირო იყო ეს კომისია, ვერ გავიგე. როგორც შევიტყვე, ეს კომისია საეჭვო ეჭვების გამო შექმნეს, აბსურდამდე მიდიოდა ეს საქმე, ფიროსმანი შეცვალესო, რაც აბსოლუტურად სისულელეა. ასე რომ, ტყუილად უხდიდნენ ამ ჯგუფს ფულს. კულტურის სამინისტროსთან ჩემი შეხება ეს იყო და მართალი გითხრათ, ამან გამაღიზიანა. იმასაც მოვკარი ყური, რომ ახლანდელი კულტურის პოლიტიკის განსაზღვრაზე ჩემი ყოფილი სამოსანი სტუდენტები მუშაობენ“.
For.ge დაუკავშირდა თამარ ჩარკვიანს, რომელიც თავის დროზე კულტურის მინისტრის მოადგილის კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა კულტურის სამინისტროში ხელოვანებთან მისი შეხვედრა სკანდალით დასრულდა. პროვოკაციის მოწყობაში თაკო ჩარკვიანი მაშინ მინისტრ რურუას ყოფილ მოადგილეს, დავით ცხადაძეს ადანაშაულებდა. დღეს კი თამარ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მარინე მიზანდართან მიმართებითაც იგივე ხდება, რაც თავის დროზე პირადად მას შეემთხვა.
ამასთან, იგი ვერ ადასტურებს, მართლაც საყდრისთან დაკავშირებით მოუხდათ თუ არა კონფლიქტი კულტურის მინისტრსა და მის მოადგილეს, მაგრამ აცხადებს, რომ მართალია, პირადად არ იცნობს მიზანდარს, თუმცა შეუიარაღებელი თვალით ამჩნევს, რომ მარინა მიზანდარი არ ტოვებს არაპროფესიონალის შთაბეჭდილებას, განსხვავებით, გურამ ოდიშარიასგან, რომელიც მისი აზრით, არაპროფესიონალია.
„თითქოს წამერთვა ამ თემაზე საუბრის უფლება ჩემთან მაშინდელი გაუგებრობის გამო, უკვე წელიწადნახევარია აღარ ვსაუბრობ ამ თემაზე. ეს არის ურთულესი სფერო, კულტუროლოგია საქართველოში ნომერ პირველია, თუმცა მთლად კარგად რომ ვერ არის საქმე ამ სამინისტროში, ამას ყოველი მეორე ნიჭიერი შემოქმედი დაგიდასტურებთ. წელიწადნახევარია, ეს სამინისტრო აღარ ჩამოვიდა ეკრანიდან. სად გაგონილა, მინისტრმა მუდმივად პრემიერი შეაწუხოს, ან კიდევ, ეთერში განცხადება გააკეთოს, იცით რა, ჩემი კი არა, მთავრობის განსახილველია საყდრისის საკითხიო. რას ჰქვია, მთავრობის, აბა, ვინ არის კულტურის მინისტრი, თუკი საყდრისი მისი განსახილველი არ არის?!
სამინისტროში ჩემი მისვლის პირველსავე დღიდან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა ბატონმა გურამმა. პირველად ვაკეთებ ამის შესახებ განცხადებას თქვენს ინტერნეტგამოცემასთან, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, რომ უხერხულობა არ შექმნილიყო, მაგრამ ასეთი აჭრილი კულტურის სამინისტრო მე არ მახსენდება. ერთხელ ვთქვი ჩემი აზრი ბაგრატთან დაკავშირებით და ჩემი აზრი არ შეცვლილა, რომ ტაძრის ავთენტურობის დაცვაში ლიფტი არ იგულისხმება. მაშინაც ვიგრძენი უცნაური დამოკიდებილება გურამ ოდიშარიას მხრიდან. სწორად გამიგეთ, არავის დაცვა არ მჭირდება, მაგრამ მინისტრს საკუთარი პოზიცია უნდა გააჩნდეს, თუნდაც საწინააღმდეგო პოზიცია. ასეთი მერყეობა წარმოუდგენელია, რომ შენი ხელმოწერა იყოს სადღაც ძეგლთა დაცვაზე, ამ დროს კი რადიკალურად განსხვავებული აზრი გქონდეს. არასტაბილური მდგომარეობა ჩვენს კულტურას არ უხდება“, - აცხადებს თამარ ჩარკვიანი და განმარტავს, რომ, ალბათ, მიზანდარსაც შეეძლო უფრო აქტიური ყოფილიყო, მაგრამ ამ გუნდში ეს ქალბატონი უკულტუროს შთაბეჭდილებას მაინც არ ტოვებდა.
ამასთან, თამარ ჩარკვიანს აინტერესებს, რა გაკეთდა ამ პერიოდში კულტურის სფეროში?! ან შოუ-ბიზნესთან დამოკიდებულებით რაიმე გაუმჯობესდა?! მისი აზრით, უშიკიშვილის მოხსნა უნდოდათ და ანზორ ერქომაიშვილს კინაღამ ტვინში სისხლი ჩაუქციეს. ახლაც მინისტრს საკუთარი მოადგილე ვერ მოუხსნია და თითს პრემიერისკენ იშვერს.
უფრო მეტიც, იგი მიიჩნევს, რომ ჭორაობის დონეზე მიმდინარეობს სამინისტროში მუშაობა. ამდენ დაპირისპირებას კი აჯობებდა, რეგიონალური თეატრებისთვის მიეხედათ და 20-20-კაციან დელეგაციებს არ ევლოთ სასეირნოდ უცხოეთში.
„შეიძლება მწერალი იყო, მაგრამ ღიმილი და კარგი კაცის სახელი ქმედებაში უნდა აისახოს. ესაა პოზიციის არქონა. თითქოს, ეშინია ამ ადამიანს, ერთი რომელიღაც აზრი ჰქონდეს და შეცდომაც რომ იყოს, დააფიქსიროს ის აზრი. რა მოხდა მერე, თუ ეს აზრი მცდარია, ეს დასჯადი კი არ არის“ - აცხადებს თამარ ჩარკვიანი.