გეგუთის კოლონიაში 800-მდე მსჯავრდებული მეოთხე დღეა კოლონიის უფროსის განთავისუფლებას ითხოვს. პატიმრები გეგუთის ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში და ცემაში ადანაშალებენ. მოშიმშილე პატიმრებმა გვიან ღამით თვითდაზიანება მიიყენეს - ფეხები და ხელები დაისერეს. პატიმრებმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ოთხდღიანი შიმშილობისას შედეგს ვერ მიაღწიეს. პატიმრები, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს, ქუთაისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებიდან სულ 17 მსჯავრდებულის გაყვანა მოხდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი კოლონიაში უკვე დაბრუნებულია.
სახალხო დამცველის რწმუნებული გიორგი ლაბაძე არ ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციას თითქოს, 17 პატიმარს ჰქონდა თვითდაზიანება მიყენებული. ლაბაძეს ინფორმაციით, სულ 46 პატიმარს აქვს მიყენებული თვითდაზიანება და როგორც თავად ამბობს, ის თავად შეხვდა გეგუთის კოლონიაში ამ პატიმრებს.
დღის განმავლობაში გეგუთის კოლონიასთან სიტუაცია დაიძაბა. პატიმრების ოჯახის წევრებმა კოლონიის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, თუმცა მათი ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა აღკვეთეს. პატიმართა ოჯახის წევრები იმ მსჯავრებულთა ვინაობის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს. პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, თვითდაზიანებას 300-მდე პატიმარმა მიმართა, თუმცა, აღნიშნულს სამინისტროში არ ადასტურებენ. მათივე ინფომაციით საპატიმროში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, რომლებმაც პატიმრები სცემეს. სახალხო დამცველის განცხადებით, არ დასტურდება, რომ 6,7 და 8 თებერვალს სპეცრაზმი გეგუთის ციხეში იმყოფებოდა.
მისი თქმით, პატიმრებმა თვითდაზიანებები საყოფაცხოვრებო ნივთებით მიიყენეს, რომელთა ფლობის უფლებაც მათ შინაგანაწესით აქვთ. რამდენიმე ათეულ მსჯავრდებულს თვითდაზიანებები ქონდა მიყენებული, ძირითადად, ზემო კიდურებზე. რამდენიმე მათგანი არ საჭიროებდა არანაირ ქირურგიულ ჩარევას. მათ უბრალოდ დაუმუშავდათ ჭრილობები და დილისთვის ყველა მათგანის მდგომარება სტაბილური იყო. თუმცა, ამის მიუხედავად პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გეგუთის პატიმრების თავდაპირველ მოთხოვნაზე გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატიმრების მოთხოვნა არა გამოძიება, არამედ ადმინისტრაციის შეცვლაა.
„ჩემს კომპეტენციას ეს არ განეკუთვნება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გამოძიება იმ ფაქტზე, რაზეც თავიდან ჰქონდათ პრეტენცია, დაწყებულია, მაგრამ მათი მოთხოვნა არა გამოძიება, არამედ ადმინისტრაციის შეცვლაა. ადმინისტრაციის შეცვლა, ჩემი ინფორმაციით, არ მომხდარა, ხოლო პატიმრები აგრძელებენ თავისი მოთხოვნის წაყენებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძე, ასევე, არ ადასტურებს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს.
მინისტრის მოადგილეს ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუ რამდენი ადამიანი შიმშილობს საპატიმროში, თუმცა მისი თქმით, ორი დღის წინ 800-მდე პატიმარი დარეგისტრირდა.
გეგუთის ციხესთან დაკავშირებულ ვითარებას ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამარბერგი შეისწავლის. როგორც ჰამარბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იქნება და ამ ვიზიტის ფარგლებში გაესაუბრება ყველა პასუხისმგებელ პირს.
„გეგუთთან დაკავშირებით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ვიქნები. შევისწავლი ამ ვითარებას და უკვე კვირის განმავლობაში ჩამოვაყალიბებ ჩემს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე გავესაუბრები ყველა პასუხისმგებელ პირს“, - განაცხადა თომას ჰამარბერგმა.
სასჯელის გადახედვისა და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო ქალთა კოლონიაშიც. სახლახო დამცველი ამბობს, რომ გარკვეული ძალები დაძაბულობის კერის შექმნას ცდილობენ. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ყველა მოთხოვნა, რომელიც პატიმრებს აქვთ, მნიშვნელოვანია იყოს განხილული და მოხდეს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც კანონის ჩარჩოებში ჯდება.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მდგომარეობა განიმუხტოს და სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, სამწუხაროდ, მიმდინარეობს უფრო დაძაბვისკენ გარკვეული მცდელობები.
„გეგუთში ყოფნის დროს მე თვითონ შევესწარი ფაქტს, როდესაც მსჯავრდებული ურეკავდა ოჯახის წევრს და ეუბნებოდა, თითქოს, ის იყო ნაცემ-ნაწამები. თუმცა, როცა მას შევხვდით, ჩვენთან საუბარში მან ეს უარყო. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები დაძაბულობის კერის შექმნას ცდილობენ. პრობლემები მაქსიმალურად უნდა იყოს შესწავლილი.
სიტუაცია უნდა დარეგულირდეს, უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები, საუბარი არის იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს პრობლემები შესწავლილი, რომლებიც ამჟამად გეგუთის დაწესებულებაში არის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით და მოვუწოდებთ პატიმრებს, რომ მსგავსი სახის პროტესტის გამოხატვა შეწყვიტონ, რადგანაც ნებისმიერი პრობლემა უნდა გადაწყდეს კანონის ჩარჩოებში. საუბარია, რომ არ მოხდეს ჯანმრთელობისთვის საზიანო დაზიანებების მიღება. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთ მსჯავრდებულს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო.
„თუმცა, მე არ მითქვამს არასოდეს, რომ ამ პატიმრის მიმართ დაზიანებები განახორციელა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანებები“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სახალხო დამცველმა.
ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ არჩევნების მერე დღეს პენიტენციალურ სისტემაში ვითარება შეიცვალა. პატიმრებისა და ადმინისტრაციის დამოკიდებულება ადამიანური გახდა.
„პატიმრებს აყენებენ ფიზიკურ შურაცხოფას. ხშირია შემთხვევა როდესაც პაემანზე მისულ ოჯახის წევრებს აშიშვლებენ. მაგალითად, 10 წლის გოგო, რომელიც მამასთან იყო პაემანზე მისული, ჯერ გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ შეაქვს ციხეშიო. ეს გააკეთეს იმ ადამიანებმა, ვისაც ევალება ამანათების შემოწმება. ასეთი ფორმით როგორ შეიძლება ადამიანების დამცირება?
ასეთი მეთოდები დააწესა ახალმა ხელმძღვანელობამ, რის წინააღმდეგაც გაილაშქრეს პატიმრებმა და დაიწყეს შიმშილობა. მე დამიკავშირდნენ პატიმრები და მითხრეს, რომ დაგვემუქრნენ სპეცრაზმის შემოყვანით და ძველი რეჟიმის აღდგენითო. მათ მითხრეს, რომ თუ სპრეცრაზმი შემოიყვანეს თვითდაზიანებას ჩვენ თვითონ მივიყენებთო და იმათ თავს არ მოვაკლევინებთო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.
ერთ-ერთი ვერსიით გეგუთის კოლონიაში პატიმრების მხრიდან მასობრივი შიმშილობის დაწყებას, წინ უსწრებდა მსჯავრდებულის, ვინმე ლაშა შავაძე-აბაშიძის და მისი 6 თანასაკნელის ცემა. როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, პატიმარი ამ ინციდენტიდან რამდენიმე კვირით ადრე დაუკავშირდა ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს და უთხრა, რომ შსს-ს პირველი სამმართველოს უფროსმა ვინმე გიორგი ხიზანიშვილმა და კახა ლეგაშვილმა მას ია მეტრეველის მკვლეობის შეკვეთა მისცეს, ხოლო იარაღი რითაც მეტრეველი უნდა მოეკლა, მას გია დგებუაძე იგივე „მასტერა“ გადასცემდა.
„გეგუთის კოლონიიდან ეს ბიჭი რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდა. მითხრა, რომ შსს-ს პირველი სამმართველოს უფროსმა ვინმე გიორგი ხიზანიშვილმა და კახა ლეგაშვილმა 2008 წელს თქვენი ლიკვიდაცია დამავალესო. ნარკოტიკის მომხმარებელი ვიყავი და ეტყობა, ამიტომ ამომარჩიესო. მითხრეს, როცა სადმე მაღაზიაში შევა, თავდასხმას მოაწყობო. იარაღს ჩვენ მოგაწვდით, „მასტერა“ მოგიტანსო. ასევე ასახელებდა ირაკლი ფირცხალავას, რომ მის შესახებაც ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. მე არ გავჩერდებიო, ასე მითხრა.
ითხოვდა ჩემთან შეხვედრას, მაგრამ მართალი გითხრათ, გეგუთში არ ჩავსულვარ. შაბათს დამიკავშირდა, მითხრა, რომ დედაჩემი აძლევს ინტერვიუს ამ თემაზეო. როგორც მითხრა კოლონიის დირექტორს ვინმე ბებიას უცემია ეს და კიდევ ექვსი ბიჭი, რომლებიც მისივე თქმით, მას დაეხმარნენ ამ ინფორმაციის გახმაურებაში.
ვაპირებთ ბოლომდე დავდგეთ და სიმართლე ვთქვათო. მითხრეს, რომ მეორედ ეს ამბავი არ ახსენო და არ ახსენო ფირცხალავაო. როგორც მითხრა, ციხის დირექტორი ბებია და ვინმე მაქაცარია ეუბნებოდნენ ამას“, - აცხადებს ია მეტრეველი.
მისი თქმით, ნაცემი პატიმრები რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს. როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ცდილობდა დაკავშირებოდა სახლხო დამცველს და სასჯელაღსრულების მინისტრს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მათ ტელეფონი გამორთული ჰქონდათ. მეტრეველის განცხადებით, პატიმარს შეხვდებიან ადვოკატები და თუ დადასტურდა, რომ ის სიმართლეს ამბობს, მეტრეველი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს პროკურატურას.
„იცით, მე არ ვამტკიცებ, რომ ეს მართალია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ეს სრული სიმართლე იყოს. 10 წლის მანძილზე არ გავჩერებულვარ და იცოდნენ, რომ ვერაფრით ვერ შემაშინებდნენ. დასაკარგი არაფერი არ დამიტოვეს, ალბათ თავი მოვაბეზრე ჩემი აქტიურობით და ჩათვალეს, რომ თუ მომკლავდნენ, პრობლემა მოხსნილი ექნებოდათ.
ჩემი პირადი აზრია, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძეს ამათმა მოიშორეს. ამის მერე, უკვე, ჩემი ჯერი დადგა, რადგან ხელს ვუშლიდი მათ. ისეთი ჯალათი ხელისუფლება გვყავდა, რატომ გიკვირთ? ამათვის ადამიანის სიცოცხლე არაფერი არაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ია მეტრეველმა.
For.ge-ს ინფორმაციით პატიმარს უკვე შეხვდნენ ადვოკატები. მან აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებთან საუბრისას დაადასტურა.