ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი (ვიდეო)

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი (ვიდეო)

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ეწვევა. ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი სამხედრო პირების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე კომენტარი დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა: 

„ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ შეფასდება ჩვენი სამხედრო რეფორმირების სტრატეგია, შეფასდება ის ნაბიჯები, რაც  საქართველომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გადადგა. დიდი იმედი მაქვს და მთელი ოპტიმიზმი, რომ შეფასებები  უმაღლესი იქნება, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნატოსგან შეფასებები  ბოლო წლების განმავლობაში კეთდება და ყოველთვის ვიღებთ მაღალ, კვალიფიციურ არამარტო შეფასებას, არამედ მხარდაჭერასაც. ნატოს სამხედრო კომიტეტი არ არის პოლიტიკური ორგანო, ის არ იღებს გადაწყვეტილებას გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ მათი შეფასება იქნება დიდი ფაქტორი, რომელიც ნატოს მომდევნო სამიტზე ჩვენთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას შეძლებს“.

ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების საქართველოში ვიზიტი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმაც შეაფასა: „ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ნატოს ყველა უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ჩამობრძანდება. ეს ვიზიტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აძლევს შანსს მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს და რა სტატუსი აქვს შეიარაღებულ ძალებს, როგორ წვლილს შეიატანს საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი. ამ ვიზიტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის ფაქტი, რომ კომიტეტი ამ ქვეყანაში ჩამოდის, იმის მაჩვენებლია, თუ  რამდენად აფასებს ნატოს საქართველოს როგორც პარტნიორსა და მომავალ წევრს“.

ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს.