თავდაცვის მინისტრის კომენტარი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის კომენტარი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 42 ამერიკელი კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. თავდაცვის მინისტრმა კონგრესმენების მხარდაჭერა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს საქართველოსადმი უპირობო მხარდაჭერად შეაფასა: „მათ აქვთ ვალდებულების განცდა საქართველოს უსაფრთხოებისადმი. სწორედ, ამიტომ მიმართეს სახელმწიფო მდივანს ასეთი მოთხოვნით, რომ საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხში აშშ-ს ურყევი, ძლიერი და ლიდერის პოზიცია ჰქონდეს. ჩვენს პრემიერ-მინისტრს  მიუნხენის კონფერენციაზე შეხვედრები ჰქონდა კონგრესმენებთან, სენატორებთან. ვიცოდით, რომ ანალოგიური მხარდაჭერა მზადდებოდა. ეს არის მისასალმებელი და კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ეს პროცესი, სრული ინტეგრაციის ევროატლანტიკურ გზაზე  ძალიან ღირსეულად გავიაროთ. ამის დასტური ჩვენი ჯარისა და ნატოს ქვეყნების ჯარების ურთიერთქმედების მაღალი  დონეა“.

კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან კომენატრი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც. მისი თქმით, ქართველი ხალხის, საქართველოს ურყევი ნებაა გაძლიერდეს ჩვენი ინტეგრაცია ნატოში. მან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის იმედიც გამოთქვა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ კონგრესმენების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ძალიან კარგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უჭერს მხარს. ნატოს ყველა მოკავშირე ქვეყანა საქართველოს მხარდამჭერია. მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ ერთად უნდა მიიღოს. თუმცა, ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.