„აბრამაშვილს თოფაძემ 300 000 ლარი წაართვა და სოჭში რა გულით უნდა ისრიალოს?!“

„აბრამაშვილს თოფაძემ 300 000 ლარი წაართვა და სოჭში რა გულით უნდა ისრიალოს?!“

სოჭის ოლიმპიური თამაშები ძალას იკრებს. საქართველოს ნაკრებს მედროშედ ნინო წიკლაური დასახელდა, ოლიმპიურ სოფელში მისიას ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ხელმძღვანელობს, ხოლო თამაშებში მონაწილეობას იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და ელენე გედევანიშვილი მიიღებენ.

ქართველი სპორტსმენები სოჭში უკვე გაემგზავრნენ, ქვეყანაში კი, ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების საკითხზე კვლავ დავობენ. საპარლამენტო უმცირესობა სოჭის ოლიმპიურ თამაშებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს, უმრავლესობა კი, სპორტის დეპოლიტიზირებასა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე აპელირებს.

სოჭში გამგზავრებამდე, ქართველ სპორტსმენებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა კი, მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მეტად რთული იყო.

„2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს ტარდება. სხვადასხვა ფაქტორი გავითვალისწინეთ და გადაწყვეტილება ქართული სპორტისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მივიღეთ. საქართველოს მეგობრები ჩვენს პოზიციას იზიარებენ, რადგან სპორტის პოლიტიზება დაუშვებელია. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, საქართველო კეთილი ნების ნაბიჯს დგამს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის მიმართ. ახლა ჯერი თქვენზეა, ჩვენს სახელოვან სპორტსმენებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სოჭში ქართველი სპორტსმენების უსაფრთხოების ნორმებზე პასუხიმგებლობას აკისრებს.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიადის კვლავ ბოიკოტორების მომხრე არიან და ყურადღებას კურიოზულ ფაქტზე ამახვილებენ.

for.ge-სთან საუბარში გოგა ხაჩიძე ინტერესდება, ვინ იღებს პასუხისმგებლობას სოჭში ქართველი ოლიმპიელების უსაფრთხოებაზე და რატომ არ რეაგირებს პროკურატურა გოგი თოფაძისა და იასონ აბრამაშვილის ქონებრივ დავაზე.

„ოლიმპიური თამაშები გვერდზე გადავდოთ და იმ კურიოზულ ვითარებაზე ვისაუბროთ, რაც აბრამაშვილისა და თოფაძის თავს ხდება. გოგი თოფაძემ იასონ აბრამაშვილის ხელმოწერის გაყალბების გზით, მის ოჯახს, ბაკურიანში დაახლოებით 300 000 ლარის ქონება წაართვა და „ჯიჰადი“-ს წევრივით ვიდეო გაუგზავნა - „ჭკუა ისწავლეთ, თორე უარესი დაგემართებათო“. აღნიშნული საქმე პროკურატურაში დევს და ძალიან კურიოზული ფაქტია, როცა ვიცე-პრეზიდენტი თოფაძე და აბრამაშვილი სოჭში ერთად იქნებიან. ამ ბავშვმა, რა გულით უნდა ისრიალოს იქ, როცა იცის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა მას და მამასმის 300 ათასი ლარი წაართვა?! ალბათ, აბრამაშვილმა მედალი რომ მოიგოს, იმასაც თოფაძე წაართმევს“, - აცხადებს ხაჩიძე.

კანონმდებელი განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებზე აქცენტირებს და ამბობს, რომ ქართველი სპორტსმენები სოჭში ღვთის ანაბარა გაემგზავრნენ.

„რა მექანიზმებით ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სპორტსმენების და დელეგაციის უსაფრთხოებაზე? ვის იმედად ვუშვებთ ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე? რაიმე არაორდინალური რომ მოხდეს, ვინ აგებს პასუხს? მივმართავ ქვეყნის პირველ პირს, ირაკლი ღარიბაშვილს, ვის იმედად გავაგზავნეთ ჩვენი სპორტსმენები? - რუსეთის იმედად თუ ვის იმედად? ღმერთმა მშვიდობით დაამთავროს ეს ოლიმპიადა, მაგრამ რამე რომ მოხდეს, რას ვშვებით, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი იღრიალებს - გემზე ქართველები გაიყოლეთო? სოჭი იმ ქვეყნის იმედად მივდივართ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებული აქვს და თავში რას დაარტყამს არავინ იცის“, - აღნიშნავს ხაჩიძე, რომლის პათოსსაც მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ, მაგრამ ისინი ყურადღებას პოლიტიკურ საკითხებზე ამახვილებენ.

როგორც for.ge-ს აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ხელისუფლება თვლის, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია, მაგრამ მმართველ ძალას არ ესმის, რომ ამ ოლიმპიადას რუსეთი თავისი პოლიტიკური ამბიციებისთვის იყენებს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ლეგიტიმაცია მოახდინოს.

„რუსეთს აქვს კარტბლანში, რომ საკუთარი ქმედებები გააგრძელოს. საქართველოს ხელისუფლებამ ოლიმპაიადა იმისათვის არ გამოიყენა, რომ საქართველოს ერთიანობის საკითხი განხილულილი ყოფილიყო. პირიქით, მმართველი ძალა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთს აამოს. სანაცვლოდ კი, რას ვიღებთ? რუსეთი საქართველოს მუდმივად ამცირებს, როგორც ოკუპაციის ხაზის გადმოწევით, ასევე „მედროშეების“ თემითა და ე.წ. პრეზიდენტების კრემლში მიწვევით. რუსეთთან მაამებლური პოლიტიკა არ მუშაობს, რადგან რაც უფრო დამთმობი ხარ, რუსეთი მით უფრო აგრესიულია, ხოლო რაც უფრო პრინციპული ხარ, კრემლი მით უფრო უკან იხევს“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომლის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლებას ნუგზარ წიკლაურიც აკრიტიკებს.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ოფიციალური ქართული დელეგაცია სოჭში არ უნდა ჩავიდეს და ქართული დროშა სოჭში არ უნდა აფრიალდეს.

„გამოსავალი არის, რომ სპორტსმენებს ოლიმპიური დროშის ქვეშ ეასპარეზათ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს რჩევა არ შეისმინა და ლერი ხაბელოვი, რომელიც დეპუტატია, სოჭში ჩადის, რითაც ყველაფერი ოფიციალური ხდება. ოლიპიადის წინააღმდეგ კი არ გამოვდივართ, არამედ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთს არ დაუმალავს, რომ სოჭის ოლიმპიადას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დანაწევრებისთვის იყენებს. აფხაზეთისთვის სპეციალური საშვების გაცემა მიმართულია იქითკენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ პოპულარიზაცია მოხდეს, რისი საფრთხეს არსებობს“, - განუცხადა for.ge-ს წიკლაურმა, რომლის მსგავსაც, ლერი ხაბელოვის ფაქტორზე აპელირებს გიორგი კანდელაკიც.

დეპუტატის შეფასებით, როცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალური დელეგაცია არ მიემგზავრება, ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვია, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი გააჩნია.

„ანუ,საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალური პირი ეყოლება მივლენილი“, - დასძენს კანდელაკი.

ოპონენტებისგან განსხვავებით, მმართველი ძალის წარმომადგენლები თვლიან, რომ ბოიკოტი საქართველოს სიკეთეს არ მოუტანდა და პირიქით, რუსეთთან ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავდა.

ზაქარია ქუცნაშვილი თვლის, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

„საჯარო პოლიტიკაში პროვინციულ აზროვნებას უნდა მოვეშვათ. უნდა ვიცოდეთ - სად უნდა ვიყოთ პრინციპულები და სად არა. პროვინციული აზროვნებიდან უნდა გამოვიდეთ და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე გადავიდეთ. ჩვენს წინაპრებს უნდა მივბაძოთ, რომლებიც დიპლომატიურ გზებს მიმართავდნენ. ყოყლოჭინა პოლიტიკა საქართველოს ინტერესში არ შედის, მითუმეტეს, სპორტის სფეროში“, - განუცხადა for.ge-ს ქუცნაშვილმა, რომლის მსგავს პოზიციაზეც არიან მისი თანაგუნდელები.

გოგი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ „სადაც ზარბაზნები ისვრიან, იქ მუზები სდუმან, ამიტომ, ყველაფრის პოლიტიზირება არ შეიძლება“.

ზვიად კვაჭანტირაძე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ სოჭში საქართველოს ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ არც ბოიკოტს ექნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ქართული მხარე მარტო აღმოჩნდებოდა.

„სურათები დავათვალიერე და ძალიან ბევრი ვიცინე, რადგან რა უნდა იყოს რუსეთის მიერ მოწყობილი ოლიმპიადა? საჯარო სველი წერტილები ნახეთ? ამ ყველაფერზე უკვე მონაწილეები იცინიან. იმედი მაქვს, გედევანიშვილი მაინც გაგვახარებს, მაგრამ რუსებმა ადეკვატურად უნდა შეაფასონ ის, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციას ვცდილობთ. რუსებმაც საქართველოს სხვა თვალსაწირიდან უნდა შეხედონ და ის სტერეოტიპები ჩამოშალონ, რომლითაც საქართვლოსთან მიმართებაში საუკუნეების მანძილზე ურთიერთობდნენ“, - განუცხადა for.ge-ს კვაჭანტირაძემ.

აღსანიშნავია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე საუბრისას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყურადღებას უსაფრთხოებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებელია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის წინაშეც თავის მხრივ, ვალდებულებები რუსეთს აქვს აღებული.

„არჩევანის წინაშე ვიყავით, ან ვყოფილიყავით ცივილიზებული მოთამაშე, ან საკითხებს პოლიტიზირებულად მივდგომოდით. მონაწილეობას ვიღებთ არა სოჭის ოლიმპიადაში, არამედ ზოგადად ოლიმპიადაში. ოლიმპიადების დროს ომები ჩერდებოდა და საქართველომ როგორც ცივილიზებულმა მოთამაშემ ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის თავლსაზრისით. ეს ჩვენ გვჭირდება. რუსეთი კი არ მიყვარს და კარგი ურთიერთობის იდეაფიქსი კი არ მაქვს, არამედ ქვეყნის ინტერესების რეალიზება უნდა მოხდეს. ოლიმპიადაში მონაწილეობით დასავლეთს ვაჩვენებთ, რომ ბარიერებს ხელოვნურად არ ვქმნით“, - განუცხადა for.ge-ს სესიაშვილმა, რომელიც კითხვას სვამს - „უნდა გაიმართოს თუ არა საქართველო-რუსეთის საფეხბურთო შეხვედრები და უნდა შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს - ქართველი და რუსი მორაგბეები?“.

ირაკლი სესიაშვილის მსგავსად, ზვიად ზვიადაურიც კითხვას სვამს, მაგრამ ნაციონალების მისამართით.

ათენის ოლიმპიური ჩემპიონი ინტერესდება - „2008 წელს, როდესაც ომი იყო, საქართველომ ჩინეთში, ბოიკოტი რატომ არ გამოაცხადა?“.

„ომის დროს, ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადაზე იყვნენ და როცა ხალხი დაიხოცა, მაშინ პროტესტის ნიშნად, თამაშები რატომ არ დატოვეს? როცა დღეს, საზღვარია გადმოწეული, ეს სამწუხარო ამბავია, მაგრამ ეს მთავრობის საქმეა და არა სპორტსმენების. როდესაც, ომი იყო პროტესტი, რატომ არ გამოხატეს? სპორტი დეპოლიტიზირებულია და ასე უნდა იყოს. მაინტერესებს, ახლა მაინცდამაინც, რატომ აკეთებენ აქცენტს, რომ ოლიმპიადა უნდა დატოვოთ“, - განუცხადა for.ge-ს ზვიადაურმა, რომლის კითხვაც აკაკი მინაშვილმა „სასაცილოდ“ მიიჩნია.

ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებით, ზვიადაური ვერ არკვევს, რომ ჩინეთის მიმართ ბოიკოტი რატომ უნდა გამოცხადებულიყო, რომელიც საქართველოს ოკუპანტი არ არის და რომელსაც, აფხაზეთისა და ოსეთის „დამოუკიდებლობა“ არ უღიარებია.

 „თუ ზვიადაური ამ განსხვავებას ვერ ხედავს, ზედმეტია კომენტარი“, - დასძენს მინაშვილი.

თუ რას „მოიმკის“ საქართველო სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობით, ამას მომავალი გვიჩვენებს, ამჟამად კი ისღა დაგვრჩენია, ქართველ სპორტსმენებს მშვიდობა და წარმატება ვუსურვოთ.