წლების განმავლობაში პოლიციელის მხრიდან ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის არცერთი შემთხვევა არაა გამოძიებული. არის რამოდენიმე შემთხვევა, როცა ამგვარ საქმეებზე სასამართლომ იმსჯელა, თუმცა არცერთ შემთხვევაში სასჯელი არ იყო დანაშაულის ადეკვატური. პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებას ხშირ შემთხვევაში, უდანაშაულო ადამიანები ეწირებოდნენ. როცა კი ჩნდებოდა კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული ეჭვი, რომ მკვლელობა პოლიცელმა ჩაიდინა, სახელმწიფო ჩნოვნიკები მკვლელობას იმით ამართლებდნენ, რომ მსვერპლი კრიმინალი იყო, ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს.
ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა იმ ადამიანების მოთხოვნა, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვდნენ. პროკურატურა კი საქმის გამოძიებას არ ჩქარობს. 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურა ზურაბ ადეიშვილის მიერ დამკვიდრებული ტრადიციით აგრძელებს მუშაობას.
გასულ კვირას იური ვაზაგაშვილი შს მინისტრს და მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს შეხვდა. პირველი პირებისგან მან საქმის გამოძიება და მკვლეობაში ეჭმიტანილი მოქმედი მაღალჩინოსნების დასჯა მოითხოვა. როგორც თავად ამბობს, აღძრულია საქმე, თითქოს დაკითხულია რამდენიმე მოწმე. დანიშნულია ექსპერტიზა მანქანაზე, რომელიც როგორც ნივთმტკიცება, დღემდე პროკურატურაშია.
„შევხვდი ირაკლი შოთაძეს და კატეგორიული მოვთხოვე სამსახურიდან გაენთავისუფლებინათ ის თანამშრომლები, რომლებმაც საქმე გააყალბეს. ესენი არიან, მთავარი პროკურატურის დეპატრამენის უფროსისი მოადგილე, ფრანკ ანკოსი, თბილისის პროკურორის მოადგილე გელა ბადიაშვილი, პროკურორები შაქრო ზაალაშვილი, თენგიზ ხარებავა. ესენი ხელის უშლიან გამოძიებას.
შევხვდი შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს. ვკითხე რა ფორმით აპირებდნენ ქალაქის პოლიციის უფროსის გიორგი დალაქიშვილის და მისი მოადგილის ოთარ მირზოევის დასჯას. ეს ბატონები ჩემი ზურას მკვლელობის თანამონაწილეები არიან. მინისტრს ამის მტკიცებულებაც წარვუდგინე - როცა მათ დაიწყეს პირველი სროლა ზურას მიმართულებით, ცააძესთან და ბეროძესთან ერთად, მანქანის წინ იდგნენ.
შს მინისტრის მეუბნება, რომ დალაქიშვილმა მითხრა 150 მეტრის მოშორებით ვიდექიო და მე მისი მჯერაო. იმედი მომცეს, რომ დაახლოებით ორ თვეში შედეგს დავდებთო. როგორც მითხრეს ორ ვერსიაზე მუშაობენ და ვნახოთ. არ დავთმობ, ეს მკვლელები უნდა დაისაჯონ.
პასუხი არ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებამ და პარლამენტმა ჭიკაიძეს რატომ დანიშნა მკვლელობაში ეჭმიტანილი პირი პოლიციის უფროსად? რადგან ფირცხალავას ძმაკაცია იმიტომ დანიშნა? თვითონაც მისი საძმაკაცოდანაა. ამას წერტილი უნდა დაესვას. სხვნაირად სამართლიანობას ვერ აღვადგენთ. შოთაძე მეუბნება, რომ პროკურორი ზაალიშვილი მოვაშორეთ აქედან და კახეთში გაუშვით, დანარჩენებზე პრობლემა არ იქნებაო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას იური ვაზაგაშვილმა.
იური ვაზაგაშვილის პროკურატურაში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, პროკურატურაში მოულოდნელად ჩნდება ვინმე ლევან გაბუნია, რომელიც მის შვილის, გიორგი გაბუნიას მკვლელობაში ზურა ვაზაგაშვილს ადანაშაულებს. გაბუნიამ პრესკონფერენცია შარტავას ქუჩაზე მდებარე 16 სართულიან კორპუსთან გამართა, რომლის სახურავიდან, მისივე თქმით, 2003 წლის 28 დეკემბერს მისი შვილი გადმოაგდეს და მოკლეს.
„ჩემი შვილი იყო მკვლელობის მთავარი მოწმე. ბექა პაპუაშვილი და ჩემი შვილი მოკლა იმ ხალხმა, ვისაც დღეს ძეგლი უდგას. ეს არის ზურა ვაზაგაშვილი. მას ჩვენება მიაცემინეს. საქმე უკვე გამოძიებულია და ხელახალ გამოძიებას არ საჭიროებს. მივმართავ მთავარ პროკურატურას, რომ საქმის მასალები გაასაჯაროოს. ყველამ უნდა იცოდეს ვინ ვინ არის. აქამდე გაჩუმებული ვიყავი და ვიღაც-ვიღაცეები გმირად წარმოგვიდგინეს“, - განაცხადა ლევან გაბუნიამ.
თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ დუმდა წლების განმავლობაში გაბუნია, მაშინ, როდესაც სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, გაბუნიას მეუღლე სხვა შვილ მკვდარ დედებთან ერთად სასმართლოზე დადიოდა და როგორც იური ვაზაგაშვილი აცხადებს, სასამართლოდან მისი მანქანით მიჰყავდა გაბუნიას მეუღლე სახლში.
„მისი მეუღლე დადიოდა სასამართლოზე. ჩემი მანქანით მიმყავდა ხოლმე სახლში. მან გვითხრა ასეთი რამ - „ჩვენთან მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, რომ უნდა თქვათ, რომ თქვენი შვილი მოკლა ვაზაგაშვილმაო, მაშინვე სახლიდან გავყარე“. ახლა გამოდის მისი მეუღლე და ამას ამბობს. შემირცხვენია ის მამა, რომელმაც იცის ვინ მოკლა მისი შვილი და 10 წელი ხმას არ იღებს. ეთქვა რისი ეშინოდა? ადეიშვილის და მერაბიშვილის მეთოდით მუშაობს ეს პროკურატურა დღემდე. ძველი კადრები გავლენას არ კარგავენ. ვერ შემაშინებენ და ვერ გამაჩერებენ ასეთი მეთოდებით“, - აცხადებს იური ვაზაგაშვილი.
მკვლელის დასჯას ითხოვს, 2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ვახტანგ აბუაშვილის მიერ მოკლული 31 წლის გიორგი გამცემლიძის მამა. გამცემლიძის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მან საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. ოფიციალური ვერსიით, გამცემლიძე შეიარაღებული იყო და პოლიციელების ბრძანებას, გაჩერებულიყო, არ დაემორჩილა და პოლიციის თანამშრომელმაც სწორედ იმიტომ ესროლა მას, რომ მასში საფრთხე დაინახა. მანქანიდან გადმოსული გამცემლიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს.
გამოძიების მსვლელობისას იარაღიც „ამოიღეს“, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ამ იარაღზე გიორგი გამცემლიძის თითის ანაბეჭდები არ იყო. ვახტანგ აბუაშვილის მიმართ საქმე თავიდან სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით (მკვლელობა დამნაშავის დაკავებისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) აღიძრა, შემდეგ კი კვალიფიკაცია შეიცვალა და საბოლოოდ პატრულის თანამშრომელი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის მუხლით გაასამართლეს (116-ე მუხლი), თუმცა გიორგი გამცემლიძის მშობლები აცხადებენ, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო, რადგან მათი მტკიცებით აბუაშვილი მის ვაჟს იცნობდა და მასთან პირადი ინტერესი ჰქონდა.
„მერწმუნეთ, ძალიან რთულია როდესაც შენი შვილის მკვლელს 2 წელს უსჯიან და ქვაბის ქურდს 12 წელს. ეს არის სამართლიანობა? მკვლელები, რომლებიც ქუჩაში დადიან უფლება არ ჰქონდეთ ქუჩაში იარონ. პროკურატურაში არაფერს არ მეუბნებიან. ისევ ის ჩინოვნიკები არიან მოკალათებული, რომლებიც ვანო მერაბიშვილთან ერთად გეგმავდნენ ამ მკვლელობებს. სწორედ ამიტომ არ ისჯებიან ჩვენი შვილების მკვლელები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ჯამბულ გამცემლიძემ.
საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს 2004 წლის 23 დიდუბის ეკლესიასთან მოკლული, ბუტა რობაქიძის მშობლები. შსს-ს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა „პატრულის“ ეთერში ითქვა, რომ რობაქიძე მაშინ მოკლეს, როცა ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის წევრების“ დაკავებას ცდილობდნენ. ოჯახი ითხოვს დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი, გურამ დონაძე, ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი ირაკლი წერეთელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და ასევე თბილისის პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, გურამ დონაძის გარდა ბრალი კიდევ შსს–ს 4 ყოფილ მაღალჩინოსანს წაუყენა. ბუტას საქმეზე 3 სასამართლო პროცესი ჩატარდა. დაკავებულებს, აღმკვეთი ღონისძიება წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. მოსამართლე კი სასამართლო პროცესის დანიშვნას არ ჩქარობს. სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება საქართველოში არ არსებობს.
„ვიცი, რომ იყო ასეთი ბრძანება, პოლიციელი და გამომძიებელი არ დაიჭიროთო. ისეთი ხალხია დასაჭერი, რომ არ აწყობთ ამ ხალხის დაჭერა. სასამართლომ გირაოთი გაანთავისუფლ მიქაძე და დონაძე. ამის მერე არაფერი არ ხდება, 5 თვეა გასული სასამართლო დანიშნულიც კი არ აქვს მოსამართლეს. ბუტას, სანდროს და ზურას საქმეში არის ერთი გამომძიებელი შაკო ნიქაბაძე. მას აკეთებინებდნენ ყველა შავ საქმეს.
არ სრცხვენიათ? მიკვირს, თინა ხიდაშელი და დათო უსუფაშვილი თავს იკლავდნენ ამ საქმეებზე, მოგვცეს პირობა, რომ მთავრობაში მოვიდოდნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ სამართლიანობის აღსადგენად. გაზაფხულამდე ველოდებით, თუ არ მოხდება ამ მკვლელების სათანადო დასჯა, 2007 წლის ნომებერი მოგონილი იქნება. კარგად მახსოვს დღევანდელმა პოლიტიკოსებმა როგორ გამოიყენეს ეს მკვლელობები. ახლა დაჯდნენ პარლამენტში და ჰგონიათ, რომ მოვასვენებ. ჯოხით გამოვყრი სუყველას მაგ პარლამენტიდან!
„ნაციონალების“ დროს შევვარდი და ამათ დავინდობ?! აზრზე არ არიან ამათ რას ვუზამ. ზიან იქ და კისრები გაისუქეს. მოვა კიდევ არჩევნები, სადაც მათი მაჟორიტარები იქნებიან ყველგან ჩავუშლით არჩევნებს. ნულზე დავიყვანთ მაგათ პროცენტებს.
ათიათასობოთ ადამიანი არის უსამართლოდ დასჯილი, ნამუსაყრილი და პოლიტიკური ნება არაა, რომ ეს საქმეები გამოიძიონ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ მე თვითონ დავიწყებ დამნაშავეებს ქუჩაში ლიკვიდაციას. მირჩევნია ციხეში ვიყო, ვიდრე უთავმოყვაროდ ვიარო ქუჩაში და ჩემი შვილის მკვლელს გვერდი ავუარო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო რობაქიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, გარდაცვლილის მშობლებს სოლიდარობას უცხადებს და საკითხთან დაკავშირებით მისეულ ფორმულას აყალიბებს - „სამართლიანობის აღდგენა უფლებაშელახული თითოეული ადამიანისა და ოჯახისათვის“.
„თითოეული კონკრეტული საქმე, არის შესასწავლი და დაგვიანებულია, განსაკუთრებით გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა საქმეებთან დაკავშირებით და ჩვენ გავქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ახალი ხელმძღვანელობით მაინც დააჩქარებს ამ პროცესებს. ასე რომ, კონკრეტული დანაშაულები უნდა იყოს შესწავლილი, ბევრია და რთულია მესმის, მაგრამ სამართლიანოიბა უნდა აღდგეს“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 2006 წლის 28 იანვარს შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეა. ამ საქმემ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემა და მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცეც. სანდრო გირგვლიანის მკვლეობის საქმის გამოძიება ხელისუფლების შემდეგ განახლდა. ბრალი წაუყენს ყოფილ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას.
მთავარმა პროკურატურამ შსს სხვა მაღალჩინოსანთა ბრალეულობაც გამოკვეთა. გია ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძისა და ავთანდილ აფციაურის გარდა მერაბიშვილისათვის წაყენებულ საბრალდებო დასკვნაში კიდევ სამი გვარი ფიგურირებს -დავით ქოქიაშვილი, იოსებ ხასაია და ვალერიან მეტრეველი. ისისნი მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებისას საქმეში საერთოდ არ ფიგურერებდნენ და თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობდენ. გარდა ამისა, ბრალი წაუყენეს ოლეგ მელნიკოვს, დავით ჩხიტუნიძეს და დათა ახალაიას, რომელიც გამოძიებამ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების დამკვეთად დაასახელა.
ამ საქმეზე ბრალი ამ დრომდე წაყენებული არ აქვს სუფრის კიდევ ერთ წევრს, შსს-ს გენერალური ინსპექსიის ყოფილ უფროსს ვასილ სანოძეს. თუმცა ცნობილია, რომ სანოძე თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა და გამომძიებლის კითხვებსაც ამომწურავად უპასუხა.
For.ge-ს ინფორმაციით, დათა ახალაიას გირგვლიანზე განხორციელებული ანგარიშსწორების ორგანიზატორად ბრალი ვასილ სანოძისა და საქმეზე დაკითხული 81 მოწმის საფუძველზე წაუყენეს.
მიუხედავად ამისა, გამოძიებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა გირგვლიანი მოკლეს თუ გაქცევისას გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილმა მთავარი პროკურორ არჩილ კბილაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანად არის გამოძიებული სანდრო გირგვლიანის საქმე. სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. გამოძიებულია რა ვითარებას ჰქონდა ადგილი ციხეში.
„დარჩენილი იყო ერთი ელემენტი, რომელიც გამოძიებას საჭიროებდა - რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. ვერ ხერხდებოდა ზუსტად იმის დადგენა, ის მოკლულ იქნა, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა. არ შეიძლება ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუკი ყველა მტკიცებულებით ბოლომდე არ არის გამყარებული. ეს საკითხი ამ შემთხვევაში ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს“, - აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.
აღსანიშავია, რომ სახელმწიფოს აკისრია პირდაპირი ვალდებულება, რომ არა სიტყვებით და პოლიტიკური განცხადებებით, არამედ ეფექტური და სრულყოფილი გამოძიებით, აჩვენოს საზოგადოებას სიმართლე, რა გახდა ამ ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვის მიზეზი.