სუპერმარკეტების ქსელ “პოპულის" დამაარსებელი და ამჟამად “პოპულის" აქციათა 12 %–ის მფლობელი ბიზნესმენი ევგენი ფიჩხაია სასამართლოში დავას აპირებს. ფიჩხაიმ უკვე განაცხადა, რომ “ფუდმარტსა" და “პოპულს" შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. სააგენტო “პირველს" მან უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს იურისტთა რამდენიმე ჯგუფთან გადის და რომ `არაკეთილსინდისიერმა გარიგებამ მისი, როგორც “პოპულის" მოქმედი აქციონერის, უფლებების სრული იგნორირება მოახდინა".
“პოპულის" წარმატების ისტორია
“პოპული" ბაზარმა გამოჩენისთანავე მიიღო. ეს საქართველოში სუპერმარკეტების პირველი ქსელი იყო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მისმა გამოჩენამ საცალო ვაჭრობის დანერგვის და გაუმჯობესების თვალსაზრისით დადებითი გავლენა მოახდინა, მის მიმართ დროდადრო საყვედურები განვითარებასთან ერთად ისმოდა. შეხვდებოდით სერვისით და პროდუქციის ხარისხით ზოგჯერ უკმაყოფილო მომხმარებელსაც და საქონლის მომწოდებელსაც: იმპორტიორი თუ ადგილობრივი კომპანიები მას არც თუ ისე კარგ გადამხდელად იხსენიებდნენ.
რას ეფუძნება ფიჩხაიას პრეტენზია? კომპანია მან 2001 წელს ჩამოაყალიბა და 4 წლის განმავლობაში 12 სუპერმარკეტამდე გაზარდა. ქსელის განვითარების შემდეგ ეტაპზე ფიჩხაიამ კომპანია სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა, “პოპულში" საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები შემოიყვანა და კომპანიას კაპიტალი გაუზარდა. 2005 წელს აქციონერებმა: საინვესტიციო ფონდმა “ფაიერბერდმა" და “საქართველოს ბანკმა" სუპერმარკეტების ქსელ “პოპულის" გენერალურ დირექტორად ისევ ფიჩხაია აირჩიეს.
განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე კომპანიის აქციონერიები აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე ცნობილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები: “Eastcapital", „Ostinvestor“ “Mp fund” ხდებიან. აქციონერების მატებასთან ერთად ფიჩხაიას, როგორც აქციონერის წილი, კომპანიაში მცირდება და 15.5%-მდე დადის. 2010 წლის ბოლოს, აქციონერების გადაწყვეტილებით, ის “პოპულის" მენეჯმენტს ჩამოაშორეს. მიზეზი ფიჩხაიასა და დანარჩენ აქციონერებს შორის კონფლიქტი იყო.
რა შექმნა ფიჩხაიამ 9 წლის განმავლობაში? ქვეყანაში პირველ და ყველაზე დიდ სუპერმარკეტების სავაჭრო ქსელს ჰქონდა 45 მაღაზია, 90 მილიონიანი წლიური ბრუნვა და იმ დროისთვის 23 მილიონდოლარიანი ინვესტიცია. ამავდროულად, `პოპული~ პირველი ქსელი იყო, საკუთარი ცენტრალიზებული საწყობით და ე.წ. ფრეშ პრუდუქტების გადამამუშავებელ-გამანაწილებელი ცენტრით.
მოკლედ, “პოპულში" აქციების უმეტესი წილის მფლობელბმა “კლასიკური" მეთოდით იმოქმედეს: მართვიდან გაუშვეს კომპანიის დამფუძნებელი და თავად სცადეს მართვა. დირექტორად ამ დროს სერბ ქალბატონ თეოდორა ტიჩერიკს ირჩევენ, თუმცა მართვის პროცესი რთული აღმოჩნდა: შედეგები გაუარესდა და 2012 წლის ზაფხულში კომპანიის 88%, რომელშიც 23 მილიონი დოლარი იყო ინვესტირებული, აქციონერებმა “იოლს" 5.5 მილიონ დოლარად მიჰყიდეს.
“პოპული" “ფუდმარტამდე"
ყოფილ ხელისუფლებასთან მჭირდრო კავშირში მყოფი, “იოლის" ლიტველი დირექტორი და აქციების მფლობელი საულიუს ვიეტკიავიჩუსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხვდა, როდესაც თბილისის აეროპორტში ქვეყნიდან გასვლისას დააკავეს. მას კონფლიქტი “იოლის" თანააქციონერ SEAF CAUCASUS GROWTH FUND LP-ის წარმომადგენელ ლატვიის მოქალაქე არმანდ ფომიჩევთან შეექმნა. ამის შემდეგ “იოლს" სამართავად სწორედ SEAF-ი იღებს.
საჯარო რეესტრში მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია SEAF-ი 2011 წლის 15 ივნისს კაიმანის კუნძულების კანონმდებლობის საფუძველზეა დაფუძნებული და გადასახადებისგან გათავისუფლებულ კომანდიტურ საზოგადოებას წარმოადგენს. საინტერესოა, რომ კომპანია “პოპულთან" კავშირში ის ფიგურირებდა ადრეც და დღესაც: “ბანკები და ფინანსების" მიერ განხორციელებული მოკლე კვლევის შედეგად, სურათი შემდეგნაირად ლაგდება: “პოპული" იყიდა “იოლმა", “იოლი" კი ცოტა ხნის წინ იყიდა არჩილ გეგენავასთან ასოცირებულმა “ფუდმარტმა", რომელიც, თავის მხრივ, დააფუძნა “პოპულის" 88%–იან წილის მფლობელმა იგივე ფონდმა (SEAF CAUCASUS GROWTH FUND LP). საინტერესოა ისიც, რომ “ფუდმარტის" მმართველი დღეს დანიის მოქალაქე ესბენ ემბორგი “პოპულშიც" მმართველ თანამდებობას იკავებდა.
ევგენი ფიჩხაია სააგენტო “პირველთან" საუბრისას, გარიგებას არაკეთილსიდისიერს უწოდებს, თუმცა ვარაუდობს, რომ „SEAF CAUCASUS GROWTH FUND LP“ -ის პარტნიორ ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს გარიგების შესახებ სრული ინფორმაცია არ ექნებოდათ.
ვის ჭირდებოდა ეს ცვლილება? გარიგების შედეგად SEAF-მა მიიღო ახალი კომპანია, იგივე აქტივებით და ბევრად ნაკლები ვალდებულებით: ვალის დიდი ნაწილი “ახალმა" მფლობელებმა ფიჩხაიას აქციებთან ერთად ძველ კომპანიას - “პოპულს" დაუტოვეს, აქტივები კი “ფუდმარტში" გადაიტანეს და ბაზარზე ახალი სახელით წარსდგნენ.
“ბანკები და ფინანსები" ევგენი ფიჩხაიას დაუკავშირდა და დავის დაწყებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი სთხოვა, თუმცა მან დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა. არჩილ გეგენავასთან დაკავშირება მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, არ მოხერხდა. “ბანკები და ფინანსები" განაგრძობს ბიზნესდავაზე მუშაობას და საქმის მთავარი ფიგურანტებს - “პოპულის", “ფუდმარტის" და საინვესტიციო ფონდ SEAF CAUCASUS GROWTH FUND LP –ის წარმომადგენლებთან უკეთესი კომუნიკაციის იმედს იტოვებს.