როცა ახალიას საქმის მთავარი მოწმეები, ახალაიას ადვოკატის საკონტაქტო ტელეფონს იმ მოტივით ეძებენ, რომ პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ უამბონ, ჩნდება კითხვა, რატომ არ მიდიან ისინი სახალხო დამცველის ოფისში შესაბამისი განცხადებით, ან ნებისმიერ სხვა არასამთვარობო ორგანიზაციაში. ამ კითხვაზე მმართველი გუნდი პასუხობს, რომ ახალია დაცვის მხარე და ოჯახი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ მოწმეებზე იმ ფორმით, რა ფორმითაც თავად ახალაია წლების განმავლობაში ახორციელებდა ზეწოლას ადამიანების მიმართ.
„საქმის მთავარი მოწმეები ჯერ იკარგებიან, შემდეგ კი მათ ჩვენებას დაცვის მხარე ავრცელებს, სადაც მოწმეები ყვებიან, რომ გამოძიებამ ახალაიას წინააღდეგ ჩვენების მიცემა აიძულა“. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
აღსანიშნავია, რომ ახალაიას წინააღმდეგ საქმის მთავარი მოწმე, გია გორგაძე მას შემდეგ დაიკარგა, რაც „ნავთლუღის“ ავტოსადგურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ადგილზე მოკლული სამი ახალგაზრდის მკვლეობის ბრალდებით, ბრალი წაუყენეს ძმებ ახალაიებს და მეგის ქარდავას. ოჯახი ეჭვობდა, რომ იგი ახალაიას და მეგის ქარდავას სასარგებლო ჩვენების მიცემის მიზნით გაიტაცეს. ოჯახმა პროკურატურას მიმართა, რომ გორგაძე მოეძებნათ. ამასთან, პროკურატურა გორგაძის გატაცების ვერსიაზე მუშაობს. (როგორც ცნობილია, გია გორგაძის ძმა 2006 წელს, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა).
გორგაძის ცოლი, ნატო იჩქიტიძე ბაჩო ახალაიას ოჯახსა მეუღლის გატაცებაში ადანაშაულებს. ნატო იჩქიტიძის თქმით, ის გამომძიებელს დაუკავშირდა და მეუღლის გაუჩინარების შესახებ აცნობა.
„ოჯახმა ერთი კვირის განმავლობაში არაფერი ვიცოდით მისი ადგილსამყოფელის შესახებ. დავუკავშირდით თბილისში გამომძიებელს, რომელსაც ვთხოვეთ დახმარება ჩემი ქმრის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. გამომძიებელი დახმარებას დამპირდა, რომელიც ნამდვილად დამეხმარა და ჩემი ქმარი უვნებელი და ჯანმრთელი დამიბრუნა. ჩემი ქმარი ბაჩო ახალაიას ხალხის მიერ იყო გატაცებული. მთელი ეს პერიოდი გათიშული ჰქონდა ტელეფონი“, - განაცხადა ნატო იჩქიტიძემ.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ გია გორგაძე იყო გატაცებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარადავას მიმართ მიცემული მამხილებელი ჩვენების გამო. გია გორგაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმეზე ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, დადგინდა გია გორგაძის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც იგი მიყვანილი იქნა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისა და სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. პროკურატურა მუშაობს მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ვერსიაზეც, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც ფაქტს მოჰყვება სათანადო რეაგირება.
ბაჩო ახალაიას მეუღლე და ადვოკატი კი აცხადებენ, რომ გია გორგაძე მათთან მივიდა და განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაზე პროკურატურაში მას ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ, ზეწოლით მიაცემინეს. სამართალდამცველებმა გორგაძე პროკურატურაში „პრაიმტაიმის“ (სადაც გორგაძე პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავდა) მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანეს. მისი დაკითხვის პროცესში პროკურატურასთან იმყოფებოდა ორი ადვოკატი, რომლებიც მოწმესთან არ შეუშვეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის - გია გორგაძის „სასურველი მიმართულებით“ გამოყენება ხდება. ეკა ბესელიას განცხადებით, გასარკვევია, აღრვევდა თუ არა მის უფლებებს ახალაიას მხარე.
„ახალაიას მოწმესთან დაკავშირებით არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რეალობა. ერთი არის ის, რომ ისაა დაზარალებული - მისი ძმა ნავთლუღის ბაზართან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული და საკმაოდ ბევრი ეჭვი ჩნდება, რატომ ხდებოდა მოწმის მიყვანა პრესკონფერენციის ჩასატარებლად. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას არ დაურეკავს ახალაიას მეუღლისთვის. მე ვფიქრობ, გასარკვევია, არღვევდა თუ არა ამ მოწმის უფლებებს სწორედ ახალაიას მხარე და ხომ არ ახდენდა მასზე ზეწოლას“, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, თუ ვინმეს უფლებებია დასაცავი, სწორედ ამ ადამიანის, რადგან მცდელობაა მისი სასურველი მიმართულებით გამოყენების. ახალაიას საქმის მოწმე გია გორგაძე ბაჩო ახალაიას მეუღლისა და ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ის ამბობს, რომ გიორგი ონიანთან, როგორც ადვოკატთან ისე მივიდა. როგორც თავად ამბობს, უნდოდა მისი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა და ონიანს, როგორც ადვოკატს მიმართა, რომ დამხმარებოდა პრესკონფერენციის ორგანიზებაში.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის გოგა ონიანის განცხადებით, გია გორგაძე მასზე ზეწოლის შესახებ საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.
ახალაიას მეუღლის განცხადებას უარყოფს, თავად გორგაძე და ამბობს, რომ ის დაგეგმილ ბრიფინგზე არ აპირებდა იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელზეც ახალაიას მეუღლე და ადვოკატი საუბრობენ.
„მივედი, ონიანმა მითხრა, რომ ჟურნალისტებს შემახვედრებდა. სხვა არანაირი საუბარი მასთან არ მქონია, გამოვბრუნდი და წამოვედი“, - განაცხადა გია გორგაძემ.
ონიანის განცხადებას აბსურდულს უწოდენებ მთავარ პროკურატურაში და აცხდებენ, რომ ონიანი და ახალიას მეუღლე ცდლილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახალაიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით.
„გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა ეს მცდელობა არის სრულიად ფუჭი, ვინაიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მთავარი პროკურატურა მკაცრად აღკვეთს პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს. აქვე მოგახსენებთ, რომ პროკურატურა ინტენსიურად იძიებს „ნავთლუღის“ ავტოსადგურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებებს, რასთან დაკავშირებითაც დამატებითი მნიშვნელოვანი დეტალები საზოგადოებისთვის მომავალში გახდება ცნობილი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გია გორგაძე არის ერთ-ერთი დაზარალებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალდების საქმეში, სადაც მათ ბრალად ედებათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამება“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, იმ სიტუაციაში, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქმეში ერთ-ერთ მოწმესთან დაკავშირებით შეიქმნა, ჭეშმარიტების განსაზღვრა რთულია, რადგან რამდენიმე გარემოება კითხვებს ბადებს.
„პირველი გარემოება ისაა, რომ თავიდანვე ითქვა იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი ჟურნალისტებთან და ადვოაკტთან სასაუბროდ მზად იყო და „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სწორედ ამ მიზნით მიდიოდა. თუმცა პრესკლუბში შესვლის მომენტში სამართალდამცველებმა ის დააკავეს და აქ ჩნდება კითხვა. პროკურატურამ ეს იმიტომ ხომ არ გააკეთა, რომ არ სურდა გაემჟღავნებინა ის ინფორმაცია, რაც სავარაუდოდ, ბაჩო ახალაიას მეუღლის თქმით, მას უნდა გაეჟღერებინა.
მეორე კითხვა მის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გაგვიჩნდა. ითქვა, რომ ეს ადამიანი მოწმის სახით იქნა დაკავებული, თუმცა მოწმის სახით ადამიანს ასე არ აკავებენ. როგორც ახალაიას მეუღლე და ადვოკატი აცხადებენ, სწორედ პროკურატურის მხრიდან მომდინარე ზეწოლის გამო მოხდა ყველაფერი. ამდენად, საკითხავია, შეიძლება იყოს თუ არა პროკურატურა ამ ყველაფრის ობიექტური გამომძიებელი“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.
შეგახსენებთ, რომ გორგაძე არაა ერთად-ერთი მოწმე, რომელიც ბრალდებულ ახალიას გარემოცვას ზეწოლაში ადანაშაულებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მოწმის გოდერძი ჯოლოხავას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზეწოლაში ბაჩო ახალაიას, დეპუტატ დავით საყვარელიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს ოლეგ ფაცაციას ადანაშაულებს.
ჯუმბერ მილორავას განცხადებით, გოდერძი ჯოლოხავამ ამომწურავი ჩვენება მისცა თბილისის პროკურატურას. დაასახელა ის პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. ესენი არიან: ოლეგ ფაცაცია, დეპუტატი დავით საყვარელიძე, ბაჩო ახალაია და სხვა პირები.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გოდერძი ჯოლოხავამ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. პირველად, მედიაკავშირ „ობიექტივთან“ ინტერვიუში ჯოლოხავა ყვებოდა, თუ როგორ ანახეს პატიმრის გაუპატიურების და წამების სცენები. მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას სამჯერ შეხვდა და ის აიძულებდა სხვა პატიმრებისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას წამების გზით.
ამის შემდეგ, ბრალდებულ ახალაიას მეუღლემ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯოლოხავა ზეწოლაში თეა წულუკიანს და ირმა ინაშვილს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მას ახალაიას წინააღმდეგ დაწერილის გამეორება მოსთხოვეს. მეორე დღეს კი, ყოფილმა პატიმარმა კვლავ „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ბაჩო ახალაიას ახლობლებმა განახორციელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიას საქმის მოწმეებზე ზეწოლას გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ახორციელებს, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს ახალიას ადვოკატი გოგა ონიანი.
„ეს არის აბსურდი. გიორგაძე თვითონ გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე. ასე თქვა, რომ ერთი კვირაა გეძებთ და „ვაგზალზე“ მეძინაო. ჩვენ არც ვიცოდით, რომ დაკარგული იყო. რაც შეეხება ჯოლოხვას, ანიმ დამირეკა - მე და გიგი ვართ სასამართლოში, ჩვენთან მივიდა ჯოლოხავა და უნდა შენთან შეხვედრაო და სხვა არაფერი. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისულა და ჩვენი ტელეფონი უკითხია. ეს არის აბსურდი, რომ მოწმეებზე ზეწოლა ხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გოგა ონიანი.