„კლინიკური“ სიახლეები ჯანდაცვაში

„კლინიკური“ სიახლეები ჯანდაცვაში

კვირის ბოლოს ჯანდაცვის სფეროს მიმართულბით რამდენიმე სიახლე გაჟღერდა. მათი უმეტესობა სახელმწიფოს, კლინიკებისა და პაციენტების ურთიერთობას უკავშირდება, ნაწილი კი ფარმაცევტულ ბაზარს.

კლინიკების მიმართ, რომლებიც პაციენტებს, მათი სურვილის წინააღმდეგ დაარეგისტრირებენ მათსავე სამედიცინო დაწესებულებაში, გეგმიურ სამედიცინო მომსახურებაზე, სანქციები მკაცრდება. ამგვარი გადაწყვეტილება მთავრობის პარასკევის სხდომაზე მიიღეს.

მთავრობამ მოიწონა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები და მიიჩნია, რომ საყოველთაო დაზღვევაში ჩართულ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებებმა ეს არჩევანი არ უნდა შეზღუდონ.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან საყოველთაო დაზღვევით უკვე 40 578-მა ადამიანმა ისარგებლა. მათ შორის, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით 14 518-მა, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებით - 10 209-მა, გეგმიური ქირურგიით - 3 763-მა. მშობიარობა დაუფინანსდა 3 763 ქალბატონს, მათ 34%-ს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მთავრობა პერიოდულად ხვეწს. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით ხარვეზები მაინც არის, თუმცა იგი უფრო კერძო მზღვეველებს და მათ მფლობელობაში არსებულ კლინიკებს უკავშირდება. სადაზღვევო კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამა ბოლო რამდენიმე თვეში ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს, ზოგიერთი მათგანი კი გაკორტდა კიდეც.

ერთ-ერთი მათგანი და ყველაზე მსხვილი „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ აღმოჩნდა, რომელმაც ამ ერთი თვის წინათ არსებობა შეწყვიტა. მის მფლობელობში რამდენიმე კერძო კლინიკა იყო. რა ბედი ელით მათ, დაინტერესდება თუ არა მათი შეძენით სახელმწიფო?

ჯადაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, „არქიმედეს“ კლინიკებთან დაკავშირებით გაკოტრების შესახებ კანონი მოქმედებს და ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდება, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს კონკრეტული გამოკვეთილი სტრატეგია, კომპანიის კლინიკების შეძენასთან დაკავშირებით.

„მთავარია სახელმწიფო და კერძო კლინიკები პაციენტებს კარგად მოემსახურონ“, - განუცხადა „კომერნსანტს“ სერგეენკომ.

დაზღვევის ზედამხედეველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძის ინფორმაციით, „არქიმედეს“ ყველა აქტივი უნდა გაიყიდოს. „თუ მივყვებით გაკოტრების კანონს, ეს კლინიკები არის „არქიმედეს“ აქტივი, ყველა აქტივი უნდა გაიყიდოს და აკუმულირებული თანხები მევალეზე პროპორციულად გადანაწილდეს. ჯერჯერობით, ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ჯერჯერობით, ყველაფერი ისე ვითარდება, რაც კანონის შესატყვისია“, - აცხადებს ნიკოლაძე.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც კვირის ბოლოს გახდა ცნობილი ადგილობრივ ფარმაცევტულს სეგმენტს უკავშირდება. ინფორმაცია ამჯერადაც ჯანდაცვის სამინისტროდან მომდინარეობს. ქართული ფარმაცევტული ბაზრით ინდოელები დაინტერესდნენ და საქართველოში ინვესტორთა ჯგუფიც მოავლინეს, რომელთაც სხვა მიმართულებებიც აინტერესებს, მაგრამ მედიკამენტების დამზადება-რეალიზაცია მათთვის უმთავრესია.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გასული დღეების განმავლობაში პოტენციურ ინვესტორებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. „ამჯერად ეს არის დიდი ინდური საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, დაინტერესებულია ფარმაცევტული ბაზრითაც. საქართველოს საინვესტიციო გარემო დიდი ხანია, მიმზიდველი გახდა. მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტულ გეგმებზე და ვფიქრობ, ინდურ კომპანიებთან შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს ინვესტორების პირველი სტუმრობა არ არის და გასული წლის განმავლობაში პირადად შეხვდა რამდენიმე ათეული კომპანიის წარმომადგენელს.