დიტო გელოვანი: ვინ იფურთხება მშრალი ხიდიდან?

დიტო გელოვანი: ვინ იფურთხება მშრალი ხიდიდან?

სადილი იმავე დღეს შეუკვეთეს და მაგიდასაც ახალი მსახური ემსახურებოდა. სადილი ათოსმა შეუკვეთა, ხოლო მსახური პორთოსმა მიუყვანა. სახელოვანმა მუშკეტერმა ტურნელის ხიდზე შენიშნა ეს პიკარდიელი ბიჭი, სახელად პლანშე, რომელიც წყალში აფურთხებდა და უყურებდა, როგორ კეთდებოდა წრეები წყლის ზედაპირზე. მუშკეტერი იქვე გაურიგდა და დ’არტანიანს მიჰგვარა. პორთოსის აზრით, ამგვარი საქმიანობა ადამიანის სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის ნიშანი იყო. ამიტომ, ამით დაკმაყოფილდა და ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე აიყვანა.

(ალექსანდრე დიუმა, „სამი მუშკეტერი“)

ვინ იცის, რამდენი ასეთია პარლამენტში, მთავრობაში, საკრებულოებში, საჯარო სამსახურებში, სხვადასხვა ადმინისტრაციებში, სიპ-ებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში... ვინ იცის, ვინ სად იდგა და სად იფურთხებოდა, ვის აფურთხებდა და რატომ. ჩემი დაკვირვებით, ბევრი მათგანი იმ ხიდიდან აფურთხებდა, ცირკის მახლობლად რომ მდებარეობს, ზოგი ნაცებში ვერ შეძვრა და იმიტომ აფურთხებდა ნაცებს, ზოგი ჩუმად იყო, ახლა გამოძვრა ნაცებიდან, ჯერ ოცნებაში არ შემძვრალა და ნაცების ფურთხებით აპრავებს საკუთარ უბადრუკ წარსულს. ზოგი საერთოდ არ იფურთხებოდა, მაგრამ ახლა ამბობს, თქვენ სად იყავით, მე რომ ნაცებს ვაფურთხებდიო, არადა ბუჩქებში იჯდა, შიშით ნერწყვგამშრალი...

მაგრამ ყველაზე საინტერესო ის კატეგორიაა, ნაცებიდან ოცნებას რომ აფურთხებდა და დღეს ოცნებიდან რომ აფურთხებს ნაცებს.

ასეთებს ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე იყვანენ. ასეთებისაა ეს ქვეყანა და სანამ ასეთების იქნება, მანამდე იქნება ფურთხის ღირსი.

არადა, იუმორით შევხედოთო...

თუ მართლა სასაცილოა, რაზეა ლაპარაკი?! აი, როგორც ეს: „გლეხმა სახრე მოუქნია მწყერჩიტას, მაგრამ ის სწრაფად გასრიალდა, სახრე ხარს მოხვდა რქაში და მოსტეხა. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით“. და ეს: „მწყერჩიტა მერე მაწვნის ქოთანზე დაჯდა. ქვა ესროლეს, მწყერჩიტამ აიცდინა, მოხვდა ქოთანს, ქოთანი გატყდა და მაწონი კალოზე დაიღვარა. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით“. ესეც: „მესამედ მწყერჩიტა ბავშვს დააჯდა თავზე. ბავშვმა სახრე მოუქნია, უნდოდა მოეკლა, მოირტყა თავში და მორთო ღრიალი. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით“.

ბოლოს კი, იქნება აი ასე: „მწყერჩიტა აფრინდა, მელიას ზემოთ ძნაზე დაჯდა და უთხრა: - ერთი სეირი კიდევ უნდა გაჩვენოო. მიეპარნენ მწყერჩიტას და მოუქნიეს დიდი სახრე, მოხვდა მელიას შიგ თავში და შუაზე გაუტეხა. აფრინდა მწყერჩიტა, გასწია თავის ბინისაკენ და მელას მიაძახა: სადაც შენი დაიკვეხნო, იქ ჩემიცა სთქვიო!“

ვიცინოთ, ვიცინოთ, დავიხოცოთ სიცილით. გამიგია, გედი სიმღერით კვდებაო... აბა, ხმა ჩვენ არ გვაქვს და სმენა, და სიცილი მაინც ხომ შეგვიძლია, თუნდაც სიმწრის? და იქნება წარწერა საფლავის ქვაზე: „სიმწრის სიცილით მკვდარი“.

აი, გასულ კვირაში ახალგაზრდული შემადგენლობა გივის, გიგის და ქლიბის სახლებს ფურთხებით რომ მიადგა, ბიუჯეტის ფულები დააბრუნეთო, ნამეტნავად სასაცილო იქნებოდა, ირინა იმერლიშვილის პერსონალურ ავტომობილსაც რომ მიდგომოდნენ. მაშინ კი მართლა ვიტყოდი, ცოტაოდენი ხმა და სმენა ჯერ კიდევ შეგვრჩნია-მეთქი, მაგრამ რომ არ მიადგნენ?! მერე, ერთი, მაგ შემადგენლობის გვარ-სახელები უნდა დავადგინო და მათ კარიერულ წინსვლას მივადევნო თვალი. აგერ, ნახავთ, გაივლის რამდენიმე თვე და დიდი წარმატებით დააკომპლექტებენ გამგეობებს და საკრებულოებს, კიდევ გაივლის რამდენიმე წელი და მერე მაგათ სახლებს მიადგებიან.

ეს ყველაფერი კი, მხოლოდ იმიტომ, რომ თუ მთელი ცხოვრება წყალში ფურთხების მეტი არაფერი გიკეთებია, ხარ ბრძენი და შორსმჭვრეტელი ბრძნთაბრძენი.

მოკლედ, სოჭში ზამთრის სახეობების ოლიმპიადა დაიწყო, ჩვენთან კი წყალში ფურთხების სახეობათა ოლიმპიადას არ უჩანს დასასრული. ძალიან სასაცილოა.

„ქართველ ოლიმპიელებში განწყობა არის საბრძოლო და სპორტსმენები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებს ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. “ჩვენ კიდევ ერთხელ აქცენტს სპორტულ შედეგებზე, სპორტულ ინტერესებზე ვაკეთებთ“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა. მისივე თქმით, საქართველოს სპორტული დელეგაცია შეეცდება, თავისი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოს“ - ეს ნიუსი ადასტურებს, რომ სპორტის მინისტრი სოჭის ოლიმპიადას ერთგვარი იუმორით აღიქვამს. მას მხარს უბამენ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ლერი ხაბელოვი („მონაწილეობასთან ერთად, გვინდა, რომ შედეგებიც იყოს“), საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი („ჩვენ გვაქვს გარანტიები, რომ საქართველოს მოქალაქეების, სპორტსმენების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“) და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე („სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებსაც ვემსახურებით“).

მე მათ რიგებს მივეკუთვნები, ვინც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას უჭერდა მხარს. წავედით - წავედით, მაგრამ ამდენი სისულელეების ლაპარაკს მაინც შევეშვათ? შედეგები, მედლები, გარანტიები...

ყველანი ვიცინით, ჩვენ - მწარედ, რადგან ვრწმუნდებით, რომ ადამიანის სიბრიყვეს არ აქვს საზღვარი, ხოლო ნაცები - ნიშნისმოგებით.

მტერი არ გააცინოო - ალბათ, ყველას მოგვისმენია ასეთი რჩევა, მაგრამ მთავარი ხომ მოსმენა არ არის? მთავარი ხომ გაგებაა?!

„არ შეიძლება სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, პროვოკაციად ჩაითვალოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა“.

ვიცინი, ვქირქილებ, ვკითხულობ მორიგ ნიუსს - „სპორტსმენების აღლუმი რუსი ოლიმპიელების გამოსვლით დასრულდა, რომლებმაც სტადიონზე გაიარეს ჯგუფ „ტატუს“ სიმღერის ფონზე, რომლის სახელწოდებაა „нас не догонят“ - და რუსების მისამართით თავში უხამსი აზრი მიტრიალებს: „სამ ასოზე წადით და ვინც თქვენი დაწევა დააპიროს, ის იყოს მიშას ნაც-ბოზ-ბანდასთან შეკრული სამოქალაქო საზოგადოება“.

გასულ კვირაში საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ. საერთოდ, ევროპის კარი ჩვენთვის ღიაა, მაგრამ შესვლაც არის და შესვლაც. „ჩაკრულოთი“ და „მრავალჟამიერით“ იქ არავინ შეგიშვებს, უფრო სწორად - შეგიშვებენ, მაგრამ უკუსვლით უნდა შეხვიდე.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ორგანიზაცია "იდენტობის" და მოქალაქეების სარჩელი ლგბტ პირების მიერ სისხლის დონაციის თაობაზე დააკმაყოფილა. დავის საგანს წარმოადგენდა 2000-2007 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გამოცემული ბრძანებების დებულებები, რომლის მიხედვითაც, ტერმინი „ჰომოსექსუალიზმი“ წარმოადგენდა სისხლის და მისი კომპონენტების დონაციის აბსოლუტურ წინააღმდეგობრივ ჩვენებას". საუბარია იმაზე, რომ ამ ლგბტ პირებს დონაციის უფლება არ უნდა ჰქონოდათ“ - აი, ასეთი ამბავია ჩვენს თავს... ჩვენს თავს კი არა - მათ ტ...ს.

რაღაც არ მსმენია, ვინმეს, თუნდაც ქურდული სამყაროს ყველაზე იდეურ წევრს ოპერაციის წინ ეთქვას, სანამ სისხლს გადამისხამდეთ, უნდა დავრწმუნდე, რომ დონორი არც პოლიციელია და არც პედერასტიო. ეგეთი რამ არც მე გამიგია და არც არავის, მაგრამ უცებ გახდა თემა, თემის აგდება სამოქალაქო აქტივობის მთავარი ინდიკატორია და თუ არ იქტიურე, გრანტს ისე ვინ მოგცემს?

იმავე ოპერიდან: „ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის თხოვნით ჯანდაცვის მინისტრს გუშინ 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა. "მოგმართავთ თხოვნით, საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგის მთელ პროცესში, მათ შორის მისი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე, უზრუნველყოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობა მონიტორინგის ჯგუფების წევრების სახით ან უკიდურეს შემთხვევაში მოგვცეთ შესაძლებლობა, განვახორციელოთ სამინისტროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის პროცესზე დაკვირვება, მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ემპირიულ მასალაზე სრული დაშვების და მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობის ეფექტიანი სამოქალაქო კონტროლის პირობებში“, - ნათქვამია მიმართვაში“.

„ვახ თქვენი უსაქმური, უვიცი, უზრდელი ციციკორე დედაც“ - ასეთი კომენტარი არასოდეს არის ზედმეტი, მით უმეტეს ამის შემდეგ: „დღევანდელმა პრეზენტაციამ არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ორგანიზაცია "მოქალაქეს" სამოქალაქო სექტორში გრანდიოზული გეგმები აქვს, - ამის შესახებ "ინეტრპრესნიუსს" "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა“.

მეტი რა არმაგედონის ზანგის გრანდიოზული გინდათ, თქვე უდღეურებო - კაცმა ერთ წელიწადში ამხელა ხროვა მოგვაცილა... ნუ, მთლად ბოლომდე ვერ მოგვაცილა, მაგრამ მარტო პაჭუს ფეხის იმედზე ხომ არ უნდა ვიყოთ? ჩვენც ხომ უნდა გავანძრიოთ ხელი, უფრო მეტად კი ტვინი? თუმცა, 26 მაისის რბევა და ახ. იურისტთა ასოციაციის შეფასება რომ მახსენდება... მახსენდება, რა - კვირა არ გაივლის, კომუნისტთა და უპარტიოთა ურღვევი ბლოკი რომ არ გამახსენდეს, ანუ ნაცები და ენჯეოშნიკები. გასულ კვირაშიც ასე იყო: „არასამთავრობოები ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ“ და  „თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მიესალმება“.

ისა და... ბატონებო, არ ფიქრობთ, რომ დროა დავემშვიდობოთ ყველას და ყველაფერს იმას, რასაც თბილისის მერია მიესალმება? გავიღიმოთ და დავემშვიდობოთ. გავიღიმოთ, რადგან „არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას ურჩევს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განცხადებებს იუმორით შეხედონ. როგორც ივანიშვილმა "მოქალაქის" პრეზენტაციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ნათელაშვილის გზას ადგას“.

მაშ, ნაცები ლეიბორალისტების გზას დაადგნენ? მაშ, მალე ვიხილავთ, როგორ დგას ნუგზარ-წუკლარა წაკლა-წიკლაური თეთრ სახლთან და როგორ ჩხავის „დაუნ ზი დიკტეიტე“?

ეგ პოზა დამანახეთ და ნუ მომკლავთ. მაღარიჩი ჩემზე იყოს.

წეღან ბიძინა ქებით მოვიხსენიე, მაგრამ ისეც არ არის, რომ ყველაფერში ვეთანხმებოდე. მას თუ ქათმის კურტუმო მოწონს, მე ღორის ჩალაღაჯი მირჩევნია.

„ივანიშვილის თქმით, მან მოიწონა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ უგულავას წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა. "პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, თუმცა არ დაუკმაყოფილა და მე სასამართლოს გადაწყვეტილება მოვიწონე. ძალიან მომეწონა, რომ წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯეს, რადგან თუ არ არის ის მკვლელი და საზოგადოებისთვის საშიში, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, წინასწარ პატიმრობას ფაქიზად უნდა მოვექცეთ და სასამართლომ ეს მოახერხა", - აღნიშნა ივანიშვილმა“.

ჰოდა, მაგაშია საქმე - ის, რომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯეს, არის ქათმის კურტუმო, ქათმების კამერაში რომ შეეგდოთ, ეგ იქნებოდა ღორის ჩალაღაჯი, ანაგაში, რთველის შემდეგ კარგ კახურ ღვინოს რომ ჩააყოლებ.

ღორზე გამახსენდა კეზერაშვილი, ღორზე და კეზერაშვილზე - გოკა გაბაშვილი, ხოლო გოკა გაბაშვილზე, რა ვქნა, მომკალით და ყოველთვის ღორი მახსენდება.

ღორობაზე ძებნილი კეზერაშვილი გასულ კვირაში საფრანგეთის სასამართლომ სამაჯურით გაათავისუფლა. დავით კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის თქმით, კეზერაშვილი იცხოვრებს აქს ენ პროვანსში და მას გარკვეული საათები განესაზღვრა, როდის შეეძლება საცხოვრებელი სახლის დატოვება. რაც შეეხება გირაოს, ადვოკატისთვის ზუსტი თანხა უცნობია, თუმცა აცხადებს, რომ ის "არც ისე დიდია".

გოკა გაბაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან მიმართებაში საფრანგეთის სასამართლომ სამართლიანი და ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

გოკა გაბაშვილის ლოგიკა... მაგრად არ მაინტერესებს, აქვს თუ არა გოკა გაბაშვილს სახლში აკვარიუმი, მაგას ყოველთვის მაინც იმას ვეტყვი, რაც აკვარიუმიანმა ჭიჭიკიამ უაკვარიუმო ბიჭიკიას უთხრა. ხომ გახსოვთ - წადი შენი ენჯეოშნიკი ასე და ისეო...

ისე, რა გინდა - უკვდავები არიან. აგერ, გასულ კვირაში გავიგე, რომ საქართველოს ელჩი ესპანეთში არის ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელიც სააკაშვილის დროსაც ელჩი იყო ესპანეთში და იმას ვფიქრობ, ცხონებული სულხან-საბა იმიტომაც არ ეახლა ესპანეთის მეფეს, რომ აზრი არ ქონდა - მაშინაც პოლოლიკაშვილი იყო ელჩი.

მგონი, ერთ დროს ეკონომიკის მინისტრიც იყო და ეკონომიკა ყვაოდა. თუ არ ვცდები, „დინამოს“ პრეზიდენტი თუ რაღაც ამდაგვარი იყო და ლიგის ფინალში პენალტების სერიაში დავმარცხდით...

ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, ეგენი კიდევ იქნებიან და ახლა რომ შევძახო, ამას კი აღარ მოვითმენ და ახლავე ზევით ავალ-მეთქი, რა აზრი ექნება? ზევითაც ეგენი არიან და ქვევითაც, უკვდავები, მშრალი ხიდიდან რომ იფურთხებიან...

თუმცა, გასულ კვირაში გაჩნდა იდეა და ერთი შანსი - იკივლოს სხვამ და ვიკივლებ მეც. ნიუსი: „გადადგეს შიხიაშვილი და გადავდგებიც ჩვენც, - ამის შესახებ ისნის გამგებელმა თორნიკე ხუციშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისივე განმარტებით, ასეთია საკრებულოს უმრავლესობისადმი თბილისის მთავრობის წინადადება: "მეორე თვე დაიწყო, რაც საკრებულოს უმრავლესობა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არ ამტკიცებს. დღევანდელი დაუმტკიცებელი ბიუჯეტის პირობებში რთულდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა. პრობლემა ექმნებათ თითოეულ თბილისელს პრობლემის მოგვარებაში. კიდევ ერთხელ შევახსენებ საკრებულოს უმრავლესობას თბილისის მთავრობის წინადადებას, რომ დაამტკიცონ თბილისის ბიუჯეტი, გადადგეს შიხიაშვილი და გადავდგებიც ჩვენც“.

აი, სწორედ ახლა გამოჩნდება, ვინ ვინ არის, ანუ კტოე იესტ ხუ. მე რომ შიხიაშვილის ადგილას ვიყო (მადლობა, ღმერთო, შიხიაშვილის ადგილას რომ არ ვარ), დაუყოვნებლივ გადავდგებოდ, უფრო მეტიც - ნაცებს კონტრწინადადებით მივმართავდი, რომ გადავდგებოდი და გადადგომის შემდეგ, საკუთარი ფეხით წავიდოდი და უვადოდ ჩავჯდებოდი გლდანის მერვე საპყრობილეში, თუ ნაცებიც მომბაძავდნენ. ბოლო-ბოლო, მატროსოვის ციხეში ჩავჯდებოდი, იქ ერთი კარგი კამერაა... „კარგად ვუვლი იმ დაწესებულებას სადაც ვიმყოფები, რადგან გაივლის რაღაც პერიოდი და ვინც ახლა სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებენ, კანონის სრული დაცვით მოხვდებიან იმ სივრცეში, სადაც მე ვიმყოფები, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციხის ბუნტის საქმის დასკვნით პროცესზე, ბაჩო ახალაიამ განაცხადა“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.

შორსმჭვრეტელობა და, ასეთი? ახლა ვხვდები, რატომ არ უვლიდა იმ ქვეყანას, სადაც მაღალი თანამდებობები ეკავა - გრძნობდა, რომ დადგებოდა დღე, როცა ქუჩაში გამოსვლას ვერ გაბედავდა.

რა ნაროდია ეს პოლიტიკოსები... ან თვითონ უჩივიან მეხსიერებას და ანაც ფიქრობენ, რომ ჩვენ გვაქვს სკლეროზი. ნაცები რომ ვინმეს კორუფციაში დაადანაშაულებენ, ენჯეოშნიკები ადამიანის უფლებების დაცვას რომ დაიწყებენ და რა ვიცი, კიდევ რა... არაფერიც არ მავიწყდება და animal planet-ს რომ ვუცქერ სულ გიორგი თარგამაძე მახსენდება. მახსენდება, რა - დავინახავ გიორგი ახვლედიანს, თვალს მოვკრავ რომელიმე ნიუსში და სულ ვირთხები და ვირთხები... ვირთხები რა იყო, კაცო - ხვლიკები!

გასულ კვირაში ახვლედიანმა დაიწუწუნა, სამართლიანი არჩევნების ჩატარების ოცნება ეს უკვე მერამდენედ გარდაიცვალაო...

ჰოოო... მიცვალებული უნდა დაიკრძალოს. ამ მიცვალებულის ადგილი ოცნებების სასაფლაოზეა, ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვნივ, რამდენიმე მეტრში, იქ, სადაც ათთეთრიანი დენი, ხუთთეთრიანი გაზი და უფასო წყალი განისვენებენ.

პ.ვ. (პორთოსს ვეთანხმები) ეს წუწუნი ათოსს საზიზღრად ეჩვენა, პორთოსს - შეუწყნარებლად, არამისს - სასაცილოდ. ათოსმა ურჩია დ’არტანიანს, კინწისკვრით გაეგდო ეს ბრიყვი, პორთოსმა ურჩია, ჯერ კარგად გაელახა და შემდეგ პანღური ეკრა. არამისმა დაარიგა - ყური მოეყრუებინა. ბატონს თავისი მსახურისგან ქებისა და მადლობის მეტი არაფერი უნდა ეყურებოდესო.

(ალექსანდრე დიუმა, „სამი მუშკეტერი“)