„კომუნიზმი სოჭის ოლიმპიადაზე“

„კომუნიზმი სოჭის ოლიმპიადაზე“

„კომუნიზმი სოჭის ოლიმპიადაზე“,_ასეთი შეფასება მისცეს სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს იმ თავისი იმპერიალისტური და კომუნისტური სულისკვეთების გამო, როგორადაც მისმა შემქმნელებმა განახორციელეს. სოჭის ოლიმპიადის ავკარგიანობის შესახებ ორმხრივი შეფასებები საქართველოშიც უფრო მკვეთრი გახდა. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის გამო ზოგს თავისი ქართული წარმომავლობის სრცხვენია, ზოგისთვისაც (გოგა ხაჩიძისთვის) სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა ადასტურებს, რომ საქართველო „ნაცარქექია“ სახელმწიფო გახდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, როცა ამ ოლიმპიადაზე Google-ს რუკა გამოიყენა, მასზე დატანებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების ჩათვლით. მართალია, ნაციონალები ირწმუნებიან, რომ ამ რუკაზე რუსებმა მოახერხეს და კორექტივები შეიტანეს, ანუ ნისლებით გადაფარეს დროებით დაკარგული ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ეს ფაქტი მაია ფანჯიკიძეს რუსულ პროვოკაციად არ მიაჩნია. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი კი საქართველოს დანისლული რუკის თემას თითიდან გამოწოვილად მიიჩნევს და აცხადებს, თუ ასეა მაშინ, ამ რუკაზე კალიფორნიაც არ ჩანდა და რა უნდა ვიფიქროთ?

სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით For.ge ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ბიძინა ბარათაშვილს ესაუბრა.

თქვენ აცხადებ, რომ ოლიმპიური თამაშები ხშირად არ უკავშირდებოდ მშვიდობის იდეალებს, როგორც ამას ზოგიერთები წარმოაჩენენ.

- აღდგენილი ოლიმპიური თამაშების იდეა ჩამოაყალიბა ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ პიერ დე კუბერტენმა და 1894 წლიდან აამუშავა ეს იდეა. რეალურად, ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებზე მსგავსი არაფერი ხდებოდა და ომებიც არ ჩერდებოდა, ამის მაგალითი მრავლადაა ისტორიაში. მაგალითად, 424 წელს სპარტასა და ათენს შორის გაჩაღებული პელოპონესის ომის დროს სპარტელი სპორტსმენები საერთოდ არ დაუშვეს ოლიმპიურ თამაშებზე და ეს იყო ათენელების, ანუ მათი მოწინაღმდეგეების მიერ ინსპირირებული. სწორედ ათენელებმა მოახდინეს ზეწოლა ოლიმპიადის მომწყობებზე. გარდა ამისა, ოლიმპიური თამაშების დროს, მაშინ, როცა ხუთჭიდის უკანასკნელი დისციპლინა მიმდინარეობდა (ჭიდაობის ტურნირი) ძვ.წ. აღ-ით 364 წელს, უშუალოდ ოლიმპიის არენაზე მეზობელი მეორე სახელმწიფოს - ელიდას მეომრების 5-ათასკაციანი რაზმი შეიჭრა და გაიმართა ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩაებნენ სპორტსმენები და მათი მხარდამჭრები. აღწერილია კიდეც, სპორტული ღონისძებიდან პირდაპირ ბრძოლაში როგორ გადაეშვნენ მშვილდოსანთა შეჯიბრებაში მონაწილე მშვილდოსნები. შეიძლება, იშვიათი მაგალითებიც იყოს, როცა ოლიმპიადების დროს ჩერდებოდა ომები, მაგრამ ეს რომ საყოველთაო პოსტულატად ვაქციოთ, არასწორი იქნება. გავიხსენოთ უფრო გვიანდელი ხანა, კერძოდ, ოლიმპიური თამაშები უწევდა 1916 წელს, მაგრამ იმის გამო, რომ 1914 წლიდან პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, აღნიშნული ოლიმპიადა არ ჩატარებულა.

სპორტისა და პოლიტიკის გავლენაზე როცა ვსაუბრობთ, ასევე, გავიხსენოთ, რა ხდებოდა 1936 წელს ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე, როცა ჰიტლერმა ოლიმპიადა ნაცისტური რეჟიმისა და ნაცისტური გერმანიის პროპაგანდად აქცია. სხვათა შორის, ანექსირებული ავსტრიის ტერიტორიიდან გერმანიის ნაკრებში ცალკეული სპორტსმენები შეიყვანეს, თუმცა მაქს შმელინგს მოაგებინეს ოქროს მედალი კრივში, რადგან ამით უნდა მომხდარიყო არიული რასის უპირატესობის დამტკიცება. მომდევნო ოლიმპიადა 1940 წელს არ გამართულა, რადგან 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. 1944 წელსაც არ ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, ისევ და ისევ მსოფლიო ომის გამო. ასე რომ, ოლიმპიადამ ვერ შეაჩერა ომები. ანუ თანამედროვე და ძველ პერიოდში ამაზე საუბარი არც ყოფილა. რაც შეეხება შუა საუკუნეებს, იმ დროს ოლიმპიური თამაშები არ იმართებოდა და მხოლოდ მოგვიანებით აღადგინეს. შეიძლება, გარკვეულ პერიოდში რომელიმე ორ ქალაქ-სახელმწიფოს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი შემწყდარა კიდეც, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ომები არასდროს არ მომხდარა ოლიმპიადის დროს. ამიტომ არგუმენტად ამის მოტანა, რომ ყველა ქვეყანა ოლიმპიადას ექვემდებარებოდა და წყვეტდა ომებს, ასეთი რამ არ ყოფილა.

რაც შეეხება უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებს, ცნობილია, რომ სისასტიკით გათქმული რომაელი იმპერატორის, ნერონის შემთხვევაში, გაყალბდა ოლიმპიური თამაშის შედეგი. ამის შესახებ რას იტყვით?

- ერთ-ერთი ყველაზე უფრო ოდიოზური იმპერატორი ნერონი ოლიმპიური „ჩემპიონი“ გახდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც რომი უკვე ფლობდა საბერძნეთის ტერიტორიებს და საბერძნეთი შედიოდა რომის იმპერიის შემადგენლობაში. ნერონი გახდა ეტლებით რბოლის ჩემპიონი იმ სიტუაციის მიუხედავად, რომ ის შუა დისტანციაზე ეტლიდან გადმოვარდა და დისტაცნცია საერთოდ არ დაუმთავრებია. მას მაინც მიანიჭეს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული და ეს მოხდა ჩვ. წ. აღ-ით 67 წელს. ოლიმპიადის ისტორიაში ეს ყოველთვის აღქმული იყო მაშინდელ „მსაჯებზე“ ზეწოლის ფაქტად. კაცი, რომელიც გადმოვარდა შუა დისტანციაზე, მისი ჩემპიონად გამოცხადება, როგორც მინიმუმ, არასწორი იყო. თუმცა ამ „გამარჯვებისთვის“ ნერონმა შესაბამისი თანხაც აიღო.

ისტორიიდან ისევ თანამედროვე ოლიმპიადისკენ გადმოვინაცვლოთ. ბევრს საუბრობენ იმაზეც, რამდენად მიზანშეწონილი იყო სოჭში ოლიმპიადის ჩატარება, მაშინ, როცა სოჭი ზამთრის კურორტად არ ითვლება და ის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე თბილ ქალაქად მიიჩნევა.

- სოჭი ცნობილი არ არის ზამთრის კურორტად. თუ გადახედავთ, სად ტარდებოდა აქამდე ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ამ ქალაქების ჩამონათვალი მხოლოდ ზამთრის კურორტებს მოიცავს. 1824 წელს ოლიმპიური თამაშები გაიმართა საფრანგეთის პატარა კურორტზე. მეორედ ჩატარდა სენტ მორისში, შვეიცარიაში, ასევე, პატარა ქალაქში. ამერიკაში ოთხჯერ გაიმართა ოლიმპიური თამაშები და ყველგან მთის პატარა კურორტებზე ჩატარდა, რომლებიც ისედაც ცნობილნი არიან სპორტული შეჯიბრებების ადგილებად. თუმცა, სოჭში ასეთი ღონისძების სათავისოდ გამოყენება ძალიან ხელსაყრელია რუსული რეჟიმისა და მსგავსი რეჟიმებისთვის.

სხვა ქვეყნებში ოლიმპიადების გახსნის ცერემონიალზე თუ იყენებენ საკუთარი ქვეყნის ისტორიის ასეთ წახნაგებს, როგორც ეს რუსებმა გაკეთეს, როცა იმპერიის თუ საბჭოთა პერიოდის აღდგენის ნოსტალგია სოჭის ცერემონიალის ყველა ნიუანსში გამოსჭვიოდა?

- ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი ყველა ქვეყანა გახსნის ცერემონიალს სხვადასხვაგვარად უყურებს. ვიღაცამ შეიძლება ისტორიაზე გაამახვილოს ყურადღება, ვიღაცამ_მუსიკალურ მხარეზე, ან ბუნების ხედებზე. ამ შემთხვევაში, რუსებს ჰქონდათ ამის სრული უფლება.

რუსეთის ჰიმნი, საინფორმაციო გადაცემავრემიას.. ქუდი, თავისი მკაცრი მელოდიით, ვიდეოსიუჟეტი, სახელწოდებითრუსული ანბანი“, სადაც აქცენტი სიტყვაიმპერიაზეიყო გადატანილი, კომუნიზმი და ინდუსტრიალიზაცია, - ეს ყველაფერი რა შთაბეჭდილებას ტოვებდა?

- რუსეთისთვის „იმპერია“ ჩვეულებრივი სიტყვაა. რუსული იმპერია არსებობდა საუკუნეების მანძილზე. ჰიტლერსაც დაახლოებით ასეთივე განწყობილებები ჰქონდა. მე მაქვს ჩემი შეხედულება, ვფიქრობ, რომ არ ღირდა ოლიმპიადაზე წასვლა. ის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ღრუბლებით იყო დაფარული. საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა პატივი გვცა ამით, მე მგონი, გადამეტებულია. ასე რომ, მაია ფანჯიკიძის ნათქვამი უფრო სურვილია, ვიდრე რეალური შეფასება. რაც შეეხება თვითონ ოლიმპიადის შეფასებას, ძალზე შთამბეჭდავი იყო გახსნის ცერემონიალი, არც არის გასაკვირი, იმდენი ფული დაიხარჯა ოლიმპიადის მომზადებაზე. ამ შემთხვევაში, ეს არის რუსეთის პროპაგანდა, რაც კარგად გამოუვიდათ. იყო ისტორიის გაყალბება, არგონავტების მითის სახით. ბევრი ოლიმპიადის გახსნისთვის მიდევნებია თვალი და ასე მასშტაბურად გახსნილი ზამთრის ოლიმპიადა ნამდვილად არ მახსენდება. რუსული დერჟავის პოლიტიკას უფრო დავარქმევდი ამას, კომუნისტური ნაწილი იყო წითელ ფერებში გადაწყვეტილი მონაკვეთი, რომელიც ქვეყნის კოლექტივიზაციას თუ ინდუსტრიალიზაციას გამოხატავდა. ეს მართლაც ნაწილია იმ ისტორიის, რომელიც ამ ქვეყანამ გაიარა. „ვრემია“, რომელიც საბჭოთა კავშირის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს და „ვრემია“ იყო ტელევიზიის დაარსებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ეს არის მუსიკალური მოტივი, რომელიც ყოველთვის ცნობადი იყო. ვინ როგორ გაიგებს, აქ უკვე ასოციაციური აზროვნების მომენტთან გვაქვს საქმე. ვიღაცისთვის ეს არის გამაღიზიანებელი. ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება ცდილობს, დააბრუნოს საბჭოთა პერიოდი, ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რაც იქ ხდებოდა. ის მოტივებიც, ჰიმნიც... მოგეხსენებათ, დღევანდელი რუსეთის ჰიმნი საბჭოთა კავშირის ჰიმნის ვერსიაა, რომელსაც, უბრალოდ, ტექსტი აქვს შეცვლილი. პუტინი თვითონ ლაპარაკობს იმაზე, მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე, რომ მას სურს საბჭოთა კავშორის აღდგენა.

იქ იყო პეტრე პირველის ისტორიიდან მოხმობილი პასაჟები, ესეც იმპერიის აღგენის და დამპყრობლობის გამომჟღავნების მცდელობაა? ცნობილია, რომ პეტრე პირველმა ბალტიის ზღვაზე გასასვლელად თუ ევროპისკენ ფანჯრის გასაჭრელად ბრძოლა დაიწყო და შვედების წინააღმდეგ ბრძოლასაც აწარმოებდა.

- პეტრე პირველთან დაპყრობით ომებზე ვერ გავავლებ პარალელს, იგი რუსეთის ამშენებელი და რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ამიტომ მისი გამოჩენა სრულიად ლოგიკურია. როცა ლაპარაკობ ისტორიაზე, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაუსვა იმ დიდ მოვლენებს და დიდ პიროვნებებს, რომლებიც ქმნიდნენ რუსეთის ისტორიას. თუ ისტორიას გავყვებით, შვედეთმა დაიწყო ომი და უნდოდა რუსეთისთვის ტერიტორიების წართმევა, იქ იყო სადაო ტერიტორიები ბალტიისპირეთში და პირველი სერიოზული ბრძოლა მოხდა ნარვასთან, რომელზეც ორივე ქვეყანა აცხადებდა პრეტენზიებს. ეს იყო ბრძოლა გავლენის სფეროების გადასანაწილებლად, რომელიც რუსეთმა მოიგო. ამ შემთხვევაში, მე ვერ მივემხრობი ჰიპოთეზებს, რომლებიც პეტრე პირველის ქართულ წარმოშობაზე მეტყველებს, თუმცა ესეც ძალიან არგუმენტირებულად ჟღერს. პეტრე პირველი მათია და მისი გამოჩენა სოჭის ოლიმპიადაზე ლოგიკური იყო ჩემთვის. რუსეთზე ამბობდნენ, რომ რუსეთი არის მესამე რომი, როცა მე ვსაუბრობ რუსეთის დერჟავაზე, ამას ვგულისხმობ, რომ რუსული ველიკოდერჟავული პოლიტიკა ყოველთვის იყო წამყვანი მოტივი, მათი არსებობის მანძილზე და დღესაც ასეა. პუტინი ცდილობს, შექმნას ახალი საბჭოთა კავშირი.

აშკარა იყო ნაკლოვანება იმ მხრივ, რომ სოჭში არ ჩავიდნენ ცალკეული წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები. იქ არ ჩანდა უკრაინის პრეზიდენტი და ამის გამო უკრაინის ტრიბუნაც არ გამოჩენილა კადრში.

- რასაკვირველია, აქ არ იყვნენ ამერიკის პრეზიდენტი ან სხვა ქვეყნების პირველი პირები, რომლებიც ოლიმპიადებს, როგორც წესი, ესწრებოდნენ. აქ არ იყო ანგელა მერკელი, გერმანიის მთავრობის პირველი პირი, აკლდნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ არავინ იყო. იქ იყვნენ ჰოლანდიელები, სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უფრო ნაკლებად წარმომადგენლობითი იყო გახსნის ეს ცერემონიალი, ვიდრე სხვა ოლიმპიადების ანალოგიური ზეიმები. ეს ყველაფერი ცნობილი იყო და არ ყოფილა, რომ ბოლო მომენტში ვიღაცამ გადაიფიქრა და ვერ ჩამოვიდა, თავიდანვე გამოცხადებული ჰქონდათ ამერიკელებს, რომ სოჭში არ ჩავიდოდნენ.

თუმცა თქვენ ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში წარმატების შანსებს ნაკლებად ხედავთ?

- ზამთრის ოლიმპიადაზე შედეგის მიღწევა ფანტაზიის სფეროდანაა. რა შედეგი უნდა გვქონდეს, როცა ამ სახის ოლიმპიადებზე არასდროს გვქონია შედეგი. გარდა ამისა, ამ სპორტსმენებსაც არცერთ დიდ შეჯიბრებაზე არ უჩვენებიათ რაიმე დამაიმედებელი შედეგი. ყველაფერი ხდება სპორტში, მაგრამ სასწაულს ნაკლებად ველი.

ტერაქტების მცდელობასთან დაკავშირებით, ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სოჭში თვითმფრინავის გატაცება სცადა. ხომ არ არის ეს დადგმული ისევ და ისევ რუსეთის მხრიდან?

- აქაც არის საშიშროება. ტერაქტებს ელოდებოდნენ ლონდონშიც ზაფხულის ოლიმპიადაზე. პრაქტიკულად, ყველა დიდ შეჯიბრებაზე, საერთაშორისო ფორუმზე, ეს არ არის რუსული თემა. მაგალითად, მიუნხენის ოლიმპიადაზე ჩასული ისრაელის დელეგაცია 1972 წელს ტერორისტებმა ამოხოცეს. თუმცა ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე სახიფათო მოხდეს. რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, ისინი ჩვეულებრივად გამოვიდნენ, მიიღეს მონაწილეობა აღლუმში, რადგან, თუ ჩადიხარ ოლიმპიადაზე, უნდა გამოხვიდე კიდეც.