„არგონავტები თურმე სოჭის სანაპიროს მიადგნენ და არა- კოლხეთის დაბლობს“, -ასეთია არგონავტების მითის პუტინისეული ინტერპრეტაცია.
სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საკუთარი ისტორიის მიმოხილვა რუსებმა არგონავტების მითის სათავისო ვერსიით დაიწყეს და შესაბამისი ვიდეოც აჩვენეს, თუ როგორ მიაცურეს არგონავტებმა იასონის ხელმძღვანელობით ხომალდი „არგო“ (ბერძნულად „სწრაფი“) სოჭის სანაპიროსკენ.
არგონავტების ცრუ ვიდეორგოლის ავტორებმა ამით ჰომეროსის (ძვ.წ. მესამე საუკუნე) „ილიადასა“ და „ოდისეის“ კორექტირებაც მოახდინეს, სადაც არგონავტების ლაშქრობის შესახებ დაცულია ცნობები; გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსისა და სწავლულის აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკასაც“ გადაამეტეს, სადაც დამოწმებულია კოლხეთის სხვადასხვა გეოგრაფიული პუნქტები.
ისტორიის ფალსიფიკატორებს არც რომის იმპერატორ ადრიანეს მიერ კოლხეთის ციხესიმაგრეების საინსპექციოდ გაგზავნილი დიდმოხელის - ლეგატი არიანეს ინფორმაციის (მეორე საუკუნე) მოძიება უცდიათ, რომელიც ადასტურებს, რომ მდინარე ფაზისისა (რიონი) და კოლხეთის ზღვის (შავი ზღვა) შესართავში მდებარე ქალაქ ფაზისის (ფოთი) მცხოვრებნი ჩამოსულებს ხომალდ "არგოს" ღუზას უჩვენებდნენ. მითების თანახმად, ხომ არგონავტების ხომალდი კოლხეთში სწორედ მდინარე ფაზისზე მოგზაურობდა.
ამის საპასუხოდ, ისტორიის უკვე მერამდენედ გაყალბებას შეჩვეულმა ქართველმა ინტერნეტმომხმარებლებმა სოჭის ოლიმპიადის აღნიშნულ პასაჟს ირონიით შეხედეს. მათი აზრით, რუსები იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ არგონავტების სოჭში გამოჩენის ვერსიით უნებლიეთ ადასტურებენ, რომ სოჭი ძველი კოლხეთის ნაწილია. ამდენად, ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს საზღვრებს კიდევ უფრო ჩრდილოეთით ასწევენ.
ეს ხუმრობით, თორემ რეალურად, ქართული საზოგადოების ნაწილი ითხოვს, რომ ამ ტყუილის საპასუხოდ რეაქცია გამოხატონ ქართველმა ისტორიკოსებმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსები ეჭვქვეშ აყენებენ იმ ფაქტს, თუ, სინამდვილეში, სად იმოგზაურეს არგონავტებმა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ,აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე სოჭის ცენტრში ოქროს საწმისის ქანდაკება დაიდგა, როგორც საბერძნეთისა და ოლიმპიური სოჭის ისტორიული ერთობის სიმბოლო.
რუსულმა ტელეარხმა "კულტურამ" 2 თებერვალს გადაცემაში "სად არის ოქროს საწმისის სამშობლო?" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მითის "ორიგინალური" ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. დასაწყისშივე აღინიშნა, რომ სამი წლის წინ რუს არქეოლოგებსა და მხარეთმცოდნეებს სოჭის მდინარეებში, მათი წყლის შემადგენლობაში ოქროს მაღალი შემცველობა აღმოუჩენიათ, ისტორიულ კოლხეთში კი, ანუ დასავლეთ საქართველოში, რომელიც ლეგენდების თანახმად, ოქროს საწმისის სამშობლოდ ითვლებოდა, მეცნიერებმა ძიებისას ოქროს წარმოების რაიმე კვალს თურმე ვერ მიაგნეს. გადაცემაში დაისვა კითხვა: სად არის ოქროს საწმისის სამშობლო და რომელ მხარეში, სად იმოგზაურეს არგონავტებმა?
აშკარაა, რუსული მედია იმთავითვე ემზადებოდა, რომ ოქროს საწმისის სამშობლოდ კოლხეთის ნაცვლად, სოჭი გამოეცხადებინა. ეს მაშინ, როცა კოლხეთთან დაკავშირებული არგონავტების მითი უძველესია და წინ უსწრებს ტროას თქმულებას.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე For.ge-სთან საუბარში ეხმიანება სოჭის ოლიმპიადაზე არგონავტებთან დაკავშირებით შეგნებულად დაშვებულ შეცდომას და განმარტავს, რომ იმპერიალიზმს უნივერსალური ბუნება აქვს და რუსები არა მარტო იარაღით არიან აგრესორები, არამედ-იდეოლოგიურად, ისტორიულად და კულტურულად.
„ოქროს საწმისის ე.წ. ზღაპარი მოიგონეს აფხაზეთთან დაკავშირებით, რადგან აფხაზები იჩემებენ, არგონავტების მითი ჩვენ შეგვეხებაო. არადა, ეს მტკნარი სიცრუეა, არავითარი სოჭი, არგონავტების მითში დაფიქსირებულია და ძველ ბერძენ ავტორებსაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ ფაზისი და კოლხეთი. აქ არც აფხაზეთი ფიგურირებს, რუსეთზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ჯერჯერობით კოლხეთის იდენტობა მსოფლიო ისტორიოგრაფიასა და აზროვნებაში არავის უარუყვია. ამდენად, ეს უნდა ჩავთვალოთ მორიგ იდეოლოგიურ დივერსიად. ერთი ვერსიაც არსებობს, არგონავტების მითში მოხსენიებულია კოლხი მედეას ძმა აფსირტე (აიეტის შვილი), რომელსაც ბერძნები კლავენ. აფსირტეს სახელი რადგან „ა“-ზე იწყება (აფხაზი-აფსირტე-აბაზგი) აფხაზები ამაზე აგებენ თავიანთ ვერსიას. რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა. თვითონ სოჭის ტერიტორია, ისევე, როგორც აფხაზთა საცხოვრებელი ტერიტორია, საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შემოდიოდა, უხსოვარ დროში შედიოდა კოლხეთის სამეფოში და მერე-გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში. უფრო მოგვიანებით, როცა დაიშალა საქართველო, კარგა ხნის განმავლობაში -იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა“,-აცხადებს დიმიტრი შველიძე.
„კარგი იქნება, ისტორიკოსები თუ გამოეხმაურებიან ისტორიის ასეთ დამახინჯებას. თუმცა მეორე მომენტიცაა, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რამენაირად დაარეგულიროს რუსეთთან ურთიერთობა. ამიტომ შესაძლოა, ზომიერად დაიწეროს წერილი და პროტესტთან ერთად, მშვიდობიანი ურთიერთობის პერსპექტივის იმედიც გამოვთქვათ. თორემ რუსებმა მთელ მსოფლიოს მოსდეს, თითქოს არგონავტების მითი რაღაცნაირად რუსებთან არის დაკავშირებული. ამ სისულელეს თუ ქართველები პასუხს გასცემენ და იმავე სოჭის ოლიმპიურ კომიტეტს წერილს გაუგზავნიან, ძალიან კარგი იქნება. თუ თქვენი ინტერნეტგამოცემა ამას წამოიწყებს, მე ამაში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას“,-აღნიშნა დიმიტრი შველიძემ.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისტორიკოსებმა აუცილებლად უნდა ამოიღონ ხმა, რადგან საქმე გვაქვს ფაქტების გაყალბებასთან.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას ქართველი ისტორიკოსები კი არა, ბერძენი ისტორიკოსები წერენ, რომ არგოვნავტები კოლხეთში, კოლხეთის მეფე აიეტთან მდინარე ფაზისიდან შემოვიდნენ. კოლხეთის სამეფოს ცენტრი სწორედ მდინარე ფაზისზე ანუ რიონზე იყო განლაგებული, ანუ ახლანდელ სოჭის ტერიტორიასთან ოქროს საწმისს არავითარი კავშირი არ აქვს. საისტორიო ტრადიციით, ასევე, სომხურ ისტორიოგრაფიაშიც კოლხეთის მეფეები იწოდებიან აიეტიდებად ანუ აიეტის შთამომავლებად. ისიც არ არის მართალი, თითქოს დასავლეთ საქართველოში ოქრო არ მოიპოვება და არცერთ მდინარეს არ მოაქვს. სვანეთში დღესაც სწორედ ამ წესით მოიპოვებენ ოქროს და მდინარიდან იღებენ. აპოლონიოს როდოსელი, ბერძენი ისტორიკოსი ამის შესახებ წერს და ეს წყაროებითაა დადასტურებული და დამოწმებული. ასე რომ, ეს ისტორიის გაყალბებაა; რუსებს უნდათ, მიითვისონ ჩვენი ისტორიის ნაწილი. რუსეთი არ არის ოქროს საწმისის სამშობლო“,-აცხადებს გიორგი ოთხმეზური.
ამასთან, განმარტავს, რომ კოლხეთს სხვაგვარად ოქრომრავალსაც უწოდებენ. მარტო ნაქალაქარიდან კი ოქროს უამრავი ნივთია ამოღებული, რაც კოლხეთშია დამზადებული. შეუძლებელია, ამდენი ოქრო სხვა ქვეყნიდან შემოეტანათ.