„ქართულ ფეხბურთში, მთლიანად, ერთი მესის ხელფასიც არ იხარჯება“

„ქართულ ფეხბურთში, მთლიანად, ერთი მესის ხელფასიც არ იხარჯება“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს -თემურ ქეცბაიასა და მის შტაბს სახელმწიფო ხელფასს აღარ გადაუხდის. საუბარია წლიურ 2,62 მილიონ ლარზე, რომელსაც თემურ ქეცბაია დამხმარე ორ მწვრთვნელსაც უნაწილებდა.

ამას წინ უძღოდა ენერგეტიკის მინისტრისა და ყოფილი ფეხბურთელის -კახა კალაძის განცხადება, რომ ნაკრების მწვრთნელის ხელფასი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარებას უნდა შეესაბამებოდეს. ამიტომაც თემურ ქეცბაიას ხელფასი უნდა გადაიხედოს.

თუ რა გახდა ხელფასის შეჩერების მიზეზი, ამის შესახებ ფედერაციაში არ განმარტავენ და აცხადებენ, რომ ეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. წინასწარი ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების სამწვრთვნელო შტაბისთვის (ქეცბაიასა და კიდევ დამხმარე ორი მწვრთვნელისთვის) მოსახმარი თანხა ამიერიდან საქართველოს ჩემპონატში მონაწილე კლუბებს დაურიგდებათ.

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი განმარტავს, რომ სამინისტროს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თვეში 220 ათას 975 ლარის გადახდა აღნიშნული სამწვრთვნელო შტაბისთვის და ბიუჯეტიდან გამოყოფილი ეს თანხა წელიწადში 400 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თავის მხრივ, ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს ქეცბაიასა და სხვა მწვრთვნელების ხელფასის ანაზღაურებას, თუმცა განმარტავს, რომ, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელფასი შედარებით მცირე იქნება.

ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე ადასტურებს, რომ საქართველოს მასშტაბით თემურ ქეცბაიას ძალიან კარგი ხელფასი ჰქონდა, თუმცა დასძენს, რომ ამ თანხიდან გარკვეული პროცენტი იბეგრებოდა და აქ შედიოდა არა მარტო დამხმარე მწვრთვნელების ანაზღაურება, არამედ -ყველა თამაშსა თუ ყველა შეკრებაზე ქეცბაია საკუთარი ჯიბიდან უნაზღაურებდა თანხებს ექიმებს, ადმინისტრაციას და სხვას. მთლიანობაში საუბარია 4-5 ადამიანზე.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მთელი ქვეყანა ერთ აზრზე იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთს სჭირდებოდა თემურ ქეცბაია, რომელიც იმხანად საბერძნეთში მოღვაწეობდა. მის გარდა იყო კიდევ მეორე კანდიდატურა -შოთა არველაძე, რომელიც ჰოლანდიაში მუშაობდა, თუმცა შოთა არველაძე მაინც დამწყებ მწვრთვნელად ითვლებოდა, განსხვავებით თემურ ქეცბაიასგან, რომელსაც მწვრთვნელობის უფრო მეტი გამოცდილება და კარგი მიღწევები ჰქონდა საბერძნეთსა და კვიპროსზე. ამ მიღწევებს თემურ ქეცბაიაც ეხმაურებოდა, „მე ჩემი იმიჯი სასწორზე დავაყენე, როცა აქ ჩამოვედი. თქვე კაი ხალხო, სანამ აქ ჩამოვიდოდი, ორი გუნდი (კვიპროსის „ანორთოსისი“ და საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“) გავიყვანე ჩემპიონთა ლიგაზე“.

„საქართველოს ფეხბურთში მთლიანად ერთი მესის ხელფასიც არ იხარჯება; აქ უფრო იბრაგიმოვიჩის ხელფასის ოდენობა იხარჯება. ქეცბაიასთან გაფორმებული ხელშეკრულება პირველად ორწლიანი იყო, მაგრამ იანვრიდან სთავაზობდნენ ხელშეკრულების კიდევ ორი წლით გაგრძელებას. თემურმა თქვა, თქვენ თუ მთხოვთ, რომ აქედან უნდა გამოვძერწო ისეთი გუნდი, რომ ესპანეთ-საფრანგეთს გავცდე, მაშინ აზრი არ აქვს ჩემს ხელშეკრულებას. მომეცით ოთხწლიანი საშუალება, რომ ამ ახალგაზრდა გუნდიდან შესაბამისი გუნდი გამოვძერწო და, პირობას ვდებ, თუ მე ახლა შესაძლებლობა არ მექნება, მესამე ადგილზე გავიდე, წავალ სახლში“, - აცხადებს არჩილ არველაძე.

თემურ ქეცბაიამ საფეხბურთო გუნდი მაშინ ჩაიბარა, როცა მთავარ მწვრთვნელებად გვყავდა ტოპ მიულერი და კუპერი და მათზე დიდი ხელფასები იხარჯებოდა. ეს მაშინ, როცა მათი მუშაობა საქართველოს ნაკრებში ნულად შეფასდა. მათ ფონზე თემურ ქეცბაიას უკეთესად ახასიათებენ, თუმცა აქ პრობლემაა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა მწვრთვნელების ანაზღაურებაა.

ჩვენ დავინტერესდით, ნაციონალების დროს რატომ იხარჯებოდა ამხელა თანხები მწვრთვნელებზე, მაშინ, როცა ეროვნული ნაკრების შედეგი არ იყო შთამბეჭდავი?!

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ასანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თემურ ქეცბაიასთვის მაღალი ხელფასის გაცემის საკითხი თავის დროზე ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა და, აქედან გამომდინარე, ისევ ფედერაციამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი. იგი მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ფეხბურთში ძალიან მაღალი ხელფასებია, ვიდრე სპორტის სხვა სახეობაში. თუმცა სასურველია, ანაზღაურებისას გათვალისწინებული იყოს ყველა კრიტერიუმი - ეკონომიკური, სოციალური, სპორტის კონკრეტული სახეობის პრესტიჟულობის და შრომის სათანადო ანაზღაურების, რომელსაც სპორტსმენი თუ მწვრთვნელი ეწევა ქვეყნის საკეთილდღეოდ.

„თუკი ამა თუ იმ მწვრთვნელს მაღალი ანაზღაურება ინდივიდუალურად აქვს, არ შეიძლება, ეს დავაბრალოთ მარტო პოლიტიკურ ფაქტორს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთში ვითხოვთ ისეთ მაღალ შეფასებებს, როგორიც არის ევროპულ თუ მსოფლიო დასკვნით ეტაპზე გასვლა. ამიტომ 5 ათას ლარზე (რომელიც შეიძლება სხვა სახეობაში საკმარისი იყოს) ვერ იმუშავებს ნაკრების მწვრთვნელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ფეხბურთი სხვა მასშტაბებზე გადის. სხვა ქვეყნებში მეასე ხარისხის დონის ფეხბურთელი შეიძლება, 20 და 30 მილიონს ღებულობდნენ. ამიტომ, ზოგადად, ეს ბალანსი სპორტში დარღვეულია“, - აცხადებს გიორგი ასანიძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ის მიზანი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სურდა, ვერ იქნა მიღწეული და ეს არ არის მარტო ქეცბაიას ან ცალკე ფეხბურთელის ბრალი. აქ კომპლექსური პრობლემებია. მას შემდეგ, რაც დაირღვა არსებული სისტემა, თითქმის 20 წელი დიდი უკანსვლა იყო, ქართული ფეხბურთი ისე სათანადოდ ვერ განვითარდა, რომ მომხდარიყო დროული ჩანაცვლება თაობათა შორის. თუ არ ჩავთვლით თაობას (არველაძე, ქინქლაძე, ჯამარაული), რომელიც აშკარად გამოირჩოდა.

მისი აზრით, ქართულ ფეხბურთში დღეს ძალზე ცოტა ბავშვია ჩართული. ამიტომ უნდა გაიზარდოს ფეხბურთის მასობრიობა, შეიქმნას ე.წ. სპეციალიზირებული სკოლები, ერთი- აღმოსავლეთ საქართველოში, მეორე-დასავლეთ საქართველოში და, რა თქმა უნდა, -თბილისში. ეს სკოლები მუდამ ავსებდა ქართულ ფეხბურთს.

„მაინც ყველაფერი მიდის ფინანსებთან და, თუ გვინდა ფეხბურთის წარმატება, დიდი ფული უნდა ჩაიდოს. თავის დროზე, როცა ამ თემაზე ვმუშაობდი, ვფიქრობდი, რომ ქართულ ფეხბურთს სჭირდებოდა 50 მილიონზე მეტი ლარი, რომ იმჟამინდელი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ეს უნდა ასულიყო ას მილიონ ლარამდე. მართალია, რაგბი და სხვა სახეობები (კალათბურთი, ხელბურთი) საქართველოში პროგრესს განიცდის, მაგრამ ფეხბურთი მაინც განსაკუთრებული სახეობაა, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალოსანი ვარ და შეიძლება ჩემი სახეობა ყველაზე მეტად მიყვარდეს. სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა ძნელია, მაგრამ, როგორც ვიცი, ხელფასის დიდ ნაწილს ქეცბაია სხვა მწვრთვნელებზეც ხარჯავდა. გამოსავალი უნდა გამოინახოს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, კარგი მწვრთვნელი არ იმუშავებს 10 ათას და 20 ათას ლარად საქართველოს ნაკრებში“,-გვითხრა გიორგი ასანიძემ.

თბილისის „დინამოსა”და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მურთაზ ხურცილავა For.ge-სთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, რამდენად დიდი თანხები იხარჯება ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისთვის.

„არ ვიცი, ქეცბაია რა თანხას იღებდა. ვერ ვერკვევი მაგ საქმეში. როგორც ვიცი, თანხებს სხვებსაც უხდიდა. დიდია თუ არა ეს თანხა, ვერც ამაში ვერკვევი. ისე, გააჩნია ქვეყანას“.