როგორ გადაურჩა „დაჭერას“ ნინო სალუქვაძე

როგორ გადაურჩა „დაჭერას“ ნინო სალუქვაძე

ორი დღის წინ სოჭში მორიგი ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ამ სპორტულმა ღონისძიებამ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. მთავარი პრობლემა ქართველი სპორტსმენების რუსეთის ამ ქალაქში გამგზავრების საკითხი გახლდათ. ამ პოლემიკაში საქართველოს მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. სპორტული შეჯიბრებისაგან განსხვავებით, ამ „პაექრობამ“ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, სამაგიეროდ ოპოზიცია-პოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარ აქტივში არაერთი მომგებიანი ქულა ჩაიწერეს.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ერთ-ერთ პოპულარულ ქართულ ტელეარხზე „შთამბეჭდავი“ კურიოზი დაფიქსირდა. დილის პროგრამის სიმპათიურმა წამყვანმა ქალიშვილმა ამავე გადაცემის სპორტულ მიმომხილველს სრული სერიოზულობით ჰკითხა, სოჭში ფეხბურთელები თუ იასპარეზებდნენ. ყმაწვილი არ დაიბნა და, ეგენი მიმდინარე წლის ზაფხულში ბრაზილიაში იასპარეზებენო - უპასუხა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით კიდევ ერთ „ინფორმაციას“ მოგაწვდით. ამ შეჯიბრებას ყველასათვის ნაცნობი „ევროსპორტი“ არ აშუქებს და ქართველი სპორტის მოყვარულები მხოლოდ საზოგადოებრივი არხის იმედით დავრჩით, რომელიც ძირითადად ფიგურული სრიალისა და სამთო სათხილამურო სპორტის სახეობების ჩვენებას აპირებს.

გამიგრძელდა შესავალი. დღეს კვირაა და ქართველ სპორტსმენთა მორიგ სახალისო „თავგადასავლებს“ შემოგთავაზებთ.

თავდაპირველად სიტყვას ქალბატონ ნინო სალუქვაძეს გადავცემ, რომელიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ ემზადება.

„ერთხელ, ლექციების შემდეგ პროსპექტზე მივსეირნობთ.

- ნინო, - ამიტყდა თანაკურსელი ვაჟა - შენ ხომ მსროლელი ხარ?

- ვარ, აბა არ ვარ?

- საკუთარი იარაღი არ გაქვს?

ახლა, რომ ვუთხრა არაო, ვიცი მის ცნობისმყვარეობას ვერ დავაკმაყოფილებ, გადამეკიდება რატომ არაო. ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე:

- მაქვს, აბა არ მაქვს!

- რა მარკის? - არ მეშვება.

- „სტეჩკინი" - ვუთხარი რაც ენაზე მომადგა.

- კიდო? - (არაფრით არ სჯერა რომ ერთი მექნება).

- კიდევ „პარაბელუმი" მაქვს ჩანთაში და ორი ხელყუმბარაც - დავამატე მეტი დამაჯერებელობისთვის.

- იმიტომ მიყვარს შენს გვერდით სიარული, არავისი არ მეშინია - მიიხედ-მოიხედა აშკარა სიამაყით და თითქოს ამით დამთავრდა იმ დღეს ის საუბარი. თურმე ჯერ სადა ხარ!

მეორე თუ მესამე დღეა გამოვდივარ დილით სახლიდან, ლექციაზე მიმეჩქარება. ვიგრძენი რომ ვიღაც „საიდუმლოდ" მომყვება ზურგს უკან. ქალურ ინტუიციას არ უღალატია. „მდევარი" მალე დაწინაურდა, ორი-ოთხი ნაბიჯით დამშორდა, მერე მოწყვეტილად შემოტრიალდა და წინ ამესვეტა:

- პოლკოვნიკი ეგაძე - თუ შეიძლება გაჩერდით და პანიკა არ იყოს! დამცეცხლა... „რა უნდა ამ პოლკოვნიკს!?"- რა ხდება? - ვეკითხები მშვიდად.

- გაშიფრული ხართ... წყნარად! საბუთები, თუ შეიძლება.

- რა ვარ?

- გაშიფრული ხართ... საბუთები!

ამოვიღე ყველანაირი საბუთი. დაიწყო კითხვა და უცებ ხმამაღლა წამოიყვირა:

- თფუუუ... შენი დედა ვატირე ჰამლეტა შტერო!!!

- რა ბრძანეთ?

- რა ვბრძანე და - იმ შტერმა ჰამლეტამ თქვენზე მითხრა - ტერორისტია ეგ ქალი, „სტეჩკინი", „პარაბელუმი" და ორი ლიმონკა აქვს ჩანთაშიო.

ბოდიში პატივცემულო, ვერ გიცნოთ სახეზე დამიბრუნა საბუთები და „გაქრა".

ოხ, ვაჟა, ვაჟა! - ვფიქრობდი გულში - შენმა ცნობისმოყვარეობამ კინაღამ ორთაჭალაში ამომაყოფინა თავი“.

ქართველთა ოლიმპიური ჯილდოების დიდი ნაწილი მოჭიდავეებზე მოდის. ჩვენი მომავალი რესპოდენტი ძიუდოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თემურ ხუბულური იქნება.

„ერთხელ თვითმფრინავში ვართ და საზღვარგარეთ მივფრინავთ. 12-14 საათი ჰაერში უნდა დავყოთ.

ჩვენთან ერთადაა ჩვენი სული და გული, მუდამ მხიარული და სტიმულის მომცემი საყვარელი პიროვნება, ანზორ მარტყოფლიშვილი. თუ რაიმე „იაღლიში" მოხდებოდა, ანზორი მუდამ პოულობდა გამოსავალს, მაგრამ ამჯერად თვითონ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში.

ანზორის თავს გადახდენილი ამბები მერე ანეკდოტად გამოსულა და გაფანტულა საქართველოში.

მაშ ასე... ჰაერში ვართ. ანზორი დადარდიანებულია, რადგან საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა ჯერ კიდევ აფრენამდე. ამ მუდამ მხიარულ კაცს დანა კბილს არ უხსნის. მიჯდა კუთხეში - ილუმინატორთან და არ იღებს ხმას.

იმაზე თუ ფიქრობს, როგორ და რა ვითარებაში უნდა დაეკარგა თანხა. ბუნებრივია, ჩვენც წაგვიხდა ხასიათი და ღრმა მდუმარებით თანავუგრძნობთ თანაგუნდელს. გარეთ კუპრისფერი, ბლანტი სიბნელეა. მხოლოდ თვითმფრინავის ყრუ, მონოტონურად გაბმული ზუზუნი ისმის. მოულოდნელად ლაინერი მკვეთრად გადაიხარა მარჯვენა მხარეზე. გაგვაცია და გაგვაცხელა, ანზორს გადავხედეთ, შეშფოთებული ჩანს.

 

თვითმფრინავი მალევე გასწორდა, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისევ დაიხარა იმ მხარეზე. ცოტა ხანში, მოულოდნელად, ძალიან მკვეთრად, მთელი კორპუსით „დაეცა" ვერტიკალურად და ელვისებურად ისევ ავარდა ზევით.

- დედა, რა იყო ეს! - ნაძალადევი, მშრალი ღიმილით ვამხნევებთ ერთმანეთს.

- კაცო - ეჭვი გამოთქვა ერთმა - საწვავი ხომ არ უთავდება?

ამის თქმა და თვითმფრინავი ისევ „იამკაში" ჩაეხეთქა. და ეს ჩვენი ანზორი ინსტიქტურად წამოხტა სკამიდან. სასწრაფოდ გადმოიღო პიჯაკი სასწრაფოდვე გაუყარა ხელები სახელოებში, ქუდიც ჩამოიფხატა თავზე, და გასასვლელისკენ დაიძრა შესაშური სიჩქარით;

- საით ანზორ! - ვეცით და გავაკავეთ.

- გიჟია ეს პილოტი ვიღაცააა! - მთვრალი უნდა იყოს ჩემი აზრით... გამიშვით კაცო, ნიახური კი არა ვარ, მეორედ ამოვიდე?!!

- ამას შევწირო თავი?!

ძლივს დავაშოშმინეთ და „პასადკაც" მალე გამოაცხადეს...“

ბატონი თემურის შემდეგ ესტაფეტას ვეტერან ფალავანს ჯუმბერ დავლიანიძეს გადავცემ. შორეულ 1975 წელს, უკვე საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ჯუმბერ დავლიანიძე აშშ-ის ქალაქ სანტიაგოში აღმოჩნდა.

„1975 წელია. როგორც საერთაშორისო არბიტრები ჭიდაობაში, მე და ანზორ გვიმრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგვავლინეს ქალაქ სანტიაგოში.

აქ ერთდროულად ტარდებოდა ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

სასტუმროდ სამოთახიანი კოტეჯი შეგვირჩიეს. დაძინების წინ კედელზე დამაგრებულ რეგულატორს დავუწყე გასინჯვა. ვაი ამ გასინჯვას!..

შუაღამისს ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია მოკლედ -„ტაშკენტია" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თავი ორთქლის აბანოში გვგონია. ვარ ოფლის წურვაში.

- რა ქენი ბიჭო, რას მოკიდე ხელი? - მეკითხება უზომოდ შეწუხებული ანზორი. ვუჩვენე ის, რის მიზეზითაც ასე გადავხურდით.

- ახლავე გადმოატრიალე უკან - იყო ანზორის ბრძანება. ასეც მოვიქეცი.

15 წუთში ისეთი სიცივე დატრიალდა ნომერში, რომ კბილებიდან პლომბები გადმოგვცვივდებოდა, იღბლად - არ გვქონდა დაპლომბილი კბილი არც ერთს. ანზორმა რვეულის ფურცელზე ინგლისურად დაწერა - „არ მიეკაროთ, სასიკვდილოა!" და რეგულატორს მიაკრა“.

დღევანდელ „მოგონებებს“ ბატონი ჯუმბერის კიდევ ერთი „ისტორია“ დაასრულებს.

„1959 წელია. მოსკოვში ტარდება სსრკ II სპარტაკიადა. უძლიერესი ნაკრებით წარვსდექით.

ჩვენმა მოჭიდავეებმა შესაშური წარმატებით ჩაატარეს ჩემპიონატი.

სასტუმროში დაბრუნებულებს ავტობუსთან ერთ-ერთი ჩვენი მინისტრი შეგვხვდა:

- როგორ იასპარეზეს ბიჭებმა? - ეკითხება მწვრთნელ პეტრე იორადანაშვილს.

პეტრე მიხვდა, რომ მინისტრი ჭიდაობის გაგებაში არაა და მხოლოდ პირად ამბიციებს იკმაყოფილებდა „პაეზდკით!"

- შვიდი ჩვენ გავიტანეთ (ვითომ ფეხბურთი იყო) - ერთი მოწინააღმდეგემო - პეტრემ.

- რაო?-„აღშფოთდა" მინისტრი - ის ერთიც როგორ გაატანინეთ, მე თქვენ მოგივლით თბილისშიო... მალე გადააყენეს ის კაცი. ისე, ასეც უნდა მომხდარიყო... ლოგიკით“.