საზღვაო ფლოტი, შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. მისი მთავარი დანიშნულება მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურებაა, როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე. თუმცა, 2008 წლის შემდეგ საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები აღარ ჰყავს. აგვისტოს ომის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ყოფილმა უმაღლესმა ხელისუფალმა მიიღო. ფლოტი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახურს გადაეცა.
საზღვაო ძალები, შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საზღვაო ძალები პასუხისმგებელი იყო საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის შიდა წყლებისა და აგრეთვე ეკონომიკური ზონების დაცვაზე. საქართველოს საზღვაო ძალები საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი იყო შავი ზღვის რეგიონის კოლექტიურ თავდაცვაში მონაწილეობაზე.
საზღვაო ფლოტის აღდენა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი გზავნილი იყო. მაშინ კოლიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ გაანიავა საზღვაო ფლოტი. თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, იმ პერიოდში არ იყო დათვლილი თუ რა დაუჯდებოდა ქვეყანას საზღვაო ფლოტის აღდგენა.
დღეს კი, ა/ო „მოქალაქის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საზღვაო ფლოტთან დაკავშირებით დღესაც იგივე დამოკიდებულება აქვს. როგორც ივანიშვილი ამბობს, ფლოტი იქნება მაშინ, როდესაც ხელისუფლება გაიაზრებს და ექნება შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით თანხები გადადოს.
„სწორად უნდა განსაზღვრა, ფლოტის აღდგენა დავაჩქაროთ, თუ ჯანდაცვას მოვახმაროთ თანხები, ან სხვა სფეროებს. ამაში უნდა გავერკვეთ, რომ არ მივიღოთ უბედურება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 2 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის შესყიდვა მოხდა.
„ახლა 200 მილიონისაც არ გვექნება. ისინი იტყვიან, რომ ომში ეს ყველაფერი განადგურდა. არც ის ვიცოდით, რომ შეიძინეს, არც პროცესებში მიუღიათ მონაწილეობა. სწორედ ამ პროცესებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ სახელმწიფო სწორად წავიდეს. ასევეა ფლოტთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით - ჩვენი მონაწილეობა აუცილებელია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადება იმ რეალობოდან არის გამოსული, რაც საქართველოს აქვს. მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი არაა საკმარისი იმისთვის, რომ ამხელა ამოცანებს შეეჭიდოს ქვეყანა.
„როდესაც ასეთ ამოცანებზეა საუბარი, რამოდენიმე წელზე უნდა იყოს გათვლილი. ფლოტის აღდგენა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები სწორად იყოს განსაზღვრული. ახლა, ჩვენ გვყავს შსს-ს დაქვემდებარებული სანაპირო დაცვა. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული სანაპირო კატარღები, შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფ სასაზღვრო პოლიციას გადაეცა. დღეს საზღვარო აკვატორია კონტროლდება შსს-ს დაქვემდებარებული უწყების მიერ“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.
საზღვაო ფლოტის გაუქმებას წინააღმდეგი იყო სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე. როგორც მაშინ, ასევე დღეს ექსპერტი თვლის, რომ საზღვაო ფლოტის გაუქმება იყო შეცდომა.
„საზღვაო სამხედრო ფლოტი ქვეყანას სჭიდრება. გარკევული მცურავი საშუალება ჰყავდა თავდაცვის უწყებას და შეიძლებოდა საუბარი მის მოდერნიზაციაზე, მაგრამ ფლოტი უნდა დარჩენილიყო. მიმაჩნია, რომ ფლოტი უნდა არსებობდეს, მაგრამ მაინც ფრთხილი მიდგომაა საჭირო. მოგეხსენებათ, რომ გაერთიანებულ შტაბში შეიქმნა საზღვაო ფლოტის დეპარტამენტი. დეპარტამენტი ჯერ-ჯერობით საკმარისია, რომელმაც აუცილებლად უნდა დადოს გრძელვადიანი გეგმა.
აუცილებლად საჭირო იქნება ჯერ კონცეფციის მომზადება, შედეგ ოფიცრების მომზადება. სწორად უნდა განისაზღვროს ფუნქცია. შემდეგ უკვე ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ფლოტის შექმნაზე. ეს უნდა იყოს დანიშნულების მქონე სტრუქტურა, რომელსაც შეეძლება შედეგის დადება და არა ის, რომ სათაური ჰქონდეს და ვიღაცამ თქვას, რომ ჩვენ გვყავს სამხედრო ფლოტი“, - ამბობს გიორგი თავდგირიძე.
სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ეს არაა მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. მათივე განმარტებით, საქართველო არის ის ქვეყანა რომელსაც აქვს ზღვაზე გასასვლელი, შესაბამისად ამ საკითხზე ფიქრი, დისკუსია და მსჯელობა თუ დაიწყება, მხოლოდ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობზე. საკამაოდ სერიოზული ფუფუნებაა, თუმცა თვლიან, რომ საჭიროა, რადგან ქვეყანას სამხედრო ფლოტი სჭირდება.