ღვინისა და ციტრუსის წელი

ღვინისა და ციტრუსის წელი

სტატისტიკურ მონაცემებს თუ ვერწმუნებით, შარშან ყველაზე დიდი გარღვევა მეღვინეობასა და მეციტრუსეობაში მოხდა. პირველ შემთხვევაში ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართა, ციტრუსის კუთხით თავდაპირველად პრობლემები კი გაჩნდა, მაგრამ შემდეგ ვითარება გამოსწორდა და ექსპროტზე სარეკორდო რაოდენობა გაიგზავნა.

2013 წლის მონაცემებით, საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი გაზრდილია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველოდან 20 187,7 ათასი დოლარის ღირებულების 37 936,7 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა მაშინ, როდესაც 2012 წელს საქართველოდან გავიდა 7 669,8 ათასი დოლარის ღირებულების 17 129,0 ტონა ციტრუსის ნაყოფი.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ციტრუსის ექსპორტის მხრივ, საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა უკრაინაა, სადაც 2013 წელს 9 195,0 ათასი დოლარის ღირებულების 20 607,5 ტონა ციტრუსი გაიტანეს. შარშან მნიშვნელოვანი ბაზარი აღმოჩნდა ასევე რუსეთიც, სადაც 12088,4 ტონა ციტრუსია ექსპორტირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელს რუსეთში სულ 19,3 ტონა ციტრუსის ექსპორტია დაფიქსირებული.

ეს მონაცემები მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა მთავრობისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორედ ციტრუსზე და მის სუბსიდირებაზე გაამახვილა ყურადღება. „წინა მთავრობის მიერ 2007-2011 წელს ციტრუსზე არ გამოყოფილა არცერთი თეთრი სუბსიდია. წელს 13 მლნ 800 ათასი ლარი გამოვყავით…და ბოლო მონაცემებით, რამდენიმე ათეული ათასი ტონა გავიდა ექსპორტზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მართლაც, საქართველოს მთავრობამ 2013 წელს სტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 12 მილიონი ლარი გამოყო, რაც ფერმერისთვის ექსპორტირებულ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე 15 თეთრის დამატებას გულისხმობს. არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებისთვის კი 1,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მართალია, 2007-11 წლებში ციტრუსზე სუბსიდია არ გაცემულა, თუმცა, ამის საჭიროება ნაკლებად იყო. 2012 წელს სარეალიზაციო ფასი 50-60 თეთრს შეადგენდა, 2013 წელს კი სარეალიზაციო ფასი 45 თეთრამდე შემცირდა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია შედეგები მეღვინეობის მიმართულებით. ბოლო სტატისტიკურმა მონაცემებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

რუსეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ემბარგოს მოხსნიდან 6 თვეში რუსულ ბაზარზე 14,79 მილიონი ლიტრი (21 მილიონ ბოთლზე მეტი) ქართული ღვინო შევიდა და ბაზრის 2,42% დაიკავა. შესაბამისად, ღვინის მიმწოდებელთა ათეულშიც მოხვდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ემბარგოს გამოცხადებრმდე ქართული ღვინის წილი რუსეთის ბაზარზე 5%-ს შეადგენდა და იმპორტის მოცულობა 52 მილიონი ბოთლი იყო. ამ მონაცეემბს თუ გავაანალიზებთ, გამოდის, რომ ქართულმა პროდუქციამ ძველი პოზიციების დაბრუნება უკვე მოახერხა. სავარაუდოდ, 2014 წელს ემბარგომდელ მაჩვენებელზე გავა, ხოლო სამომავლოდ გადააჭარბებს კიდეც.

რუსეთის ფედერალური და ადგილობრივი ღვინის ბაზრის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ვადიმ დრობიზი ქართული ღვინის იმპორტის მაჩვენებლებს შთამბეჭდავს უწოდებს. მისი აზრით, წარმატების მიზეზი ის არის, რომ ქართულ ღვინოს ქვეყანაში ლოიალური აუდიტორია შერჩა, თავად პროდუქტს კი პირდაპირი ანალოგი ბაზარზე არ ჰყავს

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოდან რუსეთში 2 720 454 ბოთლი ღვინო შევიდა. 2013 წლის 10 ივნისიდან დღემდე კი, რუსეთში 26 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება ემბარგომდე არსებულ ვითარებას, 2005 წელს საქართველოდან რუსეთში 52 336 000 ბოთლი ღვინო გავიდა, ხოლო 2006 წლის დასაწყისიდან მარტამდე - 10 00 857 ბოთლი.

2013 წლის მონაცემებით, რუსეთისთვის მიწოდებული ღვინო საქართველოს ღვინის ექსპორტის 40%-ს შეადგენს და ეს მთლიანი წარმოების მხოლოდ 15%-ია.