ბაგრატიონებს ნამდვილობის დასადგენად დნმ ანალიზის ჩატარება მოუწვთ. ამ ინიციატივით ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის დამფუძნებელი ია ბაგრატიონ-მუხრანელი გამოდის და ბაგრატიონის გვარის მქონე ყველა პირის წარმომავლობის დადგენას მოითხოვს.
ბაგრატიონების განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ ისტორიკოსები თანხმდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ანგარიშგასაწევი ფაქტორია, რომ საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის შეცვლის სურვილი საუკუნეების განმავლობაში არასდროს გაჩენილა. თვით შიდა არეულობების დროსაც კი, როცა უშუალოდ ბაგრატიონთა სახლში დაპირისპირება იყო მამებსა და შვილებს, ან თუნდაც ძმებს შორის, ხალხი ბაგრატიონთა გადაგდების მოთხოვნით არ აჯანყებულა.
დღეს ვითარება შეიცვალა და ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ უფლისწულ გიორგის გამოცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა თვით ბაგრატიონებშიც გამოიწვია.
For.ge ია ბაგრატიონ-მუხრანელს ესაუბრა.
ოფიციალურად ბაგრატიონის გვარის მქონე 500-მდე პიროვნებაა რეგისტირებული. თუმცა თქვენ აცხადებთ, რომ ნამდვილი ბაგრატიონი მათ შორის მხოლოდ 20 თუ იქნება. ცნობილია, რომ საბჭოთა ხელისუფლება ბაგრატონებს დევნიდა და არაერთი ბაგრატიონი დახვრიტეს, თუმცა რამდენად რეალურია, რომ ნამდვიოლი ბაგრატიონი მხოლოდ 20 იყოს?
- საბჭოთა პერიოდში არსებობდა ხერხი, რომლის მიხედვითაც, ყველა უდედმამო და სხვა წარმომავლობის ბავშვს აძლევდნენ თავადებისა და ბაგრატიონების გვარს. მაგალითად, აჭარაში მთელი სოფელია ბაგრატიონების, ამიტომ საჭიროა, რეესტრმა გაასწოროს ეს ყველაფერი. ნამდვილმა ბაგრატიონებმა კი დნმ-ის ტესტი უნდა ჩაიტარონ. განსაკუთრებით, იმ ბაგრატიონებმა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ სამეფო ტახტზე. ეს მეცნიერულად უნდა იყოს შესწავლილი, რაც დახვეწილი მეთოდია. ბოლოს და ბოლოს, საცავები არსებობს და სხვა. მე ვფიქრობ, არცერთ შტოს არ ჰყავს ტახტის მემკვიდრე, რადგან ბაგრატიონთა 200-წლოვანი წყვეტა იყო. ამას წინათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელებლოგი გავიდა, საშინელი გადაცემა იყო, ძალზე არ მომეწონა, არც დრამატურგია, არც აზრი. მე მგონი, აგრძელებენ კომუნისტების მთავარ იდეას, მოსპონ ბაგრატიონები, მოსპონ თავად-აზნაურობა, ქართული გენი და, საერთოდ, საქართველო. არის სპეციალური ლაბორატორია, ბაქტერიოფაგის მიმდებარედ, სადაც ყველა გვარს იკვლევენ. მე მგონი, ქალბატონი ჩიქოვანია მისი უფროსი და ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია დაადგინოს ბაგრატიონების კუთვნილი თუ სხვა გვარის გენები.
თქვენ იცით, რომ გრიგოლ რობაქიძემ ქართველებისთვის ასეთი დეფინიცია შემოიღო, ქართული რასა, ან არისტოკრატიული რასა. ყველა ქართველის გენი განსხვავდება. ეს არ არის აღმოჩენა, ეს ყველასთვის ცნობილია, ჩვენმა მტრებმა ისარგებლეს და საკუთარ ხალხს ჩვენი გენით აკეთილშობილებდნენ, თუმცა ეს სხვა თემაა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი და თავად-აზნაურთა საკრებულოს საერთო მოსაზრებაა, რომ ყველას, ვისაც აქვს პრეტენზია არარსებულ ტახტზე, რადგან ამის აღდგენა სხვანაირად უნდა მოხდეს და ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, გენები უნდა გამოიკვლიოს. არც ისტორიკოსები, არც ჟურნალისტები, არც ე.წ. ტახტის მემკვიდრეები არ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოში 200 წლის განმავლობაში ბაგრატონთა დინასტიის წყვეტა იყო.
ნამდვილ ბაგრატიონში ვინ იგულისხმეთ, გარდა იმისა, ვინც ჩვენ ვიცით? საუბარია დავით ბაგრატიონსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, რომლის წინაპრების მამრობითი შტოც ანაზე შეწყდა.
- ეს ვისაც ეხება, მათ მშვენივრად იციან. როდესაც გაიყო ერთიანი საქართველო, ბაგრატიონთა სამი შტო დარჩა და ამ სამი შტოს წარმომადგენლები ახლა თითზე ჩამოსათვლელნი არიან. საბედნიეროდ, ვერ მოსპეს მთელი გვარი, უძველესი გვარი ევროპაში და ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოს დინასტიებს შორის. რა თქმა უნდა, მარტო ჩვენს, ბაგრატიონ-მუხრანელებში ჩემი უახლოესი ნათესავი, 22 კაცი დახვრიტეს 1921-დან 1937 წლამდე. მამაჩემის, ლეონიდე ბაგრატიონის, ასევე, სიმონ ბაგრატიონის შესახებ საქმე იყო სუკში შექმნილი, სათაურით - „ორბი“. ამდენი ხნის მანძილზე ეს ფარული იყო და ახლა გამოაშკარავდა, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი კოტე აფხაზთან ერთად დახვრიტეს 1924 წელს და უამრავი სხვა თავადიშვილი თუ ბაგრატიონი. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. არიან ახალგაზრდა ბაგრატიონები, ჩვენ ვფიქრობთ მათ შეუღლებაზე ღირსეულ მანდილოსნებთან, გიორგი ბაგრატიონის გარდა, კიდევ არის ორი ბაგრატიონი დაბადებული. ჩვენი მოდელი იყო ასეთი და პატრიარქს შევთავაზეთ, რომ ბაგრატიონების რამდენიმე პირმშო უნდა აღიზარდოს საპატრიარქოში უშუალოდ ჩვენი უწმინდესის ხელმძღვანელობით.
იმერეთის შტოს ბაგრატიონის გამოჩენა დაბნეულობას იწვევს. ირაკლი ბაგრატიონი აცხადებს, რომ მზადაა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იმერეთის ტახტის მინდობილობა პატარა გიორგი ბაგრატიონს გადასცეს, თუმცა ქართლის შტოს ბაგრატიონების მხრიდან იგნორირებას გრძნობს. თუ თვლით ირაკლი ბაგრატიონს ნამდვილ ბაგრატიონად?
- იმერეთის ბაგრატიონს რაც შეეხება, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. იმედი გვაქვს, ირაკლი დაქორწინდება, იგი ჩვენი წევრია და ყველას, ვინც ნამდვილად ბაგრატიონია და ჩქეფს მასში ბაგრატიონთა დამახასიათებელი გენი, ყველას აქვს უფლება, პრეტენზია იქონიოს ტახტზე, მაგრამ არა პერსონალურად, არამედ მომავალში მათი შვილებისა და მათი შთამომავლების მეშვეობით. ჩემი აზრით, ახლა არცერთი პერსონალია არ არსებობს სამეფო ტახტზე.
ანუ, სამეფო გვარის წევრთა დაქორწინების მომსწრენი კიდევ შეიძლება გავხდეთ სამომავლოდ?
- რა თქმა უნდა, დავითს ჰყავს ორი დაუქორწინებელი ძმა, ესპანეთში ცხოვრობს ხუან ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი, ძალიან სიმპატიური უცოლო ახალგაზრდა. გარდა ამისა, იმერეთის შტოს წარმომადგენლები არიან და მრავალი სხვა ბაგრატიონი, მაგრამ ეს უნდა იყოს შეზღუდული რაოდენობით და არის კიდევაც შეზღუდული. ბევრი ატარებს გვარს, მაგრამ არ არის მამით ბაგრატიონი.
გულისხმობთ მომღერალ გვანცა ბაგრატიონს? (რომელმაც სულ ახლახანს აღნიშნა, რომ „ბაგრატიონი“ მისი ფსევდონიმია).
- გვანცა საერთოდ შემოგდებული არსებაა. ვიღაცები გადაცემაში რომ ვიხილე, ძალიან სუსტი ქილიკით და, რაც მთავარია, კომუნისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი იყო ეს ყველაფერი. იმის მაგივრად, იამაყო შენი გვარით, შენი წინაპრებით და შენი მეფეებით, ევროპაში უძველესი ბაგრატიონების დინასტიით, მათი დამცირება არავითარი პროფესიონალიზმი არ არის.