ბევრი ექსპერტი ცდილობს, გაარკვიოს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსების მთავარი მიზანი ჰიდროკარბონების ინფრასტრუქტურა იყო თუ ეს ობიექტები ინტერვენციის “თანმდევი მსხვერპლია” გახდა?
საერთოდ, საკითხავია, თუ რამდენადაა შესაძლებელი ტრანზიტის შეფერხება ომის განახლების შემთხვევაში. ექსპერტები აღიარებენ, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისის “ფერადი რევოლუციების” შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება “გაზპრომს” პოლიტიკურ “ენერგოიარაღად” იყენებს. ევროპის სახელმწიფოებზე მონოპოლიური ენერგოშანტაჟის გარდა, სწორედ ეს რუსული სახელმწიფო კომპანია აწვდის “უფასო” ენერგიას სეპარატისტულ რეგიონებს, მათთვის მილსადენებიც გაჰყავს (მაგალითად, 2009 წლის ზაფხულში ე.წ. სამხრეთ ოსეთში “ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის” მშენებლობის დასრულება). ასეთი “ბიზნესი” მოსკოვის მხრიდან, უკანონო პრივატიზების გვერდით, არაღიარებული ტერიტორიების ეკონომიკური გამოცოცხლების წახალისების უმთავრესი საშუალებაა.
უკანონო პრივატიზების მსგავსად, სეპარატისტული ტერიტორიების “უფასო” ენერგომომარაგებაც სრულიად გაურკვეველ და ბუნდოვან ხელშეკრულებებსა თუ საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზას ემყარება. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ზოგიერთ საერთაშორისო კრიმინალისტიკურ და ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში ს/ს “გაზპრომი” განიხილება, როგორც ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური გაერთიანება.
ანალიტიკოსთა აზრით, რუსეთის ხელისუფლებას სეპარატისტული რეგიონების ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა (“მედვედევ-პუტინის დოქტრინა”) ე.წ. საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერის საბაბით, სხვა მიზნებისთვის სჭირდება. კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსული ინტერვენციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რუსეთის უმთავრესი მიზანი საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის შეცვლა და საქართველოზე გამავალი მილსადენების გაკონტროლება იყო. შემთხვევითი არაა, რომ ევროკომისიამ, 2008 წლის ოქტომბერში შემუშავებულ “მწვანე დოკუმენტში”, ხაზგასმით აღნიშნა: “...საქართველოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ახლა ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის კრიტიკული დროა და ევროკავშირი მომარაგების უსაფრთხოებისათვის ძალისხმევის ინტენსიფიკაციას საჭიროებს.”
ამრიგად, ალტერნატიული მილსადენების გაყვანის გამო ევროკომისიის შეშფოთებას განაპირობებს არა იმდენად რუსეთის ენერგომატარებლების მოპოვებისა და სატრანზიტო შემოსავლების შემცირების გამო მოსკოვის გაღიზიანება, არამედ, რუსეთის ალტერნატიული ენერგო-მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ევროკომისიამ 2008 წლის ბოლოს შემუშავებულ “ევროკავშირის მეორე ენერგომიმოხილვაში” ხაზგასმით დააფიქსირა, რომ “სამხრეთის გაზის დერეფანი” ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრიორიტეტია.
მსგავსი დებულებაა ჩადებული “აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაშიც”, რომელსაც ხელი 2009 წლის დასაწყისში მოწერა. სწორედ ამითაა განპირობებული ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრება, რომ საქართველოში 2008 წლის რუსული ინტერვენციის ერთ-ერთი მიზანი ანტიდასავლური “პეტრო-პოლიტიკა”, ანუ ალტერნატიული მილსადენების გაკონტროლება იყო. აქედან გამომდინარე, “ქარტიაში” დაფიქსირდა, რომ “...ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ემყარება საერთო ინტერესებს, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების მხარდაჭერაში გამოიხატება.” ევრო-ატლანტიკური ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოს ერთ-ერთი სტარტეგიული საგარეო-პოლიტიკური მიზანია. ეს დებულება ხაზგასმულია ქვეყნის 2006-2009 წლების საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაშიც, რომლის თანახმადაც, საქართველოსთვის რეგიონის ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნად წარმოჩენა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, მისი დიპლომატიური სამსახურის უმთავრესი დანიშნულებაც, ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ენერგომატარებლების ახალი სატრანსპორტო მარშრუტების მოძიება და ევრო-ატლანტიკური ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების დაჩქარებაა.
რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ზემოაღნიშნულ მისწრაფების წამახალისებლად ვაშინგტონი და კავკასიაში რუსეთის ჩანაცვლების სურვილი მიაჩნია. აკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა თავის დროზე პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ უფრო აქტიურ ინფილტრაციაში დაადანაშაულა და ამის მკაფიო მაგალითებად უკრაინა და საქართველო დაასახელა. ამასთან, ლავროვის თქმით, თუკი რომელიმე ეს ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდება, მოხდება ევროპის დაყოფა და რუსეთის საწინააღმდეგო ბლოკის შექმნა. მისივე აზრით, ნატო-ს გაფართოება იქნება “...არსებითად ნეგატიური გეოპოლიტიკური ნიშანი.”
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ისეთი მილსადენების სისტემის არსებობა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს, ასახავს თბილისის სურვილს, ჩამოშორდეს რუსეთის გავლენის სფეროს და შეამციროს მოსკოვზე დამოკიდებულება... ანალიტიკოსები ინტერვენციის ერთ შედეგზე უკვე შეთანხმდენ: მართალია, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, ერთი შეხედვით, არ იყო რუსეთის მთავარი მიზანი, მაგრამ ის სიადვილე, რითიც მისმა ჯარებმა შეძლეს ამ ინფრასტრუქტურამდე მიღწევა, საქართველოზე გამავალი მარშრუტების მოწყვლადობასა და მათ დაუცველობაზე მიანიშნებს. ამით მოსკოვმა აშკარად დაგვანახა, რომ შეუძლია, თავისი გავლენა გაავრცელოს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ, აზერბაიჯანსა და დასავლეთზეც.
ინტერვენციას ისიც მოჰყვა, რომ 2008 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის მთელი ნავთობი გადამისამართდა “ბაქო-ნოვოროსიისკის” მილსადენზე, რომლის სრული დატვირთვით ამუშავებით რუსეთმა დასავლეთს დაანახა, რომ კასპიის მთელი ჰიდროკარბონების ტრანსპორტირება შეუძლია.
ამრიგად, აგვისტოს ომის არაპირდაპირი შედეგი და სიმბოლიზმი მილსადენების პირდაპირი კონტროლი კი არა, საქართველოსადმი, როგორც არასტაბილური ტრანზიტორისადმი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა იყო. კონფლიქტის არსი, დასავლური ენერგოპროექტების რეპუტაციის შელახვასა და საკუთარი ენერგოპროექტების პროპაგანდასთან ერთად, იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთმა კასპიის რეგიონში თავისი პოზიციების დაბრუნება გადაწყვიტა (სატრანზიტო მარშრუტებზე კონტროლი ამ მოვლენის მხოლოდ ერთი-ერთი და არ ერთადერთ ასპექტთაგანია). ამასთან, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ “მილსადენების ომით” რუსეთმა შეძლო, გავლენა მოეხდინა აშშ-ის დამოკიდებულებაზე მის ახალ და ტრადიციულ პარტნიორებთან. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა რეგიონში ძალთა ბალანსზე.
აგვისტოს ომის გარდა, დასავლურ პროექტებზე გავლენა მოახდინეს კასპიის ქვეყნებს შორის არსებულმა დაძაბულობამ, ჩინეთთან თურქმენეთისა და ყაზახეთის მზარდმა ენერგეტიკულმა პარტნიორობამ, აზერბაიჯანის რუსეთსა და ირანთან დაწყებულმა ენერგოკონტაქტებმა და აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობის შეკვეცამ. შედეგად მივიღეთ “სამხრეთის გაზის დერეფნის” შეფერხება და აზერბაიჯანის სურვილი, თურქეთის გვერდის ავლით დაუკავშირდეს ევროკავშირს. ესაა ენერგოპოლიტიკის ის ახალი მიმდინარეობები, რაც სამხრეთ კავკასიაში დღეს ხორციელდება.
განვიხილოთ ცალკეული ქვეყნები.
თურქეთის ფაქტორი
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” გაჩერება 2008 წლის 6 აგვისტოს, თურქეთის ტერიტორიაზე, ქურთი სეპარატისტების მიერ მოწყობილმა აფეთქებამ განაპირობა, რამაც თურქეთი დღეში 300 ათასი აშშ დოლარით დააზარალა (ნავთობსადენის გაშვებიდან, ანუ 2006 წლის მაისიდან, თურქეთის ბიუჯეტმა სულ 2.6 მლრდ დოლარი შემოსავალი მიიღო).
თურქეთს აზერბაიჯანელი და ყაზახი ექსპორტიორების პოზიციების მოსალოდნელი შეცვლისაც შეეშინდა, რომლებმაც ომის დაწყებისთანავე, რუსულ “ტრანსნეფტს” თავიანთი ნავთობის პორტ ნოვოროსიისკიდან ექსპორტის დამატებითი ქვოტების მოთხოვნით მიმართეს. ტრანზიტის მცირე ვადით შეჩერებაც კი, ანკარასთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა, ვინაიდან ნავთობსადენიდან შემოსავლებს თურქეთი განიხილავდა როგორც 1991 წლის “უდაბნოს ქარიშხლის” ოპერაციაში მონაწილეობის კომპენსაციას. გარდა ამისა, 1991 წელს, აშშ-ს ერაყისადმი დაწესებული სანქციების გამო, 2003 წელს ერაყში შეჭრის დრომდე, თურქეთმა კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან სატრანზიტო შემოსავლების შეჩერებისა და ერაყთან ვაჭრობის შეზღუდვის გამო, 80 მლრდ დოლარი იზარალა. ამგვარი სცენარის თავიდან ასაცილებლად, პრემიერი ერდოღანი 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვში მილსადენების უსაფრთხოების საკითხებზე მოსალაპარაკებლად და რუსეთისთვის მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდა.
ამჟამად ანკარა მძიმე მდგომარეობაშია, რადგან დასავლეთმა აგრძნობინა, თუ რა ადვილად შეუძლია დათმოს თურქეთის ინტერესები. ერაყის აღების შემდეგ, აშშ-მ ამ ქვეყნის ჩრდილოეთში, პრაქტიკულად, მხარი დაუჭირა ქურთული სახელმწიფოს შექმნას, რაც თურქეთში ქურთულ სეპარატიზმის სტიმულირებას იწვევს. ევროპა აგრძელებს ანკარას ევროკავშირში სწრაფვის იგნორირებას. პაკისტანში მიმდინარე მოვლენებმა კი, თურქეთის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, გენერალ მუშარაფის ბედის ამარა დატოვება იმის ნიშანია, თუ როგორ მფარველობს დასავლეთი მის პროდასავლელ მოკავშირეებს. ამიტომ, თურქეთმა გადაწყვიტა, რომ მისი რეგიონალური უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი სატრანზიტო ენერგომარშრუტების დაცვაა. ესაა თურქეთის მიერ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მოსკოვის მხარდაჭერისა და აშშ-ის სამხედრო გემების თურქულ სრუტეებში (თითქოს “მონტროს კონვენციის” შეზღუდვების საბაბით) ომის დასრულებემდე არდაშვების ძირითადი მიზეზი.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რეგიონში დესტაბილიზაციის ხელშეწყობის ამერიკული პოლიტიკით გაღიზიანება ანკარასთვის ჯერ იმ ხარისახამდე არაა მისული, რომ მან ნატო-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ გალაშქრება გაბედოს. მიუხედავად ამისა, თურქეთის ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის ერაყის “დაქუცმაცების” გეგმა და შედეგად, ნავთობის და გაზის სერიოზული მარაგების ეკონომიკურ საფუძველზე, ქურთული სეპარატიზმის გააქტიურება. აშკარაა, რომ ერაყი არ იქნება ქურთული სეპარატიზმის ერთადერთი მსხვერპლი, რადგან ქურთები, კავკასიიდან შუა აღმოსავლეთამდე, ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ და თურქეთი, სავარაუდოდ, სეპარატიზმის უმთავრესი სამიზნე იქნება.
2013 წლის 14 სექტემბერს, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ბრიუსელში, „ევროპის ენერგოპოლიტიკა - მეტი სოლიდარობის მიმართულებით“ კონფერენციაზე გამოსვლისას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, არ მოაწერონ ხელი კონტრაქტებზე რუსულ ენერგოგიგანტთან იმ სახით, როგორითაც ისინი ამჟამადაა გაფორმებული. მეტიც, ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა ლიტვა, ფასთასხვაობის დაბრუნების მოთხოვნით, სტოკჰოლმის არბიტრაჟში „გაზპრომთან“ სასამართლო დავას აწარმოებს. ევროკომისია კი, დიდი ხანია, რუსული გაზის კორპორაციის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას ატარებს.
ამ გამოძიების შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით, ევროკომისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც 2015 წლიდან, რუსული გაზის მომხმარებელმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, „გაზპრომთან” აღარ უნდა გააფორმონ გაზმომარაგების ხელშეკრულებები ყბადაღებული „აიღე, ან გადაიხადეს“ პრინციპით, რაც რუსული მხარისთვის წლის განმავლობაში არა მარტო მიწოდებული, არამედ, დაკონტრაქტებული, მაგრამ მოუხმარებელი გაზის საფასურის ანაზღაურებასა და მიუღებელ გაზზე ჯარიმებსაც გულისხმობს. პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ზემოაღნიშნულ გამოსვლისას პირდაპირ მიუთითა, რომ რუსული გაზის ფასები არასაბაზრო პრინციპებითაა დადგენილი. მანვე აღნიშნა, რომ თხევადი გაზის წარმოებისა და მისი უსაფრთხო ტრანსპორტირების დაწყება, აირს „ბუნებრივი მონოპოლიის“ სტატუსიდან ფართო მოხმარების საქონლად აქცევს, რითიც საერთაშორისო თანამეგობრობას საშუალება მიეცემა, საქონლით ვაჭრობის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები გაავრცელოს ყველა სახის გაზზე, რაც ხელს ბუნებრივი აირის გლობალური ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს.
ევროპას გაზით ჩრდილოეთევროპული, ჩრდილოეთაფრიკული და რუსული („პირველი“, „მეორე“ და „მესამე დერეფნები“) გაზსადენები ამარაგებენ. ე.წ. რუსული დერეფნის უახლოესი კონკურენტი პროექტირების სტადიაზე მყოფი კასპიისპირეთი-თურქეთი-ევროპის „მეოთხე დერეფანია“. ამ „დერეფნის“ შემავსებელი, „სამხრეთკავკასიური გაზსადენი“ (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) საქართველოზე გადის. თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ერზერუმთან, დაპროექტებული „ტრანსანატოლიური“, ანუ „ტანაპის“ გაზსადენი (ერზერუმი-ევროკავშირის საზღვარი), აზერბაიჯანულ „შაჰ-დენიზი 2“-ის გაზს სწორედ „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ მიიღებს, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელობას ზრდის. თურქეთ-ევროკავშირის საზღვარზე „ტანაპი“ „ტრანსადრიატიკულ გაზსადენს“ („ტაპი“) შეუერთდება და ამ გაზს საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრეატიკის ფსკერის გავლით, ევროპის სამხრეთში, იტალიაში მიიტანს. ამიტომ „სამხრეთკავკასიური გაზსადენი“, „ტანაპი“ და „ტაპი“რუსეთის ტერიტორიის გვერდის ამქცევნი, ანუ ევროპის ბაზარზე „გაზპრომის“ ალტერნატიული მეოთხე - „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაზსადენები არიან.
აღნიშნულ „დერეფანს“ თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი დახმარებით, ევროპის გაზმომარაგების „ჰაბი“ ხდება. თურქეთი ცდილობს, ეს ევროკავშირში ინტეგრაციის მრავალწლიანი ოცნების ახდენის ბერკეტად გამოიყენოს... თურქული გამოცემა „საბაჰის“ მიერ 2013 წლის 2 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ტანერ ილდიზმა განაცხადა, რომ „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ - „ტაპის“ კონსორციუმმა სახელმწიფო მილსადენ კონცერნს „ბოტაშს” ამ გაზსადენში დამატებითი წილის შეძენა კვლავ შესთავაზა. მანამდე „ტაპში“ თურქულ კონცერნს 15%-იანი წილი შესთავაზეს. ამჟამად „ტაპის“ კონსორციუმის კაპიტალი შემდეგნაირადაა განაწილებული: „ბი-პი“ (დიდი ბრიტანეთი), „სოკარი“ (აზერბაიჯანი) და „სტატოილი“ (ნორვეგია) 20-20 პროცენტს ფლობენ, „ფლაქსისი“ (ბელგია) - 16%, „ტოტალი“ (საფრანგეთი) - 10%, „ე.ონი“ (გერმანია) - 9% და „აქსპო“ (შვეიცარია) - 5%. „ტაპში“ ჯერ არ აცხადებენ, თუ ამ წილებიდან რა დათმობით კომბინაციას შესთავაზებენ თურქეთის სახელმწიფო კომპანიას.
მართალია, თავდაპირველად „ტაპით“ ევროპაში წლიურად 10 მლრდ კუბმეტრი გაზის მიწოდებაა გათვალისწინებული, თანაც ეს გაზი იმ რეგიონში მივა, სადაც „გაზპრომის“ კონკურენტული ინტერესები ნაკლებად დაზიანდება, მაგრამ თვით რუსულის ალტერნატიული გაზსადენის არსებობა მოსკოვის გეოპოლიტიკურ მიზნებს ეწინააღმდეგება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კასპიისპირეთიდან ევროპის გაზმომარაგების ერთი არარუსული მარშრუტის გახსნაც კი, გაზმომარაგების სხვა ალტერნატივების გაჩენას „დომინოს პრინციპით“ გამოიწვევს.
ასეც ხდება: „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის სახელმწიფო ენერგორეგულატორმა სტამბულის ენეგოკომპანია „სიაკელემზე”, 2014 წლიდან ერაყის ქურთისტანიდან თურქეთში გაზის იმპორტზე, პირველი 26-წლიანი ლიცენზია გასცა. პირველ წელს 700 მლნ კუბმეტრი ქურთული გაზის იმპორტია გათვალისწინებული, 2033 წლისთვის კი, მისი იმპორტი წლიურად 3.2 მლრდ კუბმეტრს მიაღწევს. აღნიშნული სიახლე თურქეთის დინამიურად განვითარებადი ეკონომიკის გაზზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს. 2012 წლის მონაცემებით, ენერგომოხმარების მხრივ, თურქეთმა უკან ჩამოიტოვა ამ მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილზე მყოფი დიდი ბრიტანეთი. ამავე დროს, აღნიშნული ხელშეკრულება მოწმობს თურქეთისა და ქურთისტანის მზარდ თანამშრომლობას. საქმე ისაა, რომ ქურთისტანი ფლობს ერაყის გაზის მარაგების 89%, ანუ 2.89 ტრლნ კუბმეტრ გაზს. ამჟამად ამ გაზის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა მოიპოვება, რაც რეგიონში ელექტროგენერაციას ხმარდება.
ზემოაღნიშნული კონტრაქტი, გარიგების შედარებით მოკრძალებული მოცულობის გათვალისწინებით, ქურთული გაზის მომავალი ექსპორტის დასაწყებად შეიძლება, „საცდელ ნიმუშად“ ჩაითვალოს. ქურთისტანის გაზის რესურსები თურქეთსა და ევროკავშირში განიხილება, როგორც „პრობლემური“ თურქმენული და ირანული გაზის მარაგების ალტერნატივა. თუკი ჩრდილოეთ ერაყიდან თურქეთში და იქიდან დასავლეთისკენ გაზის რეექსპორტი მოხერხდება, ეს ტრანსევროპული გაზის პროექტების (მაგალითად, „ნაბუქო“) „რეანიმაციის“ მაუწყებელი იქნება. ამდენად, ქურთისტანის გაზის მომავალმა ექსპორტმა შესაძლოა, შეცვალოს ევროპისა და ევრაზიის გეოეკონომიკური რუქა. ეს მით უმეტეს აქტუალურია, რომ უკვე ევროპის გაზმომარაგების სირია-ლიბანის მარშრუტის “მეხუთე დერეფნის” კონტურებიც იკვეთება.
ირანის ფაქტორი
ბევრი ირანელი ანალიტიკოსი 2008 წლის აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოვლენებსა და სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მობილიზაციას ერთმანეთს უკავშირებს. მათი აზრით, კავკასიის მოვლენები ირანზე თავდასხმის პრელუდია იყო. ირანში, ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, აღიქვეს საქართველოს, როგორც ირანის საწინააღმდეგო სამხედრო პლაცდარმის დასუსტება და შესაბამისად, ირანის საწინააღმდეგო ოპერაციის გადადების მიზეზი. ამასთან, ირანმა, ომის შემდეგ, დაიწყო ევროპის ენერგობაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების ახალი შესაძლებლობების ძიება. ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დროს, ირანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” საქართველოს სეგმენტს არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე თურქულ სეგმენტს და შესაბამისად, მისი ფუნქციონირების შეჩერებაა ის მიზეზი, რამაც უნდა გამოიწვიოს პროექტის უსაფრთხოების თავიდან გადაფასება. ირანში მიაჩნიათ, რომ “ნეკა-ჯასკის” ირანული საექსპორტო ნავთობსადენი შესაძლოა., “1ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ალტერნატივად გამოდგეს. მეტიც, ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ნავთობსადენის შესაძლებლობების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მიმდინრეობს და რუსეთი და ყაზახეთი მზად არიან, პროექტში ჩაერთონ.
დასავლეთის მიმართულების პრობლემების გამო, ომის დამთავრებისთანავე, ანუ 2008 წლის 26 აგვისტოს, აზერბაიჯანმა თავისი ნავთობის ირანში სატრანზიტო მიზნით გადატვირთვა დაიწყო, 2009 წლიდან კი, ირანს მიეწოდება აზერბაიჯანული გაზიც. ეს ქვეყანა აქტიუარდ იყენებს ევროპაზე ზეწოლის ფორმულას: “პოლიტიკური მხარდაჭერა ენერგიისათვის”. ევროპელი ექსპერტების აზრით, მარკეტინგული კვლევა გვიჩვენებს, რომ ევროპას მთლიანად სჭირდება აზერბაიჯანის, ერაყის, ირანის და თურქმენეთის გაზი (ევროპა ამ საწვავის მთლიანად “ნაბუქოს” მილით მიღებითაა დაინტერესებული). ამასთან, თეირანში ამტკიცებენ, რომ კასპიის სტატუსის პრობლემის არსებობის პირობებში, “ნაბუქოს” გაზით შევსება, ირანის რესურსების გარეშე, წარმოუდგენელია. საერთაშორისო სანქციების მოქმედების მიუხედავად, კასპიის ნახშირწყალბადების ათვისებაში ირანსაც სერიოზული წარმატებები აქვს. საყურადღებოა, რომ ბოლო ორ წელში, მსოფლიოში განხორციელებული 5 უმსხვილესი გეოლოგიური აღმოჩენის სიაში, სწორედ ირანი ლიდერობს. ქვეყანა, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება, კვლავ „ნავთობდოლარების” იმედათაა. 2012 წლის დეკემბერში, ირანის ნავთობის ექსპორტმა, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ, უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულს ანალიტიკოსები ჩინეთის მხრივ მოთხოვნის სწრაფ ზრდას უკავშირებენ. როგორც ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ჩინეთში კვლავაც შეეცდებიან, გაზარდონ ირანული ენერგორესურსების იმპორტი, ვინაიდან „...ამის გამო არავინ არაფერს გააკეთებს - როგორც ჩანს, ობამამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ირანთან ომს არ აპირებს.”
შეგახსენებთ: აშშ-მ და ევროკავშირმა ირანს მკაცრი სანქციები ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შესაჩერებლად დაუწესეს. თავად ირანის ხელისუფლება გამუდმებით იმეორებს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს და ეს პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის სჭირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თეირანი მიიჩნევს, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება. აშშ-ის და ისრაელის მხრიდან ირანზე სამხედრო თავდასხმის ალბათობა კვლავ არსებობს. ამიტომ, ანალიტიკოსები ხაზს, რომ თავდასხმა ირანის თეოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ კი არა, ბირთული ირანის, როგორც არაბული ქვეყნების ისტორიული მეზობლის დამარცხებისკენ იქნება მიმართული.