[ლელა კობერიძე]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყლის ტარიფის შემცირებას ამჯერად „რესპუბლიკელები“ სთხოვენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ტარიფი უკანონოდ არის გაზრდილი, ვინაიდან შეუძლებელია ადამიანმა დღეში 800 ლიტრი წყალი დახარჯოს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ საშუალოდ, 5-სულიანმა ოჯახმა 4 ათასი ლიტრი უნდა მოიხმაროს.
„რესპუბლიკელები“ თბილისის წყალს საპრივატიზაციო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის თქმით, მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ტარიფი სამ ლარამდე 2014 წელს უნდა გაზრდილიყო, შესაბამისად, წყლის ტარიფის გაზრდა უკანონოა.
ხიდაშელის თქმით, ხელშეკრულების მეთერთმეტე მუხლში გარკვევით წერია, რომ 2011 წელს წყლის გადასახადი 2,95 ლარი უნდა ყოფილიყო და არა ის თანხა, რასაც დედაქალაქის მოსახლეობა დღეს იხდის. იმავე მუხლის თანახმად, თბილისში წყლის გადასახადი 2012 წელსაც 2,95 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო 2014 წელს კი 3,3 ლარი უნდა შეადგინოს. დედაქალაქის მოსახლეობა წყალზე სულადობის მიხედვით გადასახადსაც უკანონოდ იხდის. ამასთან, უკანონოა მრიცხველის დამონტაჟებისთვის გადასახადის მოთხოვნა. საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია კი ამ ხელშეკრულებას ასაიდუმლოებენ, რადგან სახეზეა მათი მხრიდან ჩადენილი დანაშაული.
„უკანონო იყო წყლის ტარიფის გაზრდა ასევე ერთი ფაქტორის გათვალისწინებით. ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ დადგენილი ტარიფების გადახედვა დასაშვებია ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილების შემთხვევაში“, - განაცხადა ხიდაშელმა. მისივე თქმით, უკანონოა მრიცხველის დამონტაჟებისათვის გადასახადის მოთხოვნა, რადგან ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ მრიცხველის დამონტაჟებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებელთა დამატებითი დანახარჯები.
გარდა ამისა, სემეკის დადგენილებაში გარკვევით წერია, რომ მრიცხველი გამანაწილებელმა ლიცენზიანტმა საკუთარი ხარჯებით უნდა დააყენოს.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ირაკლი აბესაძის თქმით, თინა ხიდაშელის განცხადებები არც კანონმდებლობით და არც კომპანიასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით დასაბუთებული არ არის. მისი თქმით, წყლის ტარიფის მომატება კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანიის მიმართვის შემდეგ განხორციელდა.
„ხელშეკრულება კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. მე კარგად ვიცნობ ამ ხელშეკრულებას. დღეს მოქმედ ტარიფს რომ ეწინააღმდეგებოდეს, ასეთი ჩანაწერი ხელშეკრულებაში არ არსებობს“, - აცხადებს აბესაძე.
„თბილისის წყლის“ „მულტიპლექს ჯორჯიასთვის“ მიყიდვის განკარგულბას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 24 ნოემბრს, გადადგომიდან ზუსტად ერთი დღით ადრე მოაწერა ხელი. კომპანიამ „თბილისის წყლის“ 100%-იან წილში 85 მილიონ დოლარი გადაიხადა. „რუსთავწყალკანალში“ - 10 მილიონი დოლარი, ხოლო „საქწყალკანალსა“ და „მცხეთაწყალკანალში“ - 662 ათას დოლარი.
გარდა ამისა, სააკაშვილმა მყიდველს ხელშეკრულებაში ტარიფებიც განუსაზღვრა, რომელსაც თან განკარგულებაც დაურთო. სააკაშვილის გადაწყვეტილებით წყლის ტარიფი ყოველ წელს ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, „თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ პრეზიდენტის განკარგულებით გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრება არა უმეტეს შემდეგი ოდენობისა: 2008 წელს - 2,4 ლარი, 2009 წელს - 2,6 ლარი, 2010 წელს - 2,95 ლარი, 2011 წელს- 2,95 ლარი, 2012 წელს - 2,95 ლარი, 2013 წელს - 2,95 ლარი, 2014 წელს - 3,3 ლარი, 2015 წელს - 3,5 ლარი, 2016 წელს - 3,7ლარი, 2017 წელს - 3,9 ლარი, 2018 წელს - 4,1 ლარი.
გამრიცხველიანებული მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე ასე განისაზღვრა: 2008 წელს - 0,1 ლარი, 2009 წელს- 0,22 ლარი, 2010 წელს - 0,25 ლარი, 2011 წელს - 0,25 ლარი, 2012 წელს - 0,25 ლარი, 2013 წელს - 0,25 ლარი, 2014 წელს -0,28 ლარი, 2015 წელს - 0,297 ლარი, 2016 წელს - 0,313 ლარი, 2017 წელს - 0,33 ლარი, 2018 წელს - 0,347 ლარი.
პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ტარიფების გადახედვა დასაშვებია ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებების შემთხვევაში, რომელიც გავლენას მოახდენს წყალმომარაგების საექსპლოატაციო დანახარჯებზე, ან სახელმწიფოს მიერ წყალაღებაზე არსებული მოსაკრებლის ცვლილების შემთხვევაში. მოსახლეობის გარდა, ყველასხვა მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 2008 წლიდან 2018 წლის ჩათვლით დარჩება უცვლელი - 4,4 ლარი. ანალოგიური ტარიფები იმოქმედებს მცხეთაშიც.
იგივე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ქალაქის 24-საათიანი წყლით მომარაგება 2011 წლიდან უკვე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას თქმით, მსოფლიოში მტკნარი წყლის დეფიციტი იზრდება, ასე რომ, ეს საქმე საკმაოდ მომგებიანია.
„არ მესმის პრეზიდენტი წყლის ტარიფს რატომ ადგენს. მალე საქართველოში ტარიფი ისეთივე იქნება, როგორიც არის ქუვეითში და დუბაიში, სადაც წყლის ნაკლებობაა. ამავე დროს, დაიწყება წყლის გაყიდვა, პირდაპირი მნიშვნელობით“,- ამბობს გიორგი გუგავა.
რაც შეეხება გამრიცხველიანებას, გლდანში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მრიცხველები გაცილებით წყლის ნაკლებ ხარჯვას აღრიცხავენ, ვიდრე ეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ჯორჯიამ“ თბილისელებს განუსაზღვრა. ამიტომაც კომპანია ცდილობს, რომ მრიცხველების დამონტაჟების საკითხი თავიდან აირიდოს და არასწორად გათვლილი ტარიფით მეტი შემოსავალი მიიღოს.