100 გვერდიანი საბრალდებო დასკვნის წარდგენის ფონზე, ჭიაბერაშვილი წიგნს კითხულობდა, კახიძეს ჩაეძინა

100 გვერდიანი საბრალდებო დასკვნის წარდგენის ფონზე, ჭიაბერაშვილი წიგნს კითხულობდა, კახიძეს ჩაეძინა

ბრალდების მხარემ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ 100 გვერდიანი საბრალდებო დასკვნა დადო. ე.წ. დასაქმების საქმესა და კვარიათის აგარაკზე კი, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 21 თებერვლამდე გამოიტანს.

პროკურატურამ ყოფილ ჩინოვნიკებს ბრალი გუშინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში წაუყენა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მანამდე კი დღეს, პროკურორები ხუთი საათის განმავლობაში, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის საბრალდებო დასკვნას კითხულობდნენ, რა დროის განმავლობაშიც, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი გოგი გვახარიას წიგნს - „ცრემლიანი სათვალე“ კითხულობდა, მის ადვოკატს ოთარ კახიძეს კი ჩაეძინა, რომელიც მანდატურმა გამოაფხიზლა.

სასამართლო სხდომას პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი არ დასწრებია, მაგრამ „ქვეყნის ხერხემლად“ წოდებული ნაციონალის „საგმირო საქმეებზე“ პროკურორებმა ისაუბრეს.

ბრალდების მხარის ცნობით, კვარიათის აგარაკზე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, ვანო მერაბიშვილმა მოქალაქე ზურაბ ლობჟანიძეს ჩამოართვა, მერაბიშვილის ოჯახთან ერთად ხშირად დათა და ბაჩო ახალაიები ისვენებდნენ.

ამას გარდა, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული აგარაკი მის კანონიერ მესაკუთრეს 2013 წლის 20 მაისს დაუბრუნდა, თუმცა, მანამდე აგარზე 157 000 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, ეს თანხები კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიფარა, მაშინ როდესაც, აგარაკი უწყების ბალანსზე არ ირიცხებოდა.

მათი ცნობით, აგარაკს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა როგორც საყოფაცხოვრებო დონეზე, ასევე გასართობი საშუალებების მოწყობის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდების მხარის ცნობით, აღნიშნული აგარაკის მოვლა-პატრონობისთვის დაქირავებული ორი პიროვნება კუთვნილ ხელფასს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებდა.

„მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ როდესაც, ვანო მერაბიშვილი აღნიშნულ აგარაკზე პირველად მისულა, მას ორი სანდო პირის შერჩევა მოუთხოვია, რომელთაც ამ აგარაკის მოვლა-პატრონობაზე უნდა ეზრუნათ“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა.

სონღულაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართღლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დეტალურად მიმოიხილა და გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლოს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დაუდასტურა.

„იმედი გვაქვს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ვანო მერაბიშვილს ცხრათვიანი საპატიმრო ვადა 21 თებერვალს იწურება, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ თარიღამდე უნდა იქნეს მიღებული“, - განუცხადა for.ge-ს სონღულაშვილმა, რომელსაც კოლეგებთან ერთად დაცვის მხარე მკაცრად აკრიტიკებს და კომპეტენციას უწუნებს.

ყოფილი ჩინოვნიკების ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის შეფასებით, ხუთსაათიანი დაკვნითი სიტყვა ბუნებაში არ არსებობს.

„მსგავსი მოცულობა პირველად მოვისმინე, თუმცა, ამ სასამართლოში 3 969 მოწმეც ჰყავდათ. დღეს, პროკურორი მონდომებული კითხულობდა თუ რა განაცხადა ერთმა მოწმემ, ან მეორემ, მაგრამ არანაირი ანალიზი თუ რა დანაშაულს ედავებიან ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშილს არ მოგვისმენია. პროკურატურამ თავისი უსუსური ბრალდებები გაიმეორა. განსაკუთრებით კომიკური აგარაკის ეპიზოდი იყო და ველოდი, რომ ამ ეპიზოდის ბრალდებაზე უარს იტყოდნენ, რადგან მტკიცებულებები არ არსებობს. მათ თქვეს, რომ თურმე, ერთ-ერთმა დარაჯმა ჩვენება მისცა, თუ როგორი ყიჟინით შევარდა თეიმურაზ პატარიძე აგარაკის ტერიტორიაზე და ყვიროდა ამ აგარაკზე ვანო მერაბიშვილის დავალებით მოვედიო. ფაქტია, რომ ახალგაზრდა პროკურორები ხელისუფლების დავალებების შემსრულებელები არიან“, - განაცხადა ოთარ კახიძემ, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა და თან გაეხუმრა - „შენ ხარ მოსაკლავი, რადგან ეს ახალგაზრდა პროკურორები შენი დატრეინინგებულები არიან“.

დაცვის მხარის მსგავსად, პროკურორებს კომპეტენციას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრიც უწუნებს და ამბობს, რომ ბრალდების მხარემ თავის საბრალდებო დასკვნაში მტკიცებულებების ფონზე ბრალდება უკეთესად უნდა წარადგინოს, მაგრამ პროკურატურამ იგივე დასკვნა დადო, რაც მაისშივე იყო ცნობილი.

„მოყვანილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები არანაიარდ არ შეესაბამება იმას, რაც სასამართლო პროცესზე ვიხილეთ. ფაქტიურად, იგივეს გადამღერება ხდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთის მხრივ, ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე და მეორეს მხრივ, პროკურორებთან მიმართებაში სრულიად არაპროფეიონალიზმთან გვაქვს საქმე. სასამართლო პროცესის განმავლობაში ისეთი რამეები ითქვა - რაღაც დეტალები, რაც პროკურატურას არც უნდა გაემეორებინა. ადგილი პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აქვს“, - განუცხადა for.ge-ს ჭიაბერაშვილმა, რომელიც სასამართლო სხდომის განმავლობაში ან იცინოდა, ან წიგნს კითხლობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გოგი გვახარიას წიგნის კითხვა დაასრულა, ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილთან „კრესტიკ-ნულიკით“ ერთობოდა.

საგულისხმოა ერთი დეტალი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საზოგადოებას „ცრემლიანი სათვალის“ წაკითხვას ურჩევს, მაგრამ საინტერესოა ის, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგი გვახარიას ბლოგი „გვამების ლაბირინთი“ თავად თუ წაიკითხა?!