ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე ენერგოკრიზისია. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და ტერიტორია შესაძლოა, სრულად ჩაბნელდეს. მიზეზი ისაა, რომ ენგურჰესში წყლის დონე კრიტიკულ დონეზეა, ხოლო წყალსაცავში შემოდინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, ენგურჰესი უკვე სეპარატისტების მადას 1/3-ითაც ვერ აკმაყოფილებს და რაც დრო გავა ვითარება უფრო დამძიმდება. რუსეთიდან ელექტროენერგიის შესაძენად ე.წ მთავრობას ფული აღარ აქვს.
ენერგეტიკის სფეროში შექმნილ მძიმე მდგომარეობას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ საგანგებო უწოდა. „ენგურჰესის კაშხალში დონემ ავარიულ დონეს მიაღწია. წყლის შედინება დაბალია და წამში მხოლოდ 40 კუბურ მეტრს შეადგენს. ამიტომ ენგურჰესი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაჩერდეს. იძულებული ვართ, გავზარდოთ გრაფიკის ხანგრძლივონა და ელექტროენერგიის იმპორტი“, – განაცხადა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა.
ელექტროენერგიის დეფიციტის გამო აფხაზეთი 1-ლი ნოემბრიდან დენს რუსეთიდან ყიდულობს, რისთვისაც თანხა ამოეწურა. ამიტომ დე ფაქტო მთავრობა იძულებულია საფასურის გადასახდელად ყველა გადასახდელი, მათ შორის, ბიზნესხარჯები და მიზნობრივი პროგრამები შეაჩეროს. კერძოდ, აფხაზეთმა 28 ნოემბერს რუსეთში 80 მლნ რუბლი გადარიცხა, რაც მიწოდებას მხოლოდ 5 დეკემბრამდე უზრუნველყოფდა. ამჟამად, აფხაზურ მხარეს რუსული დენის შემდეგი გადასახადისთვის ფული აღარ დარჩა. გამოდის, რომ 1-2 დღეში რეგიონი, შესაძლოა, სრულად ჩაბნელდეს.
საყურადღებოა ის ფაქტორიც, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2016 წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 1 მლრდ კვტ/სთ-ით, რაც კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ არაეფექტური ბრძოლის შედეგია.
სხვათა შორის, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დენის ნაკადის მისაღებად რუსეთის სხვა ქვეყნებით, კერძოდ, თურქეთით, აზერბაიჯანითა და სომხეთით ჩანაცვლებას განიხილავდა. გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანსუღ ნანბა, „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი, ტიმურ ჯინჯოლია და „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორი, ლევან მებონია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაისვა საკითხი სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის შეძენის შესაძლებლობის შესახებ.
„დისკუსია ეხებოდა, იყო თუ არა შესაძლებელი ელექტროენერგიის შეძენა რომელიმე სხვა ქვეყანაში. განიხილებოდა ნაკადის მიღების შესაძლებლობა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, მაგრამ ფასები, რუსეთთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა“, - განაცხადა ბგანბამ.
ენგურჰესის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ ოკუპირებულ რეგიონს მიაწვდიან დენის მცირე რაოდენობას, რის საშუალებასაც ჰესი მისცემს, მაგრამ ის, რომ ელექტროენერგია შეიძინონ და აფხაზეთი იმპორტირებული ელექტროენერგიით მოამარაგონ, ამ ნაბიჯის გადადგმას ქართული მხარე არ აპირებს. გალისა და ოჩამჩირის ელექტროენერგიით მომარაგებას კი შეზღუდული რესურსით გააგრძელებენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული ვითარების საგანგებოდ შეფასების ფონზე, „ენგურჰესი“ წარმომადგენლობა აცხადებს, რომ რეგიონისთვის მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი მოცულობის ელექტროენერგია იქნება მიწოდებული. ზამთრის თვეებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა დღე-ღამეში დაახლოებით, 2,5-3 მლნ კვტ.სთ იქნება.
„მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ენგურჰესიდან და ვარდნილჰესიდან აფხაზეთმა 325 641 874.90 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო. ანალოგიური მაჩვენებელი მთელი წლის ჭრილში (ნოემბრის ჩათვლით) 1 769 024 599.39 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.
ენგურჰესი და ვარდნილჰესი მუშაობას განაგრძობს და შესაბამისად, აფხაზეთს მიაწვდის მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი მოცულობის ელექტროენერგიას, რაც ზამთრის თვეებში დღე-ღამეში, დაახლოებით, 2,5-3 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს“, - აცხადებენ „ენგურჰესში“.
ოკუპირებულ აფხაზეთს ზამთრის პერიოდში დღე-ღამეში დაახლოებით 8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია ესაჭიროება.