საქართველოს მთავრობა არავის არაფრისგან იცავს და რა გასაკვირია, რომ გარემოს და ბუნებას მომეტებული სისასტიკით ეპყრობოდეს. ნაციონალურმა ხელისუფლებამ აწ უკვე დაცული ტერიტორიების პრივატიზებისგან გადაწყვიტა შეთხელებული ჯიბის შევსება. გარემოს დამცველებმა საფრთხე წინასწარ უკვე იგრძნეს.
გარემოს დამცველი ექსპერტები დაცული ტერიტორიების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში გადატანის გეგმებს ამ ტერიტორიების მოსალოდნელ პრივატიზებას უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების ჩამონათვალიდან ამოღება პრივატიზების შესახებ კანონში ცვლილებების დროსაც მზადდებოდა, თუმცა მაშინ მოახერხდაგარკვეული ზეწოლა და ტერიტორიები პრივატიზებას გადაურჩა.
ახლა კი ვითარება კვლავ უარესობისკენაა შეცვლილი. გარემოს დამცველები უკვე აღარ გამორიცხავენ, რომ დაცული ტერიტორიების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში გადატანა სწორედ პრივატიზებას უკავშირდება და ხელისუფლება სწორედ ახლა განახორციელებს მათ აუქციონზე გატანას.
დაცული ტერიტორიების პრივატიზებას ექსპერტები დაუშვებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს გამოიწვევს კოლაფსს. მათი აზრით, დაცული ტერიტორიები არ არის ტურიზმის წყარო, არამედ ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის ტერიტორიების კონსერვაცია, რასაც დაცვა სჭირდება.
თუ როგორ ესმით მთავრობაში დაცული ტერიტორიების არსი და საერთოდ საქართველოს ელემენტარული გეოგრაფია, ეს კარგად ჩანს ენერგეტიკის სამინისტროს დამოკიდებულებაში.
“ენერგეტიკის სამინისტრომ ტბა ფარავანზე დაცული ტერიტორიის შექმნაზე უარი მხოლოდ იმიტომ განაცხადა, რომ ერთმანეთისგან ტბა და მდინარე ვერ გაარჩია”, - აცხადებს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი.
“საქართველოს უდიდეს ტბა ფარავანზე დაცული ტერიტორია უნდა შექმნილიყო, რომლისთვისაც გერმანიის მთავრობამ დაფინანსებაც კი გამოყო, მაგრამ ენერგეტიკის სამინისტრომ უარი თქვა, იმ მოტვით, რომ ფარავანზე ჰესს აშენებს, რის გამოც დაცული ტერიტორია ვერ შეიქმნება. ამ დროს კი არც ერთ სამინისტროში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ეთქვა, რომ არსებობს მდინარე ფარავანი და ტბა ფარავანი და ეს ჰესიც ტბიდან 40 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ფარავანზე კეთდება”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
თუმცა, შესაძლოა, გარემოს დაცვის სამინისტროში მართლაც არჩევდნენ ტბას მდინარისაგან, მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს. საქმე ისაა, რომ ხაჩიძის უწყება, პრაქტიკულად, ”ცარიელი ადგილია”.
მაჭარაშვილის შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებთან ვასალური დამოკიდებულება აქვს, რატომღაც ითვლება, რომ ყველაფერზე თავი უნდა დახარონ და მათ კვერი დაუკრან.
”გარემოს დაცვის სამინისტროში ეშინიათ, თუ რამეზე არ დაეთანხმებიან, სამსახურიდან გაუშვებენ. მისი დაშლის ერთ-ერთი ფაქტორიც სწორედ ვასალური დამოკიდებულება გახდა”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საერთოდაც, ექსპერტები კონტროლის პალატას მოუწოდებენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიების გაცემის საკითხით დაინტერესდეს.
”საინტერესოა, თუ რის მიხედვით ადგენენ ამ უწყებაში ლიცენზიის საწყის ფასს. არსებული კრიტერიუმები ირღვევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც მიდის და ეუბნება მსურველს, რომ ლიცენზიას აიღებს, თუ მას მის მიერვე შეთავაზებულ ფასს დაადებენ”, - აცხადებენ ექსპერტები.