2006 წლიდან 2013 წლის 1-ელ ნოემბრამდე, საქართველოში 42 610 548 რაოდენობის „კოდეინის“ შემცვლელი კომბინირებული პრეპარატების იმპორტი განხორციელდა. საუბარია, იმ ფსიქოტროპულ და ფსიქოაქტიურ მედიკამენტებზე, რომელთა გამოყენებით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანები „კრაკადილსა“ და „ჯეფს“ ამზადებენ.
იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციამ საგანგაშო სახე მიიღო, საქართველოს მთავრობამ კანონმდებლობის გამკაცრების პარალელურად, პარლამენტს იმპორტირებული მედიკამენტების სტატისტიკა წარუდგინა.
კერძოდ, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, 2006 წელს, ქვეყანაში „კოდეინის“ შემცვლელი სამკურნალო საშუალებების 666 240 ერთეული რაოდენობა შემოვიდა, ეს რაოდენობა წლების განმავლობაში საგრძნობლად მატულობდა და თუ 2007 წელს - 389 380 ერთეული შემოვიდა, 2008 წელს ეს რაოდენობა - 2 633 162 ერთეულამდე გაიზარდა, 2009 წელს - 5 489 200 ერთეულამდე, 2010 წელს - 7 725 256 ერთეულამდე, 2011 წელს - 3 524 290 ერთეული იყო, 2012 წელს რეკორდული მაჩვენებელი - 14 758 360 ერთეული დაფიქსირდა, ხოლო 2013 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, იმპორტი 7 424 660 ერთეულით განისაზღვრა.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 2012 წელს, საქართველოში იმპორტირებული 14 758 360 აბი საკმარისი იყო 4 919 453 ინექციისთვის (ერთი ინექციისთვის საშუალოდ საჭიროა სამი აბი) და რადგან, საქართველოში ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 45 000 ადამიანით განისაზღვრება, ერთ მომხმარებელზე წელიწადში, საშუალოდ, დაახლოებით 109 ინექცია განხორციელდა.
ზემოთაღნიშნული მონაცემების გარდა, საყურდღებო ის კვლევაა, რომელიც ბოლო თვენახევრის განმავლობაში ჩატარდა. კერძოდ, მთავრობის ცნობით, 27 ავტორიზირებული აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე, კანონდარღვევით 3 447 946 ერთეული „კოდეინის“ შემცვლელი პრეპარატია გაცემული, რის გამოც, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის გამკაცრება გადაწყვიტა.
„პრაქტიკა ადასტურებს, რომ დეზომორფინისა და ამფეტამინების მომზადებისთვის საჭირო ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტო გაცემის აღსაკვეთად, მხოლოდ ადმინისტრაციული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი. იმის მიუხედავად, რომ აფთიაქებისთვის ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაღალი სანქციების დაწესებას სასურველი ეფექტი არ მოჰყოლია“, - განმარტავს მთავრობა, რომელსაც მხედველობაში ის სანქციები აქვს, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის სანაცვლოდ, 2013 წლის ზაფხულზე შემოიღო.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით, საქართველოში ურთულესი მდგომარეობაა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, აფთიაქები და იმპორტიორები დიდ მოგებას ნახულობენ, რის გამოც, სააფთიაქო დაწესებულებების მფლობელებს უღირთ, ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელი წელიწადში რამდენჯერმე გადაიხადონ და საქმიანობა განაგრძონ.
„როცა, სამართალდარღვევის შემდეგ, აფთიაქს ლიცენზიაც ართმევენ, კანონმდებლობა ისეთი ხარვეზიანია, რომ მათ ხელახლა შეუძლიათ, სხვა იურიდიული პირის სახელით, იმავე მისამართსა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ობიექტი დაარეგისტრირონ“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე, რომელიც ყურადღებას ახალ საკანონმდებლო წინადადებაზე ამახვილებს, რომლის გათვალისწინებით, ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის პარალელურად, სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება ჩამოეთმევათ.
კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა გაკონტროლდება.
პროექტით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იმ ავადმოხმარებადი სამკურნალო საშუალებების ნუსხა (ისეთი სამკურნალო საშუალებები და პრეპარატები, რომელთა არადანიშნულებისამებრ გამოყენება სუფთა სახით ან სხვა ნივთიერებებთან ერთად, ნარკოტიკულ თრობას იწვევს) განისაზღვრება, რომლებზეც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისთვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები გავრცელდება.
ასევე კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის დროს, საქართველოს წლიური მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კვოტა განისაზღვრება და ამ ნივთიერებების ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას, ნებართვის აღების ვალდებულება იქნება საჭირო.
შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ზემოთ მითითებული ნივთიერებების შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, კვოტის განსაზღვრა სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ახალ გამოწვევებზე სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილება მიზნად ისახავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრას კოდეინის, ეფედრინის, ფსევროეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევისათვის.
კანონპროექტით, აღნიშნული ნივთიერების რეცეპტის გარეშე გაცემა აფთიაქისთვის - როგორც იურიდიული, ასევე მის უკან მდგომი ფიზიკური პირისთვის, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
პროექტით სიახლეა ისიც, რომ ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულ პირებს სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება ჩამოეთმევათ.
კერძოდ, ლევან იზორიას განმარტებით, ცვლილებებით, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ან ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ხელმწემწყობს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება ხუთი წლის ნაცვლად, ათი წლით ჩამოერთმევა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 10 წლის ნაცვლად, 15 წლით. ასევე მინისტრის მოადგილის თქმით, ნარკოტიკების გამსაღებელს საექიმო, სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება 15 წლის ნაცვლად, 20 წლით ჩამოერთმევა.
„შექმნილი ვითარების გამო, საკანონმდებლო პაკეტით გვსურს, ურეცეპტოდ ქიმიური ნივთიერებების გაცემა დაკავშირებული იყოს არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან. პლიუს, ასევე იურიდიულ და მის უკან მდგომ ფიზიკურ პირს, მათ შორის გამყიდველსაც რეალიზაციის შემთხვევაში სერიოზული პასუხისმგებლობა დაესკირება და დამატებით, მათ ფარმაცევტული და სააფთიაქო საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ“, - განმარტავს იზორია.
პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით უკვე მოხდა. კანონმდებლებმა ცვლილებები დადებითად შეაფასეს, მაგრამ ამავდროულად, განაცხადეს, რომ აფთიაქების სათანადო კონტროლი არ ხორციელდება და კანონების გამკაცრება ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, თუკი ადმინისტრირების მექანიზმები არ მოწესრიგდება. რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების პოზიციებს, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრას დღეს გამართავს და მათი პოზიციებიც ცნობილი გახდება, მაგრამ უკვე ცნობილია ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ „კრაკადილმა“ ქართველი ახალგაზრდები არ უნდა „შეჭამოს“ და პროცესი უნდა გაკონტროლდეს.