ნამოხვანჰესის პროექტი ჩავარდნის გამო, საქართველომ, ყველანაირ ზიანთან ერთად, დიდი ფინანსური დარტყმა მიიღო

ნამოხვანჰესის პროექტი ჩავარდნის გამო, საქართველომ, ყველანაირ ზიანთან ერთად, დიდი ფინანსური დარტყმა მიიღო

კომპანია ენკამ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. გარდა იმისა, რომ ნამოხვანჰესის ინვესტორთან წააგო ქვეყანამ, დიდი საფრთხეა, ეს სხვა ინვესტორებისთვისაც გახდეს სიგნალი და სასამართლო დავა მათაც გააჩაღონ.

ენკამ საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამოხვანჰესის 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა დახარჯული.

კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა. ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან.

გადაწყვეტილება უკვე გამოტანილია.

საქართველოს ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს.

გახსოვთ რა პროცესები უკავშირდებოდა და რის საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად, თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, ნამჯხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები. საეჭვო პირები იყვნენ ჩართული აქციებში და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული სამი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება გამოიკვეთოს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მწვანე ალტერნატივა იყო ჩართული.

უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი და ამის გამო ქვეყანას შეიძლება მოუწიოს ზარალის ანაზღაურება. ჯერ გრძელდება კიდევ დავა და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მწვანე ალტერნატივამ ირაკლი კობახიძესა და ექსპერტებს უპასუხა, რომლებიც ენკას მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაციას არასამთავრობო სექტორის ნაბიჯებს აბრალებენ. ორგანიზაციის თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე მიიჩნევს, რომ ნამოხვანჰესი პრობლემური საკითხი იყო.

ჰესი რომ აშენებულიყო, ყველა სცენარი რომ ამხდარიყო, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, მერე ვისთვის უნდა მოეკითხათ?! ნამოხვანი იყო პრობლემატური პროცესი, ჰესის მშენებლობა თუ შესაძლებელი იყო, ეს პროცესი კანონმდებლობის ქვეშ უნდა წარმართულიყო.

როდესაც ვლაპარაკობთ ასეთ დიდ პროექტებზე, ასეთი დიდი კონტრაქტების ხელმოწერა, ნებართვების გაცემა ისე, რომ არ არის შესწავლა დამთავრებული და კივილი იმაზე, რომ ეს არის პატრიოტიზმი, სწორი არ არის. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ენკა არის კომპანია, რომელიც რუსეთში ძალიან მიღებული კომპანიაა, რომელმაც კრემლი გაარემონტა და ამჟამად უამრავი დეველოპერული პროექტი აქვს მოსკოვში. მას არ აქვს არც ერთი დიდი ჰესის აშენების გამოცდილება, - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.

სრულიად საპირისპირო მოსაზრებაა ენერგეტიკის სექტორში. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენკას მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მოგებულ დავაში დამნაშავეები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ექსპერტების ნაწილმა ნამოხვანჰესის აშენებას ხელი შეუშალა.

დამნაშავეები არიან ექსპერტები, ვითომ დედამიწის ქერქის დამცველები, ვითომ მეწყრული სტიქიების დედოფლები და .. პირველ რიგში, მათთან უნდა მივიდეთ და მაგათ დავუსვათ კითხვები. მახსოვს მწვანე ალტერნატივა, რომელიც ამ პროექტს ებრძოდა, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას. გიორგი მარგებაძეს მიაჩნია, რომ მთავრობას ადამიანების ცნობიერების ამაღლებისთვის მეტად უნდა ემუშავა.

მთავრობას ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში მეტი უნდა ემუშავა. რა თქმა უნდა, ძალის გამოყენება და ეს უბედურება, რაც დღეს ხდება, არ უნდა მომხდარიყო, თუმცა სხვანაირად შეეძლო. შესაბამისად, სახელმწიფო შეცდომა ის იყო, რომ პროცესი თავიდან არ იყო სწორად დაგეგმილი. ინფორმაცია არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სრულიად მოსახლეობისთვის, ქუთაისის მოსახლეობისთვის, თბილისის, ზესტაფონის და .. უნდა მიეწოდებინათ, რა მნიშვნელობის არის ჩვენთვის მსგავსი ენერგეტიკული პროექტები, - აღნიშნა მან.