სტომატოლოგიური რეგულაციები იგვიანებს

სტომატოლოგიური რეგულაციები იგვიანებს

სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი ჯერ კიდევ არ დაწყებულა და ჯერჯერობით უცნობია როდის შეიცვლება ამ მიმართულებით ვითარება. ამასობაში კი აივ-შიდსით და ჰეპატიტებით დაავადებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, რომელტა დიდი ნაწილი სწორედ სტომატოლოგიურ კაბინეტებსა და სილამაზის სალონებში ინფიცირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე თემურ პირველაშვილი ამბობს, რომ კანონში ცვლილებები ჯერ არ შესულა, თუმცა სტომატოლოგიური კლინიკების კოტროლი კანონში ცვლილებების შესვლისთანავე დაიწყება.

ცვლილებებს ითხოვს ექიმთა ასოციაცია და სადაზღვევო  კომპანია „არდიც“. მათი გაცხადებით, ქვეყანაში სასტერილიზაციო  ნორმების შეუმოწმებლობა განსაკუთრებით კი სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ხშირად ხდება „ბე“ და „ცე“ ვირუსული ჰეპატიტის მიზეზი.

ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელის გია ლობჟანიძის განცხადებით, დაახლოებით 10–15 წელია ევროპაში სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მსგავსი დაავადებების გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდა და საქართველოშიც კლინიკების კონტროლი მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა დაიწყოს. თუმცა მონიტორნიგი კლინიკების ნაწილში უკვე მიმდინარეობს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, კლინიკებმა ჰიგიენური ნორმების გამკაცრება თავად დაიწყეს.

სანამ ვითარება კანონის დონეზე დარეგულირდება, სტომატოლოგიური მიმართულებით მეტად არასახარბიელო სიტუაციაა, განსაკუთრებით რეგიონებში.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა ცოტა ხნის წინ ზუგდიდში ჩატარდა და სავალალო ამბებიც გამოაშკარავდა. კვლევის მიხედვით, სტომატოლოგიური კაბინეტების ნახევარი ინსტრუმენტების დეზინფექციას არ აკეთებდა, მონიტორინგის დასაწყისში ხელს სტომატოლოგთა მხოლოდ 71% იბანდა, ხოლო ხელთათმანს 40% იყენებდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 97-100%-მდეა გაზრდილი. 

„კვლევა მიმდინარე წელს 10 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად ხორციელდებოდა. დეზინფექციის ხსნარით უზრუნველყოფა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჯერ გამოყენება და შემდეგ სწორად გამოყენება ხდება, თუმცა ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით დარჩენილია კიდევ 10%, სადაც ამ დრომდე არ ხორციელდება ინსტრუმენტების დეზინფექცია და მათზე კონტროლია გასამკაცრებელი“, - აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.

საბოლოოდ, კი ასეთი დამოკიდებულება აივ ინფექცია-შიდსის და ჰეპატიტების მკვეთრ გაზრდას იწვევს. სამივე დაავადებამ 2008-12 წლებში მკვეთრად იმატა. ბოლო მონაცემებით საქართველოში 4100 აივ ინფექცია-შიდსით ინფიცირებულია რეგისტრირებული, მათ შორის, თბილისის შემდეგ სამეგრელოს რეგიონი პირველ ადგილზეა 650 ინფიცირებულით, ხოლო ზუგდიდში 450 ადამიანია დაავადებული.

„ცე“ ჰეპატიტის გავრცელების მხრივ კი საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ექსპერტების გათვლით, ჩვენს ქვეყანაში, 200 000 ადამიანია ინფიცირებული, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7%-ს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სტომატოლოგიური საქმიანობის რეგულირების მიზნით, გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია დეტალები თუ რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ მიმართულებით. მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ამ სფეროში რეგულაციები გადასახედია და ლიცენზირების სისტემა აკრედიტაციის სისტემით უნდა შეიცვალოს. ლიცენზია გულისხმობს გარკვეული საქმიანობის უფლების უსასრულოდ მინიჭებას. ანუ, ლიცენზიანტმა კლინიკა რომ დაანგრიოს და მის ადგილას სულ სხვა ობიექტი გახსნას, ლიცენზიას მაინც შეინარჩუნებს, აკრედიტაცია კი დინამიკური კონტროლის მექანიზმია. სერგეენკოს განცხადებით, სტომატოლოგიური კლინიკის გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს შორის უნდა იყოს სათანადო მოცულობის ფართი, ვენტილაცია და დეზინფექცია. ამ პირობების შესრულებაზე კი მონიტორინგი უნდა დაწესდეს.