17 თემის ხევისბერები და „რიგითი სვანის“ სტატუსით ხაიშში ჩასული სასჯელაღსრულების მინისტრი და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი – ხუდონჰესის საკითხზე დღეს სვანეთში ორი შეხვედრა გაიმართა. ორივე მათგანი მედიისთვის დახურული იყო. უხუცესებმა ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ითათბირეს, სოზარ სუბარი და ვიქტორ ჯაფარიძე კი ადგილობრივებს ხაიშის საჯარო სკოლაში შეხვდნენ.
„ხალხი ისევ იმ აზრზე დარჩა, რა აზრზეც აქამდე იყო. ხატზეა დაფიცებული და არ დავიხევთ უკან. სასჯელაღსრულების მინისტრი და მაჟორიტარიც იყვნენ, ხუდონჰესის საკითხზე გამოსავალს ეძებენ, ყველა გამოსავალს ვეძებთ. ვფიქრობ, გამოსავალი იქნება ალტერნატიული ჰესების პროექტის განხილვა. ენერგეტიკის განვითარების წინააღმდეგი სვანები არ არიან“, - 0განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ for.ge–ს ხაიშის თემის რწმუნებულმა ოთარ ჭკადუამ.
მისი განმარტებით, მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების რამდენიმე პროექტი არსებობს და მათ შორისაა ოლეგ ბაშარულისა და სიმონ ბახტურიძის პროექტები.
ხელისუფლების წარმომადგენელებისა და ხაიშელების მიერ ხუდონჰესის ალტერნატიული პროექტებზე ერთობლივი მსჯელობის მომხრეა ხაიშის თემის რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ნიჟარაძეც. მისივე თქმით, უნდა შეირჩეს პროექტი, რომელიც არ დატბორავს ხაიშს და საქართველოსთვის მავნებელი და საზიანო არ იქნება.
„ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი და სოზარ სუბარი დაესწრნენ შეხვედრას, როგორც რიგითი სვანები, რიგითი ქართველები, მაგრამ, ისინი მაინც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ჩვენი მესიჯი უნდა მიიტანონ მთავრობაში. დავანებოთ თავი ყოვლად უსარგებლო პროექტზე ფიქრს და ვეცადოთ, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ყველამ ერთად ალტერნატივაზე. ალტერნატიული ვარიანტი შემუშავებულია უკვე ქართველი მეცნიერების მიერ და ამას გამოტანა უნდა დღის შუქზე, შემდეგ უნდა მოხდეს მისი კორექტირება ხალხთან კონსულტაციის გზით“, - განუცხადა for.ge–ს ზურაბ ნიჟარაძემ და განმარტა, რომ ხუდონჰესის დღეს მოქმედი პროექტით გათვალისწინებულ ადგილას და იმავე პროექტით განსაზღვრულ პარამეტრებში აშენებას მთელი სვანეთი შეეწინააღმდეგება.
ხუდონჰესისი მშენებლობის საკითხზე ხაიშელებსა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობს მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი. ვიქტორ ჯაფარიძე for.ge–სთან განმარტავს, რომ ხაიშის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული არაფერი გადაწყვეტილა და „ოქროს შუალედის“ მისაღწევად ადგილობრივებთან შეხვედრები უნდა გაგრძელდეს.
„გამოსავლის ძიებაშია სოფელიც და ჩვენც. ალტერნატივაზე მსჯელობს ხალხი. რადგან საუბრობენ ამაზე, ალბათ აქვთ რაღაც საფუძველი. ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ, მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსახლეობის აზრი და სახელმწიფოც არ უნდა დაზარალდეს. ქვეყანას ენერგეტიკის დარგის განვითარება სჭირდება, ბიზნესის კუთხით რომ მივუდგეთ ამ საკითხს, საჭიროა ეს, მაგრამ ხალხის აზრიც გასათვალისწინებელია. უნდა გამოინახოს გზები და ხაიშელებთან კომპრომისი უნდა შედგეს“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ხაიშის მაჟორიტარი დეპუტატი განმარტავს, რომ 6 თებერვლის შეხვედრები განსაკუთრებული არ ყოფილა, რადგან ხაიშში ხალხი ხუდონჰესის საკითხზე სამსჯელოდ ყოველდღიურად იკრიბება.
„მე, მაგალითად, შეხვედრაზე ამოვედი, როგორც რიგითი მესტიელი და არა როგორც პარლამენტის წარმომადგენელი. არ ვიცნობ ალტერნატიულ პროექტებს, მაგრამ უფალი აგვიხელს თვალს და გვაჩვენებს გზას – რა არის კარგი ალტერნატივა. ღმერთი შეგვეწევა იმაში, რომ მოსახლეობაც არ დაზარალდეს და ხელისუფლებაც კმაყოფილი იყოს მიღებული გადაწყვეტილებით. სწორედ, ამას ნიშნავს „ოქროს შუალედი“, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.
ამ დროისთვის ხაიშში „ხუდონჰესის“ მშენებელი კომპანიის მიერ წამოწყებული მიწების აზომვითი სამუშაოები შეჩერებულია. კომპანია „ტრანსელექტრიკა საქართველო“ ადგილობრივებს კუთვნილი მიწების დაკანონებაში დახმარებას საკუთარი ხარჯებით ჰპირდება. თუმცა, ხაიშელები მათ დახმარებაზე უარს იმ მიზეზით აცხადებენ, რომ მიწების აზომვა ხუდონჰესის პროექტის დაწებას უკავშირდება, ხუდონჰესი კი მათთვის მიუღებელია.
ხაიშში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლა უახლოეს დღეებში კვლავ იგეგმება. ხუდონჰესთან დაკავშირებით ადგილობრივებთან შეხვედრის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. სვანეთში ჩასვლას გეგმავს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. დაახლოებით ორ კვირაში მორიგ შეკრებას გეგმავენ ადგილობრივი უხუცესებიც.